გურიასთან ჩემი ცხოვრებით, მშობლიური ფესვებით ვარ დაკავშირებული. ოზურგეთში დავიბადე, აქ მივიღე პირველი სპორტული ნათლობაც და ვეზიარე პირველი გამარჯვების სიხარულსაც. ჩემი კუთხე და ქვეყანა ჩემთან იყო შორეულ პეკინშიც, ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლაში და მე ის ბრძოლა მოვიგე... მე მოვიგებ ამ ბრძოლასაც, რომელშიც ახლა შევდივარ. მართალია, პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაქვს დიდი მოტივაცია, ვიბრძოლო ჩემი გურიისთვის ახლა უკვე სხვა პოლიტიკურ სარბიელზე. ჩემი ეს გადაწყვეტილება პასუხია იმ გამოწვევების, გადაულახავი სირთულეების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არსებობს. მე ვერ დავრჩები სპორტულ სამყაროში მშვიდად, ერთგვარ კომფორტის ზონაში, მაშინ როცა ჩემს ირგვლივ ტოტალური სიდუხჭირე, უმწეობა, შიში და განუკითხაობაა. მე ვერ ვეტყოდი უარს იმ ადამიანებს, ჩემს გურულებს, მეგობრებს, უბრალოდ ნაცნობებს, რომლებიც ყოველ ჯერზე, გულწრფელად მთხოვდნენ უსამართლობის, უკანონობისა და უმუშევრობის წინააღმდეგ მებრძოლა მათთან ერთად და მათთვის პარლამენტის ტრიბუნიდან. მე არ და ვერ დავჯერდებოდი გვერდიდან მაყურებლის როლს იმ დროს, როცა ქვეყანა არა ერთ-ერთი რიგითი საპარლამენტო არჩევნების, არამედ პრინციპული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დგას.
დიახ, აქ და ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი შვილების, ოჯახების, მათ შორის მეექვსე შვილის მომლოდინე ჩემი ოჯახის მომავალიც, ამიტომ ვდგევარ მე აქ სხვაგვარად არ ძალმიძს! მე კარგად ვიცი რა აწუხებს გურიას, რადგან ერთი თქვენთაგანი ვარ, ჩვეულებრივი ოზურგეთელი ოჯახიდან. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად თავს არ დავზოგავ თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისთვის, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო შევქმნათ, ადგილობრივი წარმოება განვავითაროდ, ტურიზმი გავაფართოვოდ, სოფელი ფეხზე დავაყენოთ, ახალგაზრდებს სწავლის და ჯანსაღი ცხოვრების გარანტიები შევუქმნათ, ვიბრძოლებ, რომ კეთილდღეობა და წინსვლა თითოეულ ოჯახს შეეხოს.
პარლამენტის მანდატი ჩემთვის პრივილეგია კი არა, უზარმაზარი პასუხისმგებლობა ინება, რომელიც ერთი წამით მოდუნების უფლებასაც კი არ მომცემს. და მე გპირდებით, არ დავიღლები, არ დავმარცხდები იმ ბრძოლაში, რასაც გურიის თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე სვლისთვის ბრძოლა ჰქვია.
მე ვიცი გამარჯვების ჟინი, მევიცი გამარჯვების ფასი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
მანუჩარ კვირკველია
ფართი დაფინანსებულია
ჩემო გურულებო!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 194