ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დიდი შრომის შედეგად მიღწეული კეთილდღეობა და ემიგრანტი ქალის სატკივარი

დიდი შრომის შედეგად მიღწეული კეთილდღეობა და ემიგრანტი ქალის სატკივარი
8-04-2022, 12:35

,,ამ ყოფაში მხოლოდ მონატრება, სიყვარული და სიცო­ცხლის ჟინი მახსენდება. ამ სამ­ეულის ერთობლიობა ქმნის ფიქრს, რომელიც ისახავს მი­ზანს. მონატრებაა, შიგნით ყველაფერს რომ ანგრევს და ლეწავს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს და ვერავინ ხედავს. უფრო მეტად რთულია, როცა ის გენატრება, რომელსაც სააქაოს ვერ შეხვდები და ჭრილობა, რომელიც გაქვს, ისევ ღიაა, ისევ გახსნილია...
მახსოვს, ხუთი წლის წინ ემიგრაციაში წამოსვლის გადა­წყვეტილება მივიღე და ჩემს მო­ძღვარს რჩევა ვკითხე. გულ­და­ს­მით მისმენდა. ვგრძნობდი, რაოდენ დიდი იყო სიტყვა, რასაც ველოდებოდი. ბოლოს მან მითხ­რა: კურთხევას გაძლევ, ქეთევან! და მე წამოვედი..." - ლანჩხუ­თელი ემიგრანტი ქეთი ფირცხა­ლაიშვილი-ქაფიანიძე თავის ტკი­ვ­ილსა და სიხარულს, საინტერესო თავგადასავლების დე­ტა­ლებს დაუფარავად გვიზი­არებს.
_ არასოდეს მიოცნებია ემიგ­რაციაზე. ყოველთვის ვცდილ­ობდი, მესწავლა, აღმეზარდა შვილები და ცხოვრების ყველა ეტაპზე ვყოფილიყავი მათთან ახლოს, როგორც უფროსი მეგობარი. პედაგოგიური განათლება მაქვს უცხო ენების (ფრანგული) განხრით. პედაგოგობა, ასე ვთქვათ, ჩემს გენშია, მაგრამ იმ საშინელი 90-იანების დასა­წყის­­ში ვერ მოხერხდა ჩემი დასაქმება პროფესიით. მერე დავოჯახდი და ახალგაზრდა დედიკო გავხდი. დრო გადიოდა და მინდოდა, ისეთი რამე მეცადა, რაც ძალიან მომწონდა და მიტაცებდა; მსურდა სამედიცინო განათლება მიმეღო და დამეწყო სამსახური. ცოტა დაუჯერებლად ეჩვენებ­ოდა ჩემს მეორე "მეს", მაგრამ სწავლის უდიდესი სურვილი და მოტივაცია მქონდა. უსაყვარლეს პატარა გოგონებ­თან ერთად ვიჯექი ჯგუფში 30 წლის ასაკში. დიდი გულისყ­ურითა და ინტერესით მოვეკიდე ამ საქმეს, ჩავუღრმავდი ფარმაკოლოგიას. იოლი არაფერია, მით უმეტეს, როცა სამი შვილი გყავს, მაგრამ ეს ბარიერი არ აღმოჩნდა ჩემთვის, პირიქით - მინდოდა შვილებისთვის სამაგ­ალ­ითო ვყოფილიყავი. მსურდა ენახათ, რომ დედა მეცადინეობს და თუ იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. გოგონები სკოლაში სანიმუშოდ სწავლობდნენ, პატ­არა ბიჭუნა კი საბავშვო ბაღში იყო, სანამ ლექციებს მოვ­რჩებოდი. ჩემმა მონდომებამ შე­დეგი გამოიღო და უდიდესი ფა­რმაცევტული კომპანიის გუნ­დის წევრი გავხდი. პირველი კოლექტივი, სადაც მოვხვდი, უა­ღ­რესად მაღალკვა­ლი­ფი­ციური ფარმაცევ­ტებით იყო დაკომ­პლექტე­ბული. ისინი ცდილობდნენ ჩემს დახმარებას და ყო­ველდღიურად "ვიზრდებოდი", პასუხისმგებლობაც თანდა­თან მემატებოდა. სახლში დაბ­რუ­ნებული ვცდილ­ო­ბდი, რაც შე­იძლება ჩქარა მომეგვარებინა სა­ოჯახო საქმეები და დავმჯდა­რიყავი სამე­ცად­ინოდ. ეს პროცესი ყოველთვის მაბედნიერებდა. გა­მოცდებზეც უმაღლესი შეფას­ება დავიმსახურე და სრულფა­სოვანი ფარმაცევტი გავხდი. ბედ­ნიერებაა, როცა მომხმარებელი მოდის შენთან და მისი რჩეული ფარმაცევტი ხარ. გიზ­ია­რებენ სი­თ­ბოს და რე­კომენდაცი­ას იღ­ე­ბენ შე­ნგან. საოცარი გრძნო­ბაა, როცა ყვე­ლგან გცნო­­ბენ: ქუჩაში, ტრა­ნსპორტში, მაღაზიაში, ბაზარში... ყველანი თავისებურად ცდილო­ბდნენ მადლობის თქმას. მადლობა უფალს, ეს რომ შემაძლებინა.
- რამ გაიძულათ, ემიგრაციის გზას დასდგომოდით?
- პროფესიით ვმუშაობდი, მაგ­რამ ოჯახური მდგომარეობა არ მქონდა სახარბიელო. მეუღლე მყა­ვდა შეუძლოდ, ჯანმრთე­ლობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მისი მარტო დატ­ოვება არანაირ ფასად არ მი­ღირდა. მას ჩემი იმედი ჰქონდა. შრომის უუნარო იყო, ხშირად მწოლიარე მდგომარე­ობაში გახ­ლდათ. ბოლოს მდგომარეობა ძა­ლიან დაუმძიმდა და დაგვტოვა... სულ სხვა რეალობის წინ­აშე აღმოვჩნდი. კარგად უნდა დავფი­ქრებულიყავი და გამეანალიზებინა შექმნილი სიტ­უაცია. უფროსი გოგონები ძვი­რად ღირებული სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე იყვნენ, პატარა ვაჟი კი სკოლის მოს­წავლე გახლდათ. ძალა მოვ­იკრიბე, გარეგნულად თავი მოვიწესრიგე, ისევ ჩავიცვი ჩემი საყვარელი ხალათი, მაგ­რამ... ვერ შევძელი კარგად ყო­ფნა. ძალიან შევიცვალე, არავის ვესაუბრებოდი, მათ შორის - არც მომხმარებელს, რომელიც ასე მიყვარდა. თითქოს რობოტად გადავიქეცი, რომელსაც მხო­ლოდ ხელ­ფასი უნდოდა და სხვა არაფერი. ეს მე არ ვიყავი. ვფი­ქრობდი, ასე არ შეიძლება-მეთქი. ჩემს გოგ­ონებს გავუზიარე ჩემი მძიმე ფიქრები. ისინი ყველანაირად მანუგეშებდნენ. არც მათთვის იყო ეს იოლი, უდიდესი სტრესი გადავიტანეთ. არც ანტიდეპრესანტების მიღება მინდოდა. ბევრი ფიქრისა და მსჯე­ლობის შემდეგ გადავწყვიტე, საბუთები შემეგროვებინა და მეცადა ბედი ვიზის მოსაპოვებლად. საბუთ­ები მალევე შევა­გროვე და პასუხმაც არ დააყოვნა: ჩემდა გასაკვირად, ერთ კვი­რაში დადებითი ,,მულტი ვიზის" მფლობელი გავხდი. არც კი ვიცოდი, რას ნი­შნავდა ეს. ჩემმა საყვა­რელმა კო­ლექტივმა ულამაზესი გაც­ილება მომიწყო, მე კი მორჩი­ლად და თვალ­ცრემ­ლიანად გა­ვიხა­დე ჩემი თეთრი ხალათი.
- წასვლის გა­დაწყვეტილება რომ მიიღეთ, ამის შესახებ მოძღვარს თუ დაეკითხეთ?..
- დიახ, როცა წასვ­ლა-არწასვლას შორ­ის არჩევანს ვაკე­თებდი, მა­შინაც შავი სამოსი მეცვა და დავ­დიოდი ტაძარში, როგორც ჭეშმარიტი მართ­ლმადი­დებელი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და მაინც შემიპყრო შიშმა. გადავ­წყვი­ტე მამაოსთვის გამენდო ჩემი ფიქრი. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში არის ერთი ულამაზესი, წმინდა გიორგის სა­ხელობის პატარა ტაძარი, სადაც მსახურობს უკარგესი მამა ვახტანგი. მას ვთხოვე, დრო გამ­ოეყო ჩემთვის. დაველოდე და მის სენაკში შედგა ჩვენი აუდიენცია. ჩვენ ვისხედით ძალიან დიდხანს და მე მას ვუამბე ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ, თან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ის დიდი მოთმინებით მისმენდა, ცდილობდა ვენუგეშებინე, გზაც კი მასწავლა მოძალებული დეპრესიის დასაძლევად. ბოლოს ვკითხე, რას ფიქრობდა ემიგ­რაციასთან დაკავშირებულ ჩემს გადაწყვეტილებაზე? მისი მო­თმი­ნება და გულისხმიერება ერ­თობ შესაშური იყო. მას არ­სად ეჩქარებოდა. იშვიათია დღეს ასეთი მამაოები. მადლობა მას ჩემს ცხოვრებაში დროულად გამოჩენისთვის. მითხრა, - წას­ვლის კურთხევას გაძლევ, ქეთ­ევან, მხოლოდ ერთი პირობით, ვაჟის დატოვებას არ გირჩევ. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს ერთი თვის მანძილზე ვერ იშ­ოვი, პირობა მომეცი, რომ უკან დაბრუნდებიო. მეც შევპირდი, აუცილებლად-მეთქი. ბოლოს მი­თხრა, - ნუ გეშინია, შვილო, სიკეთის გზაზე წასულ კაცს უფალი სულ თან დაჰყვება თანამგზავრადო. ეს შეგონება ჩემს ცხოვრებას წითელი ხა­ზივით გასდევს. იქიდან ისეთი წამოვედი, არანაირი ბნელი ფიქრი, დეპრესია, დარდი არ მახსოვდა, ჩიტივით ლაღად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სა­ხ­ლში დაბრუნებული უკვე სხვა ვიყავი... მერე კი ისე სა­სწაულებრივად გამოჩნდა ყველაფერი, ფინანსები ისეთი სწრაფი ტემპით დალაგდა, რომ ახ­ლაც არ მჯერა, ეს მე თუ გადამხდა...
- როგორი იყო ემიგრაციის პირველი დღეები?
- საოცარია ბარსელონა. ხუთი წელია, აქ ვარ და კიდევ მაოცებს. პირველად თავი ყრუ-მუნჯი მეგონა. ხალხი მოსიყვარულე, ღიმილიანი სახით დადიოდა, სრულიად უცხონი მე­სალმებოდნენ, მე კი ჩემი პატივისცემის გამოსახატავად თავს ვხრიდი ხოლმე, ჩუმად ვბედავდი "ოლლას" თქმას. მიზნად დავისახე, ესპანური სასწრაფოდ მესწავლა.
_ პირველი სამუშაო რა იყო?
_ მულთან ჩამოვედი, პრო­ფე­სიით ისიც ექიმია, მაგრამ სა­მწუხაროდ, მასაც ემიგრანტობა მოუხდა. ის ჩემი უსაყვარლესი ქეთია. ჩვენ ორნი ვართ - დიდი და პატარა ქეთი. მას საოცარი სიყვარული და თანადგომა შეუძლია. მომატარა ყველაფერი და მაიძულა, შავი სამოსი გამეხადა, რომელსაც წესისამებრ ვატარებდი. უამრავი ლამაზი ტან­საცმელი მიყიდა და მითხრა: რადგან ჩამოსვლა გადაწყვიტე, აქაურ რეალობას უნდა მოერგოო. ის ჩემთვის უფლისგან მო­ვლენილი გზამკვლევია. მისი ხელშეწყობით დავიწყე მუშაობა და მალე ჩემი ვაჟიც წამოვიყვანე. ჩვენ ერთმანეთის იმედები ვართ აქ.
პირველად მუშაობა 93 წლის ბებოსთან დავიწყე, რომელიც ალ­ცჰაიმერით იყო დაავადებული და მხოლოდ კლასიკური მუ­სიკის ჰანგების ფონზე მშვი­დდებოდა. მე დისკების შეცვლა მევალებოდა 24 საათის მან­ძილზე. ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო იყო ეს საქმე. ამ დაავადების სამკურნალოდ, ბო­ლო დროს მედიცინაში დანერ­გილია მუსიკოთერაპია, რითაც განკურნება არა, მაგრამ სულ ცოტა პროგრესი მიიღება, გა­აჩნია ალცჰაიმერის ფაზას. მე მიყვარს მუსიკა, მხატვრობა, ხელსაქმე. თავადაც ვუკრავდი ხალხურ საკრავებზე და ჩემს ოჯახშიც ყველა მღეროდა. ახლა მხოლოდ მსმენელი ვარ გემ­ოვნებიანი მუსიკის...
- კონკურსში ,,ემიგრანტის წე­რილები" მონაწილეობდით, რომე­ლშიც ერთ-ერთ გამარჯვებულად დაგასახელეს. ემოციური წერილი იყო...
_ კონკურსში სპონტანურად ჩავ­ერთე, არც გამარჯვებას ველოდი და არც ამხელა ინტერესს. თუმცა, გულიდან წამოსული ყველა სიტყვა ჩავწერე, რაც უამრავ ადამიანამდე "მივიდა". სრულიად უცხონი მწე­რდნენ, მლოცავდნენ, მეფერებოდნენ და ეს ხომ ყველანაირ ჯილდოზე დიდი ჯილდოა. დღეს ადამიანებს თბილი სიტყვის თქმა უჭირთ. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორს - მზია წულუკიძეს. მე ვამაყობ, რომ ის ჩემი, ასე ვთქვათ, ბავშვობის მეგობარია. ძალიან დიდი ქველმოქმედია და გულშემატკივარი ყველა შეჭირვებულის. წარმატებას ვუსუ­რვებ მას და ყველას, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლია...
მინდა გითხრათ, რომ ოჯახებში, სადაც ვიმუშავე, ყველგან გამიმა­რთლა. მე თავს მოახლედ არ ვგრძნობ. ვარ დამხმარე. ვეხმარები ადამიანებს, რომ მათ მშობლებს ცოტა ხნით მაინც გავუხანგრძლივო ცხოვრება, მივეშველო. რომ არა ჩვენ, დამსაქმებლები ვერ დაის­ვენე­ბენ ძვირად ღირებულ კუნძულებზე ანუ ხელი ხელს ჰბანს, ისინი გვაძ­ლევენ საქმეს და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვუქმნით მათ დასვენებისა და თავისუფლად ცხოვრების კომფორტს. თუ ამ კუთხით შევხედავთ ყველაფერს, საქმე გაცილებით იოლი და სახალისო გეჩვენება ადამიანს. "განწყობის თეორია" - ეს უდიდესი მონაპოვარი დაგვიტოვა დიმიტრი უზნაძემ.
_ დაბოლოს, პირადად თქვენ და ზოგადად, ემიგრანტებს რა გაკ­ლიათ ან გენატრებათ შორეულ ესპანეთში?
_ მინდა ვისურვო, რომ ემიგრანტი ქალი არ ასოცირდებოდეს დაბეჩ­ავებულ, მოწყენილ, მოტირალ პერს­ონაჟთან. ჩვენ აქ ხომ დროებით ვართ და უნდა ვეცადოთ გავძ­ლიერდეთ, მისაბაძი ვიყოთ. ბევრი საამაყო მეგობარი შევიძინე ემიგ­რაციაში, რომლებმაც მსოფლ­იოს გააცნეს თავიანთი სამშობლო საკუთარი შემოქმედებით, ადამია­ნო­ბით... და მე ვამაყობ ასეთი ქართველებით! თუმცა, ის, რაც ყველა ემიგრანტს აწუხებს - ეს ნამდვილად, დიდი მონატრებაა და ეს ჩვენი პირადი სატკივარია, სულ ჩვე­ნთანაა. მე მენატრება ჩემი პატარა "სიცოცხლის სამოსახლო", ჩემი გურია და უკვე ასაკში მყოფი მშობლები, რომლებიც ყოველთვის მეკითხებიან: "როდის ჩამოხვალ? როდის?.." ასევე თბილისში, სახლში მელოდება ორი ქალიშვილი, რომლებიც უკვე შემდგარი და წარ­ჩინებული გოგონები არიან და ერთ-ერთ კომპანიაში წამყვან სპეციალისტებად მუშაობენ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანა­დგომისათვის, მეგობრობისთვის, რაც ჩემს სიმ­შვიდეს განაპირობებს. მინ­და გავიმეორო ჩემი ბებოს სიტყვები, რომ შვილებით მდიდარი დედა ვარ. მადლობა უფალს ამ ჯილ­დოსთვის. დაბოლოს, ნება მომეცით, ასე დაგემშვიდობოთ: მე აუცილებლად დავბრუნდები, ოცნებას აუცილებლად ავისრულებ და ყველას მო­გეფერებით...
დიდი სიყ­ვარულით, თქვენი ქეთი, ბარს­ელონიდან.

ჟურნალი ,,გზა"

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 202
FACEBOOK კომენტარები