ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არ მინდა დუმილმა მაჯობოს

გუშინ, 17:14

  როცა დედა გარდამეცვალა _ ახალგაზრდა, მოულოდნელად, ელდანაცემ სტუდენტ გოგონას დუმილმა მაჯობა. 
წლები გავიდა ისე, რომ სიტყვა დედას ვერაფრით ვამბობდი... 
დამეკარგა ჩემი უპირველესი სიტყვა...
წლები გავიდა  ძალიან მძიმედ... შეუგუებლად... მაგრამ გავიდა... 
მერე დედას ვუძღვნიდი ჩემს ყველა ნაბიჯს, ყველა ქმედებას, ყველა ამოსუნთქვას... გამოხდა ხანი და როცა თავადაც გავხდი დედა, აღმოვაჩინე, რომ სწორედ დედაჩემის თვალებით ვუცქერდი  შვილებს, მასთან ერთად ვუთბობდი მათ გულს, მასთან ერთად ვასწავლიდი ყოველდღიურობას, ცხოვრების ავკარგს... ასე გავაცოცხლე დედა... და ეს იყო ჩემში _ ჩემი გამარჯვება სიკვდილზე. 
დუმილს კი არა, სიკვდილსაც ვაჯობე. 
დიახ, ეს იყო ასე და ასეა დღესაც...წლები გადის, ლაბირინთებით დაგრეხილი _ შრომაში, ფიქრში, ატანაში, გატანაში, ძიებაში, გაკვირვებაში, წარმოუდგენელ მოულოდნელობებში,მაგრამ გადის... ჩემმა თაობამ ბევრი ნახა და გადაიტანა. დიდი მოლოდინით, დიდი სასოებით... ჩვენ ცხოვრებამ გვასწავლა, რომ გასაკვირი არაფერია ამ ცოდვილიან დედამიწაზე, მაგრამ მაინც ბევრჯელ დავრჩენილვართ გაკვირვებული, იმედგაცრუებული, თუმცა ფარხმალი არასდროს დაგვიყრია...
შენ, ვინც ახლა ამ ჩანაწერს კითხულობ, მინდა გითხრა, რომ მჯერა შენც იმათ რიგებში ხარ, ვინც არასდროს მარცხდება, ვისაც ცხოვრების მოულოდნელობები არ აკვირვებს და არ აშინებს... ამ წერილს სწორედ შენთვის ვწერ და შენთან ერთად ვწერ, მინდა შენ  ჩემი გულის ცემა იგრძნო, მე კი _ შენი. დღეს ,,ჰო და არა" 27 წლის გახდა. ეს დიდი გზაა თქვენთან ერთად განვლილი, ჩვენო ერთგულო მკითხველო!
27 წელი _ სიტყვასთან, სიმართლესთან და მკითხველთან ერთად!
ოცდაშვიდი წელი — ეს მხოლოდ ,,ჰო და არას~ ისტორია კი არა, ლანჩხუთისა და გურიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. წლები, რომლებმაც არაერთი მოვლენა შემოგვინახა, არაერთი ადამიანის ხმა გააცოცხლა და არაერთი ამბავი ფურცლებზე აღბეჭდა, რომ დროის გასვლასთან ერთად არ გამქრალიყო.
გაზეთის ცხოვრება არასოდეს ყოფილა მხოლოდ ქაღალდზე სიტყვების გადატანა. ჟურნალისტიკა პასუხისმგებლობაა _ მკითხველის წინაშე, საზოგადოების წინაშე, საკუთარი სინდისის წინაშე. ეს არის მცდელობა, დაინახო ის, რასაც სხვები გვერდს უვლიან; დასვა კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არავის სურს; მოუსმინო ადამიანს, რომლის ხმასაც ხშირად არავინ ისმენს.
„ჰო და არა“ ამ წლების განმავლობაში ცდილობდა, ყოფილიყო სწორედ ასეთი გაზეთი _ ადგილობრივი ცხოვრების მემატიანე, მოქალაქის სათქმელის გამომხატველი და პრობლემების გამხმოვანებელი.
რა თქმა უნდა, განვლილ გზაზე იყო სირთულეები, იმედგაცრუებაც, წინააღმდეგობებიც, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმის ერთგულება რთულ დროსაც არ ღალატობთ. სწორედ მათი შრომით, მკითხველის მხარდაჭერითა და სიტყვის ძალის რწმენით აგრძელებს გაზეთი არსებობას.
27 წელი გვავალდებულებს გავიხსენოთ განვლილი გზა, მაგრამ არ გვაძლევს უფლებას, მხოლოდ წარსულით ვიცხოვროთ. წინ კიდევ ბევრი სათქმელია, ბევრი გასარკვევი, ბევრი უსამართლობა _ გასაპროტესტებელი და ბევრი ადამიანური ამბავი _ მოსაყოლი.
ჩვენი მიზანი კვლავ უცვლელია: ვიყოთ იქ, სადაც საზოგადოებას ჩვენი ხმა სჭირდება; ვწეროთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და არ დავკარგოთ მთავარი _ მკითხველის ნდობა.
მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში „ჰო და არას“ გვერდით იდგა _ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს, ვისთვისაც ადგილობრივი გაზეთის არსებობა საკუთარი ქალაქისა და მხარის ცხოვრების ნაწილია.
27 წელი გავიდა, მაგრამ სათქმელი არ ამოწურულა.
სანამ საზოგადოებას კითხვები ექნება, სანამ სიმართლეს თავისი ხმა დასჭირდება და სანამ მკითხველი გაზეთის ფურცლებზე საკუთარ ცხოვრებას დაინახავს, „ჰო და არას“ არსებობას აზრი ექნება.
გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეს გაზეთი მხოლოდ გამოცემა კი არა, საკუთარი კუთხის ისტორიაა,  ხვალინდელი დღის იმედია.
27 წლის შემდეგაც ჩვენი მთავარი სათქმელი უცვლელია _ სიტყვას ფასი აქვს, სიმართლეს კი თავისი მკითხველი ჰყავს!
მე კი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვაგრძელებ ჩემს ჩანაწერებს, რათა კიდევ ერთხელ დავფიქრდე იმაზე, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება; იმ ადამიანებზე, რომლებსაც გვერდით ჩავუვლით და ვერ ვამჩნევთ, იმ პრობლემებზე, რომლებსაც შევეჩვიეთ და ამიტომაც აღარ გვიკვირს, იმ ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხდება, მაგრამ რომელთა ნამდვილ მნიშვნელობას მხოლოდ წლების შემდეგ ვაცნობიერებთ. ალბათ, წლების შემდეგ უფრო მეტად ხვდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც გეგონა; ყველა იმედი არ მართლდება, ყველა უსამართლობას პასუხი არ ეცემა და ყველა კეთილი განზრახვა შედეგამდე ვერ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიქრს, კითხვების დასმასა და სათქმელის თქმას აზრი ეკარგება. პირიქით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება გულწრფელი სიტყვა _ სიტყვა, რომელიც არც ვინმეს მოსაწონად ითქმის და არც ვინმეს გასაღიზიანებლად. სიტყვა, რომლის ერთადერთი მიზანი სიმართლის ძიება და ადამიანის დაფიქრებაა, ამიტომ ვუბრუნდები ჩემს ჩანაწერებს. არა იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კითხვები არ გამქრალა. 
მინდა, ამ ჩანაწერებში ერთმანეთს შევახვედრო წარსულის გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, პირადი ფიქრი და საერთო ტკივილი, იმედგაცრუება და იმედი. მინდა, ვილაპარაკო ადამიანებზე, ჩვენს ქალაქზე, იმაზე, რაც გვახარებს და იმაზეც, რაც გვაწუხებს.
არ ვიცი, რამდენად დაემთხვევა ჩემი ფიქრები მკითხველისას. არც იმას ველოდები, რომ ყველა დამეთანხმება. ზოგჯერ უთანხმოებაც საჭიროა, რადგან ფიქრი იქ იწყება, სადაც მზა პასუხებით კმაყოფილებას აღარ ვჯერდებით. 
ერთი კი ნამდვილად ვიცი: სანამ სათქმელი არსებობს, სანამ ადამიანს შეუძლია იფიქროს, იკითხოს და საკუთარ თავსა და საზოგადოებას რთული კითხვები დაუსვას, ჩანაწერების გაგრძელებას აზრი აქვს.
ამიტომ კვლავ გესაუბრებით. ამჯერადაც _ არა მზა პასუხებით, არამედ კითხვებით, რომლებზეც ერთად უნდა ვიფიქროთ.
დიდი პაუზის შემდეგ ისევ ვიწყებ, არ მინდა დუმილმა მაჯობოს... (სხვა რომ არაფერი დედა არ მაპატიებს...)
 ჭიდილი გრძელდება _  ჰო და არას ჭიდილი, რადგან სწორედ ,,ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა.~
                                                            ნონა გიგინეიშვილი
 პ.ს. მადლობას ვუხდით ,,ჰო და არას~ ყველა გამავრცელებელს, ვისაც 27 წლის მანძილზე ,,ჰო და არა~ ჩვენს მრავალრიცხოვან მკითხველამდე მიჰქონდა და მიაქვს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 57
FACEBOOK კომენტარები