იდეია ხურციძე - პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი, პირველი მასწავლებელი...
მადლობა ყველას, ვინც იყო პირველი ჩემს ცხოვრებაში და მადლობა მათ, ვინც ბოლოს, ყველაზე ბოლოს იქნებიან ჩემს გვერდით.
იდეია ხურციძე-პირველი მასწავლებელი. ღირსეული, თავდადებული, გამორჩეული პედაგოგი თავისი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდებითა და მიდგომებით!
ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა, დიდი წვლილი შეიტანა განათლებაში, აღზარდა ძალიან ბევრი თაობა.
და დღეს განისვენებს გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელში, მოკრძალებულ სასაფლაოზე...
მოკრძალებულია მისი ცხოვრების გზა, ვფიქრობ ტკივილით და სევდით, მაგრამ ბავშვების ჟრიამულით სავსე.
ტანით პატარა, მუდამ კოპწია და მოწესრიგებული, ყელზე სიფრიფანა აგურისფერი შარფით და სათვალით. მწვანე თვლიანი საყურით და დიდი ვერცხლის ბეჭდით, რომელსაც ასევე მომწვანო ფერის უბრალო ქვა ჰქონდა.
ჩანთით ხელში, სახლიდან სკოლამდე გზას მიუყვებოდა ყოველთვის ფეხით, მერე სახლში ერთად მოვდიოდით სკოლიდან, ჩემს სახლთან უნდა ჩაევლო და ჯერ მე დამტოვებდა, მერე თვითონ გაუყვებოდა გზას მარტოსული...
პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა... არასოდეს უსვამდა ხაზს თავის მარტოობას. ის სახლში მარტო ცხოვრობდა, არ ჰყავდა შვილი, მეუღლე...
მან თავისი ცხოვრების ყველა წუთი მოგვიძღვნა ჩვენ - ბავშვებს.
ახლა ვიხსენებ ყველაფერს... ზუსტად შემიძლია შევაფასო მის თვალებში სულის სიღრმე. ესეც მან მასწავლა, ესეც მან შთამაგონა.
ამ სუსტ ქალბატონს ძალიან მძიმე ნაბიჯები ჰქონდა. ამას ვგრძნობდი მის გვერდით მიმავალი. გზაში სულ რჩევა-დარიგებებს მაძლევდა.
ჩანთით ჩვენს რვეულებს ატარებდა. მახსოვს წითელი კალმით, მისი ხელით დაწერილი ნიშნები, ჩემდა საბედნიეროდ კარგი ნიშნები.
ჩვენ 4 წელი გავატარეთ ერთად, მან მასწავლა წერა-კითხვა, წესრიგი, წიგნების სიყვარული, მეგობრობა, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
არასოდეს მივდიოდი სკოლაში უსწავლელი, რადგან მისი რიდი მქონდა.
დედა მასთან მატანდა ხშირად ვარდისფერ ვარდებს და მეტყოდა ხოლმე: ,,უთხარი რომ ძალიან გიყვარს".
რომ მივუტანდი უხაროდა. .პატარა ლარნაკში ჩააწყობდა და მაგიდაზე ჰქონდა.
მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. მკაცრიც იყო და ლმობიერიც.მეგობრულიც.
ძალიან მადლმოსილი ქალბატონია, ალბათ ახლა ბევრისგან მივიწყებული...
ის შეიძლება ჩაქრა ბევრის ცხოვრებაში, მაგრამ არ და ვერ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან, მისი მოსწავლეების ცხოვრებიდან.
რატომ ვწერ მასზე?
რატომღაც ჩემი ცხოვრების ადამიანებზე ვფიქრობდი და ვიგრძენი, რომ მას ჩემს გულში დიდი ადგილი აქვს..
რატომ ვწერ?
ყველაზე მეტად, ღვაწლმოსილი ადამიანები როცა მიდიან და მერე არავის ახსენდება მათი განვლილი გზა, ეს არის ტრაგედია.
ის გზა, რომელზეც ჩვენ ერთად დავდიოდით, მთავარი გზა იყო, რომელმაც გამიადვილა ცხოვრების სხვა ეტაპებზე გადასვლა..
ენით არ აიღწერა როგორი მადლიერების გრძნობა მაქვს მის მიმართ.
მინდა, რომ სიცოცხლეშივე და შემდეგაც დავაფასოთ ადამიანები.
ვუთხრათ მადლობა.
ვუთხრათ თუ როგორ გვიყვარს!
იდეია ხურციძე ჩემი მასწავლებელი; ჩემი ღირსეული და თავდადებული მასწავლებელი!
ჩემი ბავშვობა!
მადლობა ყველაფრისთვის!
ჩემი ცხოვრების ადამიანი
თინათინ ღლონტი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 787