17-24 ივნისამდე ქ. ბათუმში გაიმართა ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა სპორტული ცენტრის (დირექტორი დ. მარშანიშვილი) 14 მოჭადრაკე. გათამაშება 4 კატეგორიაში გაიმართა: ასაკობრივი 8-10-12 და ღია ტურნირი 20 წლამდე. შვეიცარული სისტემა 7 ტურად.
რვა წლამდე გოგონათა შორის ღირსეულად იასპარეზა 6 წლის ანასტასია ებრალიძემ, რომელმაც 4 ქულით გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მეხუთე საპრიზო ადგილზე გავიდა ნინი ებრალიძე. ბიჭებს შორის 5,5 ქულა დააგროვა ნიკოლოზ ჟორდანიამ, მან მხოლოდ ერთი პარტია წააგო, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების გამო, მხოლოდ მე-4 საპრიზო ადგილს დასჯერდა. ძალიან კარგად იასპარეზეს ჩვენმა პატარებმა, 5 წლის დაჩი ზარნაძემ და საბა ებრალიძემ და 6 წლის საბა ყეინაშვილმა, რომლებმაც 4-4 ქულით საპატიო ათეულში დაიკავეს ადგილი. ლანჩხუთელთა ტრიუმფით დასრულდა 10 წლიან გოგონათა ჩემპიონატი I-II ადგილზე გავიდნენ ლანჩხუთელები სარა ცომაია და ანასტასია კვირკველია. მათ თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ კოეფიციენტი უკეთესი აღმოაჩნდა და ჩემპიონი გახდა ჩიბათის საშუალო სკოლის მოსწავლე სარა ცომაია. მესამე ადგილი თბილისელმა ბარბარე მიქელაიშვილმა დაიკავა. კარგად იასპარეზა ბიჭებში სპარტაკ ხუნთელიამ, რომელმაც ოთხი ქულა დააგროვა. 12 წლიან გოგონებში ბრწყინვალედ იასპარეზა ჩვენმა ტიტულოვანმა, ლილე ფირცხალაიშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკივა თავისი კლასი და დიდი კონკურენციის პირობებში ჩემპიონობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში ლიდერ ლიზი ვასაძეს ერთი ქულით ჩამორჩებოდა და კომპიუტერულმა კენჭისყრამ სწორედ ეს ორი მოჭადრაკე დაუპირისპირდა ერთმანეთს. ლილეს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, მან ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ღირსეულად მოიპოვა ოქროს მედალი. ლილე ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.
მოსწავლეთა შედეგების მიხედვით გაიმართა მწვრთნელთა კონკურსი, შეირჩა ხუთი საუკეთესო, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ტურნირის საუკეთესო მწვრთნელი გახდა სპორტული ცენტრის მთავარი მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი.
ბავშვები შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვთნელებმა: ადამი ხუხუნაიშვილმა, ტარიელ ხუხუნაიშვილმა და ნუგზარ გვარჯალაძემ.
რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ბათუმი 2022

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 637