ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჰო და არამ~ გრფფ-ის ოზურგეთში გადატანის მორიგი სქემა გაშიფრა!

`ჰო და არამ~ გრფფ-ის ოზურგეთში გადატანის მორიგი სქემა გაშიფრა!
15-03-2017, 00:00

დიდი ხმაური მოჰყვა გრფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დავით მუჯირის განცხადებას, რომ რეგიონული ოფისი ოზურგეთში გადააქვს! `სურვილი მაქვს სუპერთასის მატჩი მომავალ წელს ოზურგეთში ჩავატარებინო. ამისთვის თქვენს სტადიონს ისე გავაკეთებინებ, როგორც საჭიროა. შარშან მარტვილში ჩატარდა. არა მგონია, ოზურგეთელებმა მარტვილელებზე ნაკლებად გავართვათ თავი ამ ამოცანას. დიახ, ოფისი ოზურგეთში გადმოვა. გურიის სათავო ქალაქი ეს არის, გუბერნიაც აქაა, ასე აჯობებს როგორც ფეხბურთის რეგიონული ფედერაცისთვის, ისე პირადად ჩემთვის, აქაური, მაკვანეთელი კაცი ვარ, აქ მაქვს სახლი და კარი~ _ ამ განცხადების შემდეგ ლანჩხუთის საფეხბურთო საზოგადოებამ პრეზიდენტობის კანდიდატს ლამის `ნიუნბერგის პროცესი~ მოუწყო. მართალია, დავით მუჯირი უფროსი ზემონახსენებ განცხადებას უარყოფდა, თუმცა ვერ იძლეოდა პირობას, რომ ოფისს ოზურგეთში არ გადაიტანდა. ამას ლანჩხუთელთა პროტესტი მოჰყვა და მუჯირმა უკან დაიხია _ წესდებაში ჩაწერეს, რომ ოფისი ლანჩხუთშია! სხვა გზა მას, უბრალოდ, არც ჰქონდა _ გრფფ-ის საარჩევნო ყრილობაში მონაწილე 7 სუბიექტიდან 4 ხმა ლანჩხუთს ეკუთვნის, შესაბამისად, ლანჩხუთის პროტესტი არჩევნებს ჩაშლილად აცხადებდა, ან მინიმუმ დავით მუჯირი საკმარის ხმას ვერ მიიღებდა. ჯერ კიდევ კანდიდატმა ის პირობაც დადო, რომ დამფუძნებლებში ცვლილება არ იგეგმებოდა. არადა, წარმოდგენილ ახალ წესდებაში დამფუძნებლები საერთოდ არ ეწერა! ლანჩხუთელთათავის დამფუძნებლები იმის გარანტიაა, რომ ოფისი ლანჩხუთში დარჩება, რამეთუ ოთხივე დამფუძნებელი ლანჩხუთელია! მოკლედ, ამ წინასწარი შეთანხმებით, არჩევნები შედგა და პრეზიდენტად დავით მუჯირი აირჩიეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონალური ფედერაციის გამგეობაში აირჩიეს თავად დავით მუჯირი, გრფფ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე (ჩოხატაური), `მერცხალის~ დირექტორი მამუკა გიორგაძე, ლაშა სალუქვაძე (სავარაუდოდ, ოზურგეთის ფესვების მქონე ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა) და წარსულში სახელოვანი მოთამაშე _ გია თავაძე. როგორც ხედავთ, ხუთეულში ლანჩხუთს ერთი წევრი (თავაძე) წარმოადგენს, ისიც აქაური ფესვების მქონე და ახლა თბილისში მცხოვრები, რომელმაც, სხვათა შორის, თურმე ისიც არ იცოდა, სად იყო გრფფ-ის ოფისი ლანჩხუთში. `ჰო და არა~ დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ლანჩხუთელების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში, რომლის არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა უმრავლესობა ლანჩხუთელი იყო, მთავარ ორგანოში უმცირესობით მოხვედრა. ეს იმ დროს, როცა 7 ხმის მიმცემი პირიდან ოზურგეთს მხოლოდ 2 წარმოადგენდა და მედიაში გავრცელებულ ხუთეულში უმრავლესობა (სამი წევრი) მთავარმა ქალაქმა მიიღო! რა თქმა უნდა, დაგვებადა კითხვა, ეს ხომ არაა ოფისის ოზურგეთში გადატანის წინასწარი ფარული გეგმა. სწორედ ამ მიზნით დავინტერესდით, ხომ არ იყო გავრცელებული ინფორმაცია არასრული და საჯარო რეესტრში ვცადეთ მოგვეძია ინფორმაცია. `ჰო და არას~ ეს მცდელობა მეტად დამაინტრიგებელი და სკანდალური ინფორმაციის გაგებით დასრულდა _ საჯარო რეესტრმა დიმიტრი მუჯირს (სავარაუდოდ, დავით მუჯირს ოფიციალურად დიმიტრი ჰქვია) რეგისტრაციაზე უარი უთხრა!!! უფრო კონკრეტულად, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის“ (ს/ნ 233645393) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, წესდების და ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება. `დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია ა(ა)იპ „გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ფედერაციის დამფუძნებელთა ყრილობის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ „გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ დასაზუსტებელია მოთხოვნა და წარმოსადგენია მოთხოვნის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია „გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია დამფუძნებელთა ყრილობის კრების ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ. თუმცა, საზოგადოების რეგისტრირებული წესდების თანახმად აღნიშნული განეკუთვნება წევრთა საერთო კრების კომპეტენციას~ _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზში, მის გამოსასწორებლად კი წარსადგენია ფედერაციის რეგისტრირებული წესდებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება. მთავარი სკანდალი კი დამფუძნებელთა შორის ცვლილებაა!!! საჯარო რეესტრი აღნიშნავს: `დაინტერესებული პირის მიერ, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილია დამფუძნებელთა და არჩევით თანამდებობაზე დანიშნულ პირთა მიერ. თუმცა, წესდების ახალი რედაქციით განსაზღვრული დამფუძნებელთა შემადგენლობა შეუსაბამოა ფედერაციის რეგისტრირებული წესდებით განსაზღვრულ დამფუძნებელთა შემადგენლობასთან~ _ ანუ საუბარია, რომ ახალი რედაქციით დასახელებული დამფუძნებლები არ ემთხვევა ძველი დამფუძნებლებს (ბეგი სიხარულიძე, შოთა პატარაია, გია გოგუაძე, თემურ ალექსაია). ეს კი პირდაპირი საფრთხეა, რომ დამფუძნებელთა ახალი კონფიგურაცია ოფისის ოზურგეთში გადატანას მოითხოვს! თუმცა საჯარო რეესტრი ამ ფარულ მცდელობას უარით პასუხობს და აზუსტებს, რომ დამფუძნებელთა ცვლილება შეუძლებელია: `ა(ა)იპ „გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის“ (ს/ნ 233645393) სადამფუძნებლო დოკუმენტაცის თანახმად, დამფუძნებელთა საერთო კრება არ წარმოადგენს ხელმძღვანელ (მმართველ) ორგანოს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის ორგანიზაციული მოწყობის განსაზღვრისას მისი წესდებით არ იქნა გათვალისწინებული დამფუძნებლის უფლებამოსილება/ფუნქცია საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიზნით, საზოგადოების პირველადი რეგისტრაციის მომენტისთვის დამფუძნებლის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ხელმოწერას აქვს მხოლოდ იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ ნების გამოვლენის ფაქტის აღნიშვნის მნიშვნელობა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამფუძნებლის ცვლილების შესაძლებლობას და არ ადგენს მისი რეგისტრაციის წესსა და პირობებს~ _ ანუ დამფუძნებელთა შორის ცვლილება ვერ მოხდება! თუმცა სამწუხაროა, რომ იყო მცდელობა ხუთი ლანჩხუთელის (იმედო დუნდუა გარდაცვლილია) მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის `მიტაცების~. ამის შემდეგ, რამდენად ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება შეიძლება, ძნელი სათქმელია!!! `საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა: შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს 30 კალენდარული დღე. დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ, დასაზუსტებელია მოთხოვნა და წარმოსადგენია მოთხოვნის, საზოგადოების წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია~ _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის შემაჯამებელ დასკვნაში. თუმც აქ შესაძლებელია გამგეობის წევრ ლაშა სალუქვაძესთან დაკავშირებული ხარვეზისა (პირადობის მოწმობა ვადაგასულია) და წესდების ახალი რედაქციის ხარვეზთან დაკავშირებით, მაგრამ დამფუძნებელთა შორის ცვლილებას საჯარო რეესტრი დაუშვებლად მიიჩნევს და შესაბამისად, ვერ მოხდება! შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ... მოკლედ, გრფფ-ის ოფისის ოზურგეთში გადატანის მზაკვრული გეგმა, ამ ეტაპზე ჩაშლილია!!! `ჰო და არა~ ამ თემას, საჭიროებისამებრ, შემდგომშიც დაუბრუნდება და განვითარებულ მოვლენებზე მკითხველს ოპერატიულად ჩააყენებს საქმის კურში.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა