მინდა მოგიყვეთ აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარ, ჩემს სულიერ მოძღვარ, მამა იოანეს შესახებ.
ეს არის ადამიანი, რომლის მსგავსი დღევანდელ ცხოვრებაში ძნელად თუ მოიძებნება. უპირველესად მასში კარგად შეიმჩნევა, რომ უკეთილშობილესი დედის აღზრდილია, რაც მის ყოველდღიურ ყოფაში შეიმჩნევა.
ჩვენს რაიონში ბევრი ადამიანი იცნობს მამა იოანეს და მამა ელისეს. ყველა მათგანს თავისებური სიყვარული აქვს ამ ორი სასულიერო პირის მიმართ და ეს სიყვარული ნამდვილი და წრფელია...
ვინც კი იცნობს ამ ორ ადამიანს, დამერწმუნება იმაში, რომ აცანის მამათა მონასტერში სრული სამოთხე აქვთ, აქ დიდი სიყვარული და მადლიერება ტრიალებს. ამ გარემოს მადლს მატებს მგალობელი ქალების გალობა-ლოცვა. მათი ლოცვა-კურთხევა იფრქვევა უხვად.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მამა იოანე ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. იგი, ვფიქრობ, მისაბაძი მაგალითია აცანისა და სრულიად ლანჩხუთისთვის. ბევრი ასეთი სულიერი მამა მინდა იყოს ჩვენს რაიონში.
ჩემი ტრაგედიიდან ერთი წელიც არ არის ჯერ გასული. მინდა ვთქვა, რომ ეს ტრაგედია ჩემთან ერთად მამა იოანემ იტვირთა და მასთან ერთად მოვდივარ დღეს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი.
დღეს თუ ვდგავარ ფეხზე, ეს მამა იოანეს დამსახურებაა. ამბობენ, ცხოვრებაში როცა დიდ განაცდელში ხარ, უფალი გიგზავნის თავის ანგელოზს, ადამიანს, რომელიც ამ დიდ ტვირთს გიმსუბუქებს. ეს არის ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა იოანე. მასთან ერთად თითქოს მსუბუქდება ჩემი ყოველი დღე.
მამა იოანე, ღმერთმა მაჩუქა მე შენი სახით ადამიანი, რომელმაც შთამაგონა, რომ ცხოვრების გაგრძელება შეიძლება... ჩემთვის დიდი ბედნიერებააა, რომ ჩემს გვერდით დგახართ!..
მადლობას გიხდით ჩემი მოსმენისთვის, ჩემი ცრემლის თანაზიარობისთვის, ლოცვისთვის, სიყვარულისთვის!..
თქვენ არა მარტო ჩემთვის, ბევრი ადამიანისთვის ხართ დასაყრდენი და საიმედო. მხოლოდ თქვენ გრძნობთ და უფალი, ჩემი ბიძინა თუ როგორ მიყვარს, უთქმელად გესმით ჩემი, ეს ის ადამიანობაა, რასაც ბევრში ვერ დაინახავ....
მე თქვენს სამოთხეში მეგობრები შევიძინე და ყოველ კვირას ველოდები, რომ შევივსო დაცარიელებული სული...
ოქონას მონასტერში თქვენი ლოცვა-კურთხევით ჯვარი დაგვწერეთ, ჩვენს სიყვარულს სანთელი აუნთეთ და მჯერა, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩემი ბიძინას სულს სანთელს აუნთებთ და გულშიც ლოცულობთ მისთვის.
მინდა, ძალიან დიდხანს, დიდხანს იყოს თქვენი ღვთისმსახურება, ბევრი ადამიანის გული გაათბოთ და თქვენი ლოცვა ცამდე ავიდეს, რადგანაც თვით ღმერთია სიყვარული.
ღმერთმა დაგლოცოთ!
მრავალჟამიერ თქვენს ღვთისმსახურებას მამა იოანე!
ნინო ჩახვაძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 006



