ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აცანელი სტუდენტები

აცანელი სტუდენტები
10-09-2015, 00:00

აცანის საჯარო სკოლის კედლებს და ცხოვრების დიდ გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა. თორმეტი წლის წინ, მაია, ქეთი, სოსო ჩხაიძეებმა პირველად შეაღეს ტელმანის დაწყებითი სკოლის კარი. მათ დიდი ბედნიერება ხვდათ იმის გამო, რომ მასწავლებელთა მასწავლებელი, დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენოსანი ქალბატონი მარიამ ჩხაიძე იყო მათი გზის გამკვალავი. მისი დახმარებით შემოხაზეს პირველი ანბანი, უზომოდ გაიხარეს, როცა ფურცელზე პირველად დაწერეს საკუთარი გვარი და სახელი. მერე კი აცანის საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, აქ ახალი მეგობრები შეიძინეს: რეზი ჩხაიძე, თაკო ნოზაძე, მაია, ზურა, კახა დუმბაძეები, დიმა ჯიბლაძე, თაზო წულაძე, ლაშა ნოზაძე. მათაც არანაკლებ გაუმართლათ, რადგან მათი პირველი მასწავლებელი ნებული კვიჭიძე იყო, გამოცდილი, ენერგიული და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონი. წლები კი შეუმჩნევლად გარბოდა, ცოტა რომ წამოიზარდნენ ცხოვრების მიზნებიც დაისახეს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდნენ. აი, სკოლასაც გამოემშვიდობნენ, მათთვის სწავლის დაწყების მაუწყებელი ბოლო ზარიც დაირეკა. მერე იყო გამოსაშვები საღამო და დიდი მხიარულება. თუმცა ერთგვარი სევდაც ახლდა ამ დღეს მათთვის, რადგან დამეგობრებამდე გამოაკლდათ თანატოლი, რომელიც ამ მხიარულებაში მათ გვერდით უნდა ყოფილიყო. ლაშა ვაშალომიძის მაგივრად ძმის თანაკლასელების გვერდით მისი ძმა იმედა იდგა. წლევანდელ კურსდამთავრებულთაგან სამმა მოსწავლემ დასახულ მიზანს მიაღწია. მათ ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ხანა, სტუდენტობა დადგა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება ზოგიერთი რამ გაიგოს მათ შესახებ: მაია ჩხაიძე დაწყებითი კლასიდანვე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა მიზნისაკენ, რომელიც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ძალისხმევა არ დაუკლია, რომ ყველა საგანში კარგად მომზადებულიყო და შედეგიც დადგა. იგი უკვე გურამ თავართქილაძის სახელობის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, რადგან იგი უკვე დედაქალაქში იმყოფებოდა, როცა ჩვენი წერილი დაიწერა.თაკო ნოზაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. როგორც თავად ამბობს, ლიტერატურა ყოველთვის უყვარდა და დიდი ინტერესით კითხულობდა კლასგარეშე ლიტერატურას, რაც შესაბამისად მისი ზოგადი ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურებოდა. გარდა პროფესიისა, რომელიც უკვე აირჩია ძალიან უყვარს მუსიკა, სიმღერა, სწავლობდა სკოლაში არსებულ მუსიკალურ ჯგუფში, მარინა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით. მის წარმატებას დიდად უმადლის პედაგოგებს, განსაკუთრებით ფილოლოგებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ცოდნის დონის ამაღლებაში. თავისი შენიშვნებიც აქვს სასკოლო გამოცდების მიმართ, თვლის რომ ასეთი სისტემის მიხედვით მოსწავლეს საშუალება არ ეძლევა სრულად წარმოაჩინოს მისი ცოდნა, რომელიც წლის განმავლობაში ბეჯითი სწავლით მოიპოვა, მისი შეფასება შეიძლება იმ მოსწავლის შეფასებას გაუტოლდეს, რომელსაც მხოლოდ გაუმართლა, რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, ამბობს, რომ სირთულეები იყო, მაგრამ სხვანაირად არც წარმოედგინა უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები.აცანელი ზურაბ ჩხაიძის ოჯახში, თავის დროზე ორი შვილი დაიბადა და გაიზარდა _ გოჩა და ნინო ჩხაიძეები. ისინი ყოველთვის სკოლის საამაყო მოსწავლეები იყვნენ, დღეს კი იმ საზოგადოებისა, სადაც მუშაობენ. თავის მხრივ გოჩა ჩხაიძისა და ტატა სალუქვაძის ოჯახში ორი ვაჟი იზრდება _ ზურაბი და რეზი. ზურაბი გასულ წელს გახდა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრაციის ფაკულტეტის სტუდენტი. წელს კი ძმის კვალს რეზიც გაჰყვა, რომელმაც ამავე უნივერსიტეტში ამავე სპეციალობაზე ჩააბარა. რეზის უნდა კარგი მენეჯერი გახდეს. ამბობს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი დიდად არ ყვავის და არც ამ კუთხით არიან ძლიერი ბიზნესმენები. სკოლაში გამორჩეულად არც ერთი საგანი არ ჰყვარებია, თუმცა უპირატესობას გეოგრაფიას ანიჭებდა, შესაძლოა ამაში დედის, ქალბატონი ტატას გავლენაცაა, რომელიც ამავე სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. როგორც ახლა ღიმილით იგონებს, ახსოვს, როცა პირველად შევიდა დედის გაკვეთილზე, ბავშვური გულუბრყვილობით ისიც კი ჰკითხა, გაკვეთილზე რა უნდა დაგიძახოო.რეზი ეთანხმება მეგობარს იმ შენიშვნაში, რომელიც მათ სასკოლო გამოცდებთან დაკავშირებით აქვთ.რეზის ძალიან უყვარს ფეხბურთი, არის `ბარსელონას~ გულშემატკივარი, მისი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საქართველოში კი, როგორც ამბობს, დღეს ფეხბურთი არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ფიქრობს, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს. მისთვის სკოლა და აქაური მეგობრები ყოველთვის ტკბილად მოსაგონებელი იქნება, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში უბედნიერესი ხანაა, თუმცა როგორც მონაყოლიდან იცის, დღეს სტუდენტის სახელი ცოტა გაუფასურდა, ეს ბევრი რამით შეიძლება იყოს განპირობებული, ადრე სტუდენტი მხოლოდ ის ხდებოდა, ვისაც ნამდვილად ჰქონდა ამის გონებრივი შესაძლებლობა. დღეს კი სტუდენტად გახდომა არა მხოლოდ ამ ნიშნითაა შესაძლებელი. საერთოდაც ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მშობლებს ენიჭებათ. საჭიროა თავად ახალგაზრდების შრომა და დიდი მონდომება მიზნის მისაღწევად.სტუდენტებთან შეხვედრა ტელმანის ღვთისმშობლის მიძინების სახელ-ობის ეკლესიის ეზოში შედგა, მინდა მათ წარმატება მივულოცო და ვუსურვო, რომ ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეთ.მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები