ჯერ ლანჩხუთმა უმასპინძლა რამდენიმე მნიშვნელოვან პირველობას, ხოლო შემდეგ ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გამართულ არაერთ ღონისძიებაში მიიღეს საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებმა მონაწილეობა. ამის კიდევ ერთი მაგალითი რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტყიბულში გამართული ტურნირი გახლავთ. `მიმდინარე წლის 20-27 აგვისტოს ქ. ტყიბულში გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში, სადაც ქვეყნის 100-მა უძლიერესმა ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა~, _ განაცხადა `ჰო და არასთან~ საუბარში ლანჩხუთელთა მწვრთნელმა ადამ ხუხუნაიშვილმა. როგორც რესპოდენტმა გვითხრა, _ ლანჩხუთიდან ტურნირზე 5 კაციანი გუნდი იყო მივლენილი და ამაში ლომის წვლილი სპორტული ცენტრის ხელმძღვანელს, მინდია დვალიშვილს მიუძღვის. `რაც შეეხება ტურნირს, ის უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ბავშვებს ყველა პირობა შეუქმნეს, რათა მათ შინაარსიანად გაეტარებინათ Yთავისუფალი დრო და რაც მთავარია, გამოევლინათ თავიანთი საჭადრაკო ოსტატობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარიამ ჩხაიძე, სასულიერო გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლე. იგი 8 წლისაა და წელს გამართულ ყველა ტურნირზე ძალიან მაღალ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა ჩემპიონობამდე ხან კოეფიციენტი, ხანაც ნახევარი ქულა აკლდებოდა. ამჯერად მისი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მის ასაკში სხვის ჩემპიონობაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. მარიამმა 4 მოგებითა და 3 ფრით შვიდი თამაშიდან 5,5 ქულით I ადგილი დაიკავა და მთელი 1,5 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ მართა გოტიაშვილს~, _ გვითხრა ბატონმა ადამმა და მარიამის და მართას შეხვედრის დეტალებიც გაგვიმხილდა: `განსაკუთრებული იყო ამ ორი ბავშვის ურთიერთშეხვედრა, სადაც მარიამმა ჯერ ორი პაიკი შეწირა, შემდეგ ეტლი და ისე დააშამათა მეტოქის მეფე. მარიამმა I ხარისხის დიპლომი და მედალი, აგრეთვე ფულადი ჯილდო დაიმსახურა.~ როგორც რესპოდენტისგან გავიგეთ, საპრიზო ადგილთან ძალიან ახლოს იყო კიდევ ერთი ჩვენებური თეა იმნაძე. `12 წლიანთა შორის იგი ბოლო ტურის წინ მეორე-მეხუთე ადგილს იყოფდა, მაგრამ კენჭისყრამ არ გაუმართლა და მეტოქედ საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი თამარ ესაძე არგუნა. მიუხედავად წაგებისა, თეამ კარიერაში თავისი საუკეთესო პარტია ითამაშა, მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა მრისხანე მეტოქის პოზიციას, ფიგურაც შეწირა და უკეთესი თამაშიც მიიღო, მაგრამ ენდშპილში უმნიშვნელო შეცდომა გამოცდილმა მეტოქემ არ აპატია და მართლაც დასანანი მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, თამაშის შემდგომ მასთან მივიდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები და მისი თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალეს.~ ტურნირზე ასევე გაიმართა მწვრთნელთა კონკურსი, სადაც ჩვენი რესპოდენტი, ადამ ხუხუნაიშვილი მესამე ადგილზე გავიდა და სპეციალური პრიზიც გადაეცა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0