ეს ფოტო „ჰო და არა“-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა.
ფოტოზეა წყლის ონკანზე ჩამონაცვამი ფილტრი, რომელიც, გარკვეული პერიოდის გამოყენების შემდეგ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ფილტრის ზედაპირზე დაგროვილი მუქი ნადები და ნალექი, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ კითხვებს აჩენს.
როგორ წყალს ვსვამთ ლანჩხუთში?
ეს კითხვა დღეს პირველად არ დასმულა.
ლანჩხუთში სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის სისტემის პრობლემებზე მოსახლეობა წლებია საუბრობს. მოქალაქეები სხვადასხვა უბნიდან ხშირად აღნიშნავენ წყლის ფერის, ნალექისა და სისტემის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ამჯერად კი მოქალაქემ უბრალოდ ფოტოს გადაღება და საზოგადოების ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ფოტოზე ნაჩვენები ნალექი აუცილებლად ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებაა _ ამის დადგენა მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევით შეიძლება. მაგრამ ფოტო ნამდვილად აჩენს კითხვას, რომელზეც მოსახლეობას კომპეტენტური პასუხი ეკუთვნის. მით უმეტეს, როდესაც საუბარია არა ტექნიკურ, არამედ სასმელ წყალზე _ იმ წყალზე, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად სვამენ, საჭმელს ამზადებენ.
ლანჩხუთში წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ არაერთხელ გვსმენია.
მოსახლეობას აინტერესებს კონკრეტული პასუხი:
როდის დაიწყება წყლის სისტემის სრულფასოვანი რეაბილიტაცია?
რა ეტაპზეა პროექტი?
რა თანხაა გამოყოფილი?
რომელ მონაკვეთებს და უბნებს მოიცავს სამუშაოები?
როდის დაიწყება და როდის დასრულდება?
და რაც ყველაზე მთავარია _ როდის ექნება ლანჩხუთის მოსახლეობას გარანტია, რომ ონკანიდან მიღებული წყლის ხარისხი სათანადოდ კონტროლდება?
მოსახლეობას აღარ სჭირდება მხოლოდ ზოგადი დაპირება — „რეაბილიტაცია ჩატარდება“.
სჭირდება თარიღი, ვადა და შედეგი.
მოქალაქის კითხვა ჩვენამდე მოვიდა _ ახლა პასუხი პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გასცენ
მოქალაქემ, რომელმაც ეს ფოტო მოგვაწოდა, დახმარება გვთხოვა.
ჩვენც მივმართავთ მათ, ვისაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ევალება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, წყალმომარაგების შესაბამის სამსახურსა და პასუხისმგებელ უწყებებს.გვაინტერესებს:- რა მდგომარეობაშია დღეს ლანჩხუთის წყალმომარაგების ქსელი;
- რამდენად ხშირად მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი;
- რა აჩვენა ბოლო ლაბორატორიულმა კვლევებმა;
- რა იწვევს ქსელში ნალექისა და სხვა მინარევების დაგროვებას;
- კონკრეტულად რა პროექტია დაგეგმილი ლანჩხუთის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის;
- რა ვადებში განხორციელდება ეს პროექტი;
- და ბოლოს _ როდის დასრულდება ლანჩხუთში წლების განმავლობაში არსებული წყლის პრობლემა?
ლანჩხუთელებს ერთი რამ ნამდვილად არ უნდა უწევდეთ _ საკუთარი ონკანის წყლის ვარგისიანობის შემოწმება სახლში დაყენებული ფილტრით.
წყალი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე ელემენტარული საჭიროებაა, ამიტომ კითხვა მარტივია: თუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს წყლის ონკანზე დაყენებულ ფილტრს, როგორი მდგომარეობა აქვს იმ მილებს, საიდანაც ეს წყალი ჩვენს სახლებში მოდის?
„ჰო და არა“ ელოდება პასუხისმგებელი უწყებების კონკრეტულ პასუხს.
როდის იქნება ლანჩხუთში სუფთა და საიმედო წყალი _ არა დაპირებაში, არამედ ონკანში?
რატომ უწევთ ლანჩხუთელებს საკუთარი ონკანის წყლის ვარგისიანობის შემოწმება ონკანზე დაყენებული ფილტრით
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 40



