,,ჰო და არას" სტუმარია ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წამყვანი, ლანჩხუთელი გვანცა გოგუაძე.
_ მოგესალმებით გვანცა, უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და დამთანხმდით ინტერვიუზე, მით უფრო იმის შემდეგ, რაც დღემდე ვერ მოვახერხე, მიუხედავად თქვენი არაერთი მოწვევისა , თბილისში ჩამოსვლა და თქვენს გადაცემაში ჩემს შემოქმედებაზე საუბარი. გპირდებით, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, პირველსავე შესაძლო შემთხვევაში გეწვევით. დღეს კი თქვენ მინდა წარგადგინოთ „ჰო და არა“-ს მკითხველის წინაშე. გვანცა, რა გაკავშირებთ ლანჩხუთთან და ლანჩხუთელებთან?
_ მოგესალმებით, ბატონო მერაბ, მინდა გამოვხატო თქვენდამი. მადლიერება, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო ინტერვიუ, ჩემი ცხოვრების და შემოქმედების განმავლობაში, მადლობა თქვენ ამისთვის…
გურია, ეს არის ყველაზე მშვენიერი ადგილი დედამიწაზე ჩემთვის, მიუხედავად დღევანდელი კრიზისული ცხოვრებისა. მე დავიბადე, გავიზარდე, ლანჩხუთში, სადაც არ უნდა ვიყო, ქვეყნის რომელ მხარეში, გული სხვანაირად მიცემს, როცა ლანჩხუთში, ჩემს ყველაზე ლამაზ სოფელში ,,ჭყონაგორაში’’ ვარ.
_ თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი განვლილი გზის შესახებ.
_ ვსწავლობდი ნიგოითის საჯარო სკოლაში, არაჩვეულებრივი პედაგოგები მასწავლიდნენ, როგორც ყველა ბავშვს მეც მყავდა ჩემი საყვარელი მასწავლებელი. ახლა ვიცი კითხულობს და გაეღიმება, ლალი ჩაგანავა, თუმცა შემდეგ თბილისში გავაგრძელე სწავლა და დავამთავრე თბილისის 124 -ე საჯარო სკოლა. შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ჩავერიცხე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ყოველთვის ვიცოდი ვინ მინდოდა ვყოფილიყავი პროფესიით. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მომწონს ტელეწამყვანობა, ჩემი პირველი სტაჟირება იყო უნივერსიტეტიდან რადიოში. აქ უკვე მივხვდი, რომ ეს ის პროფესიაა, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. სწორი პროფესია, რომელიც ჩემ ცხოვრების სწორი გადაწყვეტილებაა.
_ თქვენი ოჯახის შესახებ ორიოდე სიტყვით...
_ შესანიშნავი ოჯახი მყავს. წლებია ემიგრაციაში არის თითქმის ყველა, მამაც იქ იყო. ახლა საქართველოშია, ლანჩხუთში და გულწრფელად მიხარია. საქართველოში მე და მამა ვცხოვრობთ. დედა, ძმა, და, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან, ისინი ძალიან მენატრება. განსაკუთრებით ჩემი დისშვილი, რომელიც იტალიაში დაიბადა, ემილინა, ის ჩამოდის ზაფხულობით ლანჩხუთში და გურია ძალიან უყვარს.
_ როგორია თქვენი ცხოვრებისეული კრედო?
_ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ცხოვრებაში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გავაკეთოთ ის სიყვარულით და შედეგებიც შესაბამისი იქნება.
_ რა არის თქვენი ჰობი?
_ საინტერესო ადამიანების აღმოჩენა. ალბათ ახლა ყველაზე მეტად სწორედ ამით ვარ შეპყრობილი, მიუხედავად იმისა, რომ მეც მაქვს ბევრი სხვა ჰობი, მაინც ამ ეტაპზე, ჩემთვის ეს არის უმთავრესი. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და გავაცანი საზოგადოებას. მომწონს, რომ ჩემს წილ საქმეს, სიკეთით ვაკეთებ ხელოვანი ადამიანის შემოქმედებაში. მადლიერებას ვგრძნობ ადამიანებისგან, ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს.
_ ვინ არის თქვენი სათაყვანებელი პიროვნება?
_ დედა... ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი! მათი დამსახურებით ვარ დღეს მე ,,ადამიანი’’.
_ გვიამბეთ თქვენი ტელევიზიის და გადაცემის შესახებ.
_ მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე ვარ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი. თამამად შემიძლია ეს სიამაყით ვთქვა, ამისთვის ბევრი შრომა ჩავდე საკუთარ თავთან. 30 წლის წინ დაარსდა ჩვენი ტელევიზია. უკვე რამდენიმე წელია უწყვეტ რეჟიმში, ლივე მიმყავს გადაცემა ,,ახალი შუადღე." ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში, (თბილისის სტუდია.) აქ მუშაობენ ადამიანები, გუნდი, რომელიც საოცრად დიდ შრომას დებს. ამ ტელევიზიამ ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი წლები მაჩუქა. იდგე კამერების წინაშე და ესაუბრებოდე ადამიანებს, უღიმოდე და თან იმსახურებდე ტელემაყურებლის სიყვარულს, ამ პროფესიის ფასდაუდებელი შრომის შედეგია. ცხოვრებაში რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ეს ტელევიზია იქნება ყოველთვის ჩემი ტელევიზია, იმიტომ რომ, აქ გავიზარდე პროფესიონალ ჟურნალისტად, ჩემს მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, ვენც სწორედ 30 წლის წინ დააარსეს ,,თრიალეთი’’.
_ გმადლობთ თქვენ და თქვენს თანაწამყვანს, მშვენიერი ვიდეო მიმართვისათვის. თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი თანაწამყვანი.
_ ,,ახალი შუადღე’’ _ ამ გადაცემის წამყვანები ვართ მე და ალექსანდრე ნიჟარაძე, (საბერძნეთში მოღვაწე ფოტოხელოვანი) საოცრად ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდაა, უკვე ერთი წელია შემომიერთდა, ჩვენ გვესმის ერთმანეთის. გადაცემის მსვლელობის დროს ზუსტად ვიცით, როდის რა უნდა ვთქვათ, ამ ინტერვიუს ისიც ელოდება.
_ და ბოლოს რას ეტყოდით „ჰო და არა“-ს მკითხველს?
_ ,,ჰო და არა’’ ჩემი ბავშვობაა, მინდა, რომ ამ გაზეთმა საუკუნეებს გაუძლოს და ისევე, როგორც ახლა მე, ემოციების ქვეშ ვარ, სწორედ ასე დაიწეროს ბევრი ლანჩხუთელის სწორედ ასეთი ემოციებით სავსე ინტერვიუ, მიყვარს გურია და მადლიერი ვარ სამყაროს იმისთვის, რომ გურული ვარ. აქ ჩავამატებ თუ შეიძლება. მინდა მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს და ჩემი მხარდაჭერა უკრაინას.
გვანცა გოგუაძე: ,,ჰო და არა’’ ჩემი ბავშვობაა, მინდა, რომ ამ გაზეთმა საუკუნეებს გაუძლოს...
ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 351