ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ რჩება მოსახლეობა მოტყუებული

17-01-2024, 16:13


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში: ჯუნეწერში, გვიმბალაურში, ტაბანათში, ახალსოფელში, ღემაღელეში, წყალწმინდაში, შრომისუბანში, გულიანსა და წიაღობანში წყალმომარაგების სამუშაოების განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.
`სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.  სულ ლანჩხუთში განხორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. Dგაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს~ - განაცხადა გურიის მხარის მაშინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სამუშაოების ადგილზე მონახულებისას.
თუმცა, ირკვევა, რომ რიგ სოფლებში, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, მოსახლეობა ისევ წყლის გარეშეა დარჩენილი. Mმაგალითად, სოფელ გულიანში, სადაც ოპოზიციის თქმით,  ზემოთ ნახსენები  პროექტის განსახორციელებლად 214 ათასი ლარი გამოიყო, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა და მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან დაპირებული `უახლოესი მომავლის~ მოლოდინშია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური სამუშაოები დაიწყოს.
თავის დროზე ამ საკითხით წინა მოწვევის საკრებულოს წევრი `ევროპული საქართველოდან~ ირაკლი მარშანიშვილიც დაინტერესდა და საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე კითხვით მიმართა კიდეც ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელ რგოლს. 
`214 ათასი ლარი გამოიყო წყლის სისტემის მოსაწყობად. მილები ტყუილადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?!~ - იკითხა საკრებულოს მაშინდელმა წევრმა,  ირაკლი მარშანიშვილმა.
სამწუხაროდ, თემას აქტუალობა არც შემდგომი მოწვევის საკრებულოში დაუკარგავს.
`მაინტერესებს, რა ბედი ეწია იმ ორ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ჩოჩხათის თემის სოფელ გულიანისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. უნაგირას უბანში მოსახლეობისთვის წყლის პრობლემის მოგვარებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ორივე შემთხვევაში სამუშაოები შესრულდა, მოსახლეომაბდე წყლის მილები მიყვანილია, მრიცხველებიც დადგმულია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არც ერთ შემთხვევაში, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როცა საუბარია 100 ათასობით ლარზე, რატომ ხდება, რომ ფული იხარჯება, შედეგი კი ნულია~ - ამ კითხვით კი ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს საკრებულოს მოქმედმა წევრმა პარტია `ლელოდან,~ გოჩა ჯანაშიამ ერთი წლის წინ მიმართა.
ორივე შემთხვევაში მერიიდან იყო პასუხი, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს,  საქმეს კი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ - `სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს ამ ორ სოფელში, სადაც ვერ მოხერხდა ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება და ბუნებრივია, პროექტი ჯერ კიდევ შეუსრულებელია, შესაბამისად, თანხები არავისთვის არ გადაგვირიცხია. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაიწყება პრობლემის მოსაგვარებლად რეალური სამუშაოები~. 
სამწუხაროდ, საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება და როგორც ოპოციზია ამბობს,  ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე მსჯელობა საკრებულოს ბიუროს ბოლო სხდომაზეც იყო, სადაც ითქვა, რომ შესაბამისი პროექტის განსახორციელბლად საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიმართებოდა და გულიანსა და სუფსაში ე.წ. უნაგირას უბნის მოსახლეობას წყლის პრობლემა მიმდინარე წლიდან მოუგვარდებოდა.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად კი `ჰო და არა~ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ალეკო კირვალიძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არსებობს და არაა გადაწყვეტილი მოხდება თუ არა პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
`სამწუხაროდ, ნახსენებ ორ სოფელში წყლის პროექტი ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება და  საკითხს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ. ველოდებით მათგან საბოლოო პასუხს, რომ შემდგომ შესაბამისად ვიმოქმედებთ ჩვენც. Aარის საუბარი, რომ პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდეს, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას დადებს სამართალდამცავი ორგანოები~ - გვითხრა კირვალიძემ.
                                                                                                                             სოფო წილოსანი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 201
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა