შობის სადღესასწაულო ლიტურღია ჩატარდა აცანის სამივე წმინდა სალოცავში: წმინდა ნინოს ტაძარში, ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარში და სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ეს ნამდვილად უიშვიათესი შემთხვევაა, თუ ერთადერთი არა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ სოფელში სამ ტაძარში აღევლინა წირვა-ლოცვა. საერთოდაც, ჩვენი ინფორმაციით, აცანა ერთადერთი სოფელი უნდა იყოს საქართველოში, სადაც ამდენი მოქმედი ტაძარი ფუნქციონირებს. გარდა ზემოთ ხსენებული სამი ტაძრისა, ამ სოფელში კიდევ ერთი სალოცავი დგას კვიჭიძეების უბანში. უნდა აღინიშნოს, რომ შობის ღამეს სამივე ტაძარში მრევლის სიმრავლე თვალში საცემი იყო, რაც ნამდვილად სასიხარულოა. სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა ააშენა, ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარი ბიზნესმენმა სოლომონ ჩხაიძემ(ბადრი წილოსანის დისშვილმა), ხოლო სიონის უბანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ძმებმა ზაზა და ზვიად ჩხაიძეებმა. ისიც ხაზგასასმელია, რომ სამივე ტაძარში ადგილობრივი მამათა მონასტრის მღვდელმსახურები ატარებდნენ სადღესასწაულო ლიტურღიას. ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარში აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი და არქიმანდრიტი მამა გაბრიელი (კახელაშვილი) წირავდა, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდელმონაზონი მამა იოანე (კვარაცხელია), ხოლო სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზონი მამა ელისე (ადეიშვილი) ატარებდა სადღესასწაულო წირვა-ლოცვას. სამივე მამაო ახალგაზრდაა, არც ერთი მათგანი 40 წელს გადაცილებული არაა, ღვთის წყალობით ახალგაზრდული ენერგიით ახერხებენ იმას, რომ სოფლის ოთხივე სალოცავში სისტემატიურად ტარდება წირვა-ლოცვა.
დიდი ხნის განმავლობაში, კომუნისტური რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიების და ეკლესია-მონასტრების ნგრევის გამო, აცანაში შეწყვეტილი იყო ეკლესიური ღვთისმსახურება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სოფელში სალოცავი აღარ იდგა. ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა, რომელიც აცანელია(პარლამენტარ ნინო წილოსანის მამა) შეძლო და საკმაოდ დიდი ტაძარი ააგო სოფლის ცენტრში, რომელსაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ეწოდა. მანამდე ძმებმა კვიჭიიძეებმაც ჩაუყარეს პატარა სალოცავის მშენებლობას საფუძველი, რომელიც გასულ წელს საბოლოო ფორმაში სოლომონ ჩხაიძემ მოიყვანა, ამის შემდეგ სიონის უბანში ძმებმა ზაზა და ზვიად ჩხაიძეებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აშენება შეძლეს, ცოტა უფრო გვიან კი ბიზნესმენმა სოლომონ ჩხაიძემ მოახერხა და იმ ადგილას, სადაც ისტორიული ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ნანგრევები იყო, დიდებული ტაძარი ააშენა. 2009 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით, აცანის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელმონაზონი გაბრიელი(კახელაშვილი), რომელიც მაშინ 28 წლის იყო. მამა გაბრიელი წარმოშობით თბილისის ახლოს მდებარე სოფელ კუმისიდან გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია, მაგრამ უკვე 21 წლის ასაკიდან გადაწყვიტა თავი სამონანასტრო ცხოვრებისთვის მიეძღვნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ჯუმათის მამათა მონასტერში მორჩილი იყო და სამონასტრო საქმიანობაში ეხმარებოდა არქიმანდრიტ მიქაელს. ბერად აღკვეცის შემდეგ, ის მალევე ეკურთხა ბერ-დიაკვნად, მამა გაბრიელი შემოქმედელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდა ათონის წმინდა მთაზე მოსალოცად. ამის შემდეგ კი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით ინიშნება აცანის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად, სადაც ასევე მალე გაიარა რამდენიმე იერარქია, ჯერ მღველმონაზონი გახდა, შემდეგ იღუმენი, ახლა კი არქიმანდრიტი გახლავთ. მამა გაბრიელი აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარია. თავდაპირველად ის ცხოვრობდა ერთ-ერთი აცანელის გრიგოლ ჩხაიძის სახლში, რომელიც მან დიდსულოვნად დაუთმო მონასტერს, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს სახლი მონასტრის საძმოსთვის და მოსული სტუმრებისთვის გამოსადეგარი ვერ იქნებოდა. გარდა მონასტრის საძმოსა, მამა გაბრიელი ბევრ მზრუნველობამოკლებულ ადამიანსაც უწევდა დახმარებას და თავისთან აცხოვრებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელი მაინც გაატარა ამ სახლში მამა გაბრიელმა. კვლავ გამოიჩინა კეთილი ნება ბადრი წილოსანმა და წმინდა ნინოს ტაძრის გვერდზე_ საკმაოდ კარგი მამათა მონასტერი ააშენა, რამაც ბევრი პრობლემა მოხსნა. მონასტერს ხშირად სტუმრობს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, არქიმანდრიტები, იღუმენები, მღველმონაზვნები. აქ მოსულა და წასულა ბევრი მორჩილი, მაგრამ ორმა მათგანმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გული აცანას და მის ეკლესია-მონასტრებს. ესენი არიან მღვდელმონაზვნები_მამა ელისე და მამა იოანე. მამა ელისე წარმოშობით ოზურგეთის სოფელ მელექედურიდანაა, ერისკაცობაში ირაკლი ადეიშვილი. მამა გაბრიელი თავიდანვე ხვდებოდა, რომ მორჩილი ირაკლი სოფელ აცანაში დიდხანს დარჩებოდა და მონასტრულ ცხოვრებას აირჩევდა. მალევე, მამა გაბრიელის რეკომენდაციით და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ხელდასმით მორჩილი ირაკლი ბერად აღიკვეცა და მამა ელისე გახდა. ამის შემდეგ, ის ჯერ ბერ-დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდელმონაზონად. ახლა ის მონასტერში მამა გაბრიელის კურთხევას ასრულებს და სოფლის ეკლესიებში წირვა-ლოცვებსაც ატარებს. რაც შეეხება მამა იოანეს, ერისკაცობაში ლევან კვარაცხელიას, ის წარმოშობით სამეგრელოდანაა, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება თბილისში გაატარა. აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტერში მოსვლის დღიდანვე მან დიდი სიყვარული მოიპოვა როგორც მამა გაბრიელის, ასევე მოსახლეობის გულში. დიდი ხანი არაა, რაც ის ბერად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელმონაზონად და ისიც მამა ელისეს მსგავსად, ეხმარება მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ გაბრიელს წირვა-ლოცვის ჩატარებაში. დასაფასებელია, რომ როგორც მორჩილობის პერიოდში ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ წინამძღვრის ლოცვა-კურთხევას მამა ელისე და მამა იოანე, ასეთივე მორჩილებით აგრძელებენ დღესაც კურთხევის შესრულებას, როდესაც უკვე მღვდელმონაზვნები არიან. მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ მონასტრის საძმო კიდევ უფრო გამრავლდეს და რაც მთავარია, მრევლმა დაიწყოს ტაძრებში სიარული. მართლაც დიდებული იყო, როდესაც შობის ღამეს ყველაზე მეტი სადღესასწაულო ზარის ხმა სოფელ აცანიდან ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გაფრთხილება და გვერდით დგომა სჭირდება!
თორნიკე ჯიჯიეშვილი
უპრეცედენტო შემთხვევა, აცანაში შობის ღამეს ერთდროულად სამ ტაძარში ჩატარდა სადღესასწაულო ლიტურღია!
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 147