,,ჰო და არას” სტუმარია ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა.
_ თქვენ ხართ უშუალო მონაწილე იმ პროცესების, იმ დემონსტრაციის, რომელიც განვითარდა 8-9 მარტს თბილისში.
ვაკვირდებოდი თქვენს სოციალურ და სატელევიზიო აქტივობებს. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. რა მოხდა თქვენი აზრით? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
_ რასაც მე ახლა მოგიყვებით, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, როგორც მოქალაქის და არა როგორც პარტიის თავმჯდომარის. ზოგადაც ის პროცესები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ადევნებდა სრულიად საქართველო თვალს, ყოველგვარ პარტიულობაზე ზემოთ იდგა. ადამიანები რეჟიმთან ბრძოლაში, არ ვუყურებდით ერთმანეთს როგორც პარტიის, ან რომელიმე პოლიტიკური კუთვნილების მიღმა მდგარი ადამიანები. საფრთხე იყო უდიდესი, შესაძლოა ეს საფრთხე ეწერა ქაღალდზე, მაგრამ იგი ცხოვრებაში ამოქმედებული პირდაპირ ნიშნავდა პუტინის რუსეთის მმართველობის პირდაპირ დაკანონებას საქართველოში. თავიდან მეშინოდა, იქნებ ვერ გრძნობს საზოგადოება ამ საქმის სიმძიმეს. საბედნიეროდ, საღამოს უკვე დავრწმუნდი, რომ მწარედ ვცდებოდი.
ზუსტად, რომ მიხვდე იქ რა გარემოც სუფევდა, საკუთარი თვალით უნდა გენახა. იქ მდგომი ათასობით ადამიანი მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად წასულიყო რუსული კანონის წინააღმდეგ, რაც საქმით დაამტკიცეს ორი დღის განმავლობაში.
აბსოლუტურად სხვა განზომილებაა, სხვა მოცემულობაა, ახალგაზრდების, სტუდენტების, მოსწავლეების როლი ამ ბრძოლაში. მთელი ამ 11 წლის განმავლობაში რაც ,,ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, პირველად იგრძნეს ამ თაობის სილის გაწნა სახეში და ეს ისეთი ძლიერი და ისეთი აღტკინებით იყო გაკეთებული, არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას, ვინც საქართველოს დაუპირებს გარუსებას, ის სილა გაახსენდება, რომელიც 8-9 მარტს ახალგაზრდა თაობამ გააწნა ხელისუფლებას. იმ დღეებში რუსთაველის გამზირი დაემსგავსა 1978 წლის დროინდელ რუსთაველის გამზირს, როცა ქართული ენის დასაცავად გამოვიდა ახალგაზრდა თაობა. დაემსგავსა 1989 წლის 9 აპრილის დროინდელ რუსთაველის გამზირს; ეპოქალური სხვაობის მიუხედავად ერთი რამ აერთიანებდათ ამ გოგო-ბიჭებს _ საქართველო არასოდეს იქცევა რუსეთის გუბერნიად. ამ 8-9 მარტმა საფუძველი დაუდო ძალიან დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს ახლო მომავალში.
ახალგაზრდები სახლში შებრუნდნენ, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. მერწმუნეთ, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ წუთს, თუ რაიმე რუსულ, კრემლიდან წამოსულ საფრთხეს იგრძნობენ ის ახალგაზრდები, ათჯერ მეტი გამოვლენ. სულ იყო საუბარი, სულ იყო წუწუნი იმაზე, სად არის ახალგაზრდობა და როცა დადგა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა მათი მონაწილეობის გარეშე ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ აქტიური მოქალაქეები, წინააღმდეგობას ვერ ვწევდით, დადგნენ იქ, სადაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არა, მათ მომავალს, მათ სამშობლოს სჭირდებოდა.
მე აბსოლუტურად მშვიდი, ბედნიერი და უკეთესი მომავლის იმედით დავბრუნდი სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე მისაყვანია.
ვარ იმედიანად, რომ თაობა, რომელიც ასე გაზრდილა, ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.
და კიდევ, ერთმა რამემ გამაბედნიერა - სულ ვფიქრობდი, სად ვართ ჩვენ? - ლანჩხუთი.
ჩემს გვერდზე ვნახე ლანჩხუთელი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვიან ძალიან მალე ლანჩხუთის შიდა პოლიტიკაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, საჯაროდ თითოეულ მათგანს და ვუთხრა _
იარეთ წინ, ნუ გეშინიათ, მომავალი თქვენია!
კახა ასკურავა: ვარ იმედიანად, რომ თაობა, რომელიც ასე გაზრდილა, ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს...
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 555