რისთვის გვჭირდებიან დეპუტატები, თუ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მიმართვას, შეკითხვას, მოსაზრებას მნიშვნელოვან საკითხზე არ გაეცნობიან და დროულად არ უპასუხებენ?!
მხედველობაში მაქვს 2 მარტს გურიის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატების: არჩილ თალაკვაძის, ნინო წილოსანის, ვასილ ჩიგოგიძის სახელზე გამოქვეყნებული მიმართვა, რომელიც ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოების მთავარ საქმედ გამოცხადებას და მოსახლეობისათვის დახმარების აუცილებლობას ეხებოდა.
23 მარტს შეხსენების მიზნით მეორედ გამოვაქვეყნე იგივე მიმართვა, მაგრამ პასუხი ამჯერადაც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვა სამივე დეპუტატის პირად გვერდზე მოინიშნა.
როცა არ პასუხობენ გასაგებია. ესეც თავისთავად პასუხია, რაც პირველ რიგში საკითხის მიმართ უინტერესო და უარყოფით დამოკიდებულებას ნიშნავს. ასეთი დამოკიდებულება და უყურადღებობა ამ კონკრეტული საკითხის მიმართ საშიშია და მიუღებელი. თუ ომს და ბომბებს გადავურჩებით, მეორე უბედურებაა მოსალოდნელი. წლის ბოლოდან დაცარიელებული ბაზრებისა და მაღაზიების ფონზე თუ ზამთრის მარაგი არ გვექნა, მთელი სიმწვავით დადგება შიმშილისაგან თავის გადარჩენის პრობლემა, ამიტომ დეპუტატებს ამჯერად მესამედ მოგიწოდებთ: საწვავზე და სასუქზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო მთავრობაში განიხილეთ მოსახლეობაზე მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობა, რომ თვითეული მეტრი მიწიდან მივიღოთ მოსავალი.
მანამდე კი ერთმა ადამიანმა, რომელსაც დეპუტატებისაგან დადებითი პასუხის მოლოდინი ჰქონდა, ასეთი რამ თქვა. ,,მაგენს რა ენაღვლება, 100 დოლარი რომ გახდეს ერთი ცალი პური, მაინც იყიდიან. ჩვენ რა გვეშველება".
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი