ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელ მოჭადრაკეთა დიდი წარმატება

ლანჩხუთელ მოჭადრაკეთა დიდი წარმატება
16-03-2017, 00:00

ლანჩხუთელ ნორჩ მოჭადრაკეთა გუნდი სოლიდური გუნდით წარსდგა შეჯიბრებაზე. პირველი სიხარული 8 წლიანთა გათამაშებაში 7 წლის ლილე ფირცხალაიშვილმა მოგვიტანა, რომელმაც მთელი ტურნირი სტაბილურად გაიარა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი მან მხოლოდ კოეფიციენტით დათმო. ბიჭებში გამოვიდა 7 წლის გიგა კვერენჩხილაძე, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ჭადრაკში მეცადინეობს შეძლო შვიდიდან სამი გამარჯვების მოპოვება და საშუალო მაჩვენებლით დაამთავრა ტურნირი (ლილეს და გიგას მწვრთნელია ადამი ხუხუნაიშვილი). 10 წლიანთა გათამაშებაში 5 ჩვენი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ორი გოგონა და სამი ვაჟი. ძალიან კარგად იასპარეზა მიხეილ აფხაზავამ. მიშიკომ რამდენიმე პარტია მაღალ დონეზე ლამაზ სტილში ჩაატარა და დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი). სამწუხაროდ, არ გაუმართლა ტურნირში #1 ფავორიტად შერაცხულ გივი ზოიძეს, რომელიც ზედ ტურნირის წინ გაცივდა და პირველი სამი პარტია მაღალი სიცხით ითამაშა. მიუხედავად ამისა, იგი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, იგებდა გადამწყვეტ პარტიას 10 წლიანთა ჩემპიონ მათე სილაგაძესთან, მაგრამ გაუმართლებელი რისკი გასწია უკეთეს პოზიციაში და ამ წაგების გამო მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა პრიზიორებს. მან მეხუთე-მეშვიდე ადგილი გაიყო (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი). მესამე ბიჭი მონაწილე გიორგი ჯვართავა იყო, რომელმაც ტურნირი სამი ქულით დაამთავრა (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი). 10 წლიან გოგონათა ტურნირში მონაწილეობა მარი ჩხაიძემ და მარიამ სარიშვილმა მიიღეს. ბრწყინვალედ იასპარეზა მთლიანად ჩვენი გუნდის ლიდერმა მარიამ ჩხაიძემ (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი). მან მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარა და ლანჩხუთის ჭადრაკის ისტორიაში პირველად მიიღო საქართველოს ჩემპიონატის (თუნდაც დასავლეთ ზონის) გამარჯვებულის სტატუსი. მან უკან მოიტოვა უძლიერესი ფოთის საჭადრაკო სკოლის, ქობულეთისა და ოზურგეთის წარმომადგენლები. კარგად იასპარეზა მარი სარიშვილმაც, რომელმაც გარდა იმისა, რომ დაიკავა გამსვლელი მეხუთე ადგილი, დიდი ბრძოლა გაუმართა ბოლო ტურში ფოთელ სანიკიძეს, დაამთავრა მასთან შეხვედრა ფრედ და ამით თანაგუნდელი მარიამ ჩხაიძის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე). ძალიან ძლიერი შემადგენლობის იყო 12 წლიანთა ტურნირი, აქ საქართველოს თითქმის ყველა ძლიერი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას და რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ შემადგენლობაში შეძლო ჩვენმა გიორგი ფირცხალაიშვილმა მესამე საპრიზო ადგილს დაკავება (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი), რომელმაც ბოლო ტურში, გადამწყვეტ შეხვედრაში უაღრესად რთულ ბრძოლაში დაამარცხა ამ ასაკში საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგიანი მოჭადრაკე ფოთელი ყალიჩავა. ამ ასაკში მეხუთე, გამსვლელი ადგილი მოიპოვა თენგიზ სტურუამ (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი). მართლა გასაოცარი და შთამბეჭდავია ჩვენი სპორტული ცენტრის (დირექტორი გურამ იმნაიშვილი) მოჭადრაკე ბავშვების გამოსვლა საქართველოს ჩემპიონატზე, მით უფრო თუ რა მძიმე პირობებში მუშაობენ ჭადრაკის მწვრთნელები, რომელთაც უკვე შენობაც აღარ აქვთ და დროებით სხვადასხვა ადგილებში არიან თავშეფარებულები. მშობლები და ბავშვები თავიანთ თვალით ხედავდნენ თუ რა სუპერთანამედროვე პირობები აქვთ შექმნილი ფოთში ადგილობრივ მოჭადრაკეებს. ამ მხრივ საქართველოს ყველა ქალაქში მოწესრიგებულია მდგომარეობა და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთანაც დაიწყება სასიკეთო ძვრები ამ მიმართულებით. და კიდევ, ჩემპიონი და კიდევ ორი პრიზიორი სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები არიან. აღსანიშნავია გიმნაზიის პრორექტორის, დეკანოზ მირიანის (ფირცხალაიშვილი) და სასწავლო ნაწილის გამგის, ლევან გიორგაძის მუდმივი ზრუნვა ამ ბრძნული თამაშის პოპულარიზაციისთვის საკუთარ დაწესებულებაში, მათ კარგად ესმით თუ რაოდენ დიდ და სასიკეთო კვალს ტოვებს ეს თამაში მოზარდის სულიერ და ზნეობრივ ჩამოყალიბებაში და შედეგიც არ ახანებს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები