სოფელ გრიგოლეთში სასტუმრო „ლაშთანთან“ წყლის კოლექტორის მოწყობისთვის 200 ათას ლარზე მეტი გაიხარჯა. ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 400 გრძივი მეტრის მშენებარე არხი გზის და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის პრობლემას მოხსნის. თუმცა, ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხით უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობა. საქმეს ის ართულებს, რომ ეს ხსენებული კოლექტორი 400 მეტრის სიგრძეზე გაიჭრა, რის შედეგადაც მძიმე ტექნიკით გადაითხარა მწვანე ნარგავები, მიწის ნაკვეთები და მათთან მისასვლელი გზები. სწორედ ეს გახლდა იქ მაცხოვრებელთა პროტესტის მიზეზი.
„შეხედეთ, რას გავს აქაურობა. მოსახლეობას მისასვლელი გზა ჰქონდა გაკეთებული საკუთარი ხარჯებით, რომელიც გადათხარეს და დატოვეს ისე. ახლა შემოვლითი გზით უწევს აქაურებს სარგებლობა, ვერ გამოხვალ ისეთი მდგომარეობაა. რომ გადათხარეს ყველაფერი, დათხარეს ხეები, არ უნდა გაეწმინდათ?! ნაომარს გავს აქაურობა, ტურისტები დადიან ამ გზაზე, რა შთაბეჭდილება დარჩებათ?! არ შეეძლოთ ტრაქტორით გაესწორებინათ ეს ადგილი ისე, როგორც ადრე იყო, გადათხრილი რომ დატოვეს?! ვის მოწონს ასე გაკეთებული?! ესაა დამთავრებული პროექტი?!“ - ამბობს ადგილობრივი გია გოგოლაძე.
სასტუმრო „ლაშთანთან“ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკის ობიექტიც შეიქნა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რამდენად ეფექტური იქნება ეს პროექტი, ამას დრო გვიჩვენებს. ეჭვებს ბადებს უშუალოდ კოლექტორის ზომები და რამდენად შეძლებს ის წყლის გამტარიანობას. სულ სხვა საკითხია იქ არსებული მდგომარეობა, რაც გამოიწვია უშუალოდ სამუშაოების შესრულებამ. საერთოდ პროექტში უნდა არსებობდეს ობიექტის პირვანდელი სახის დაბრუნების რაღაც მექანიზმი, მაგრამ რეალობა მიუთითებს, რომ ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა და არსებული ტერიტორია, თანაც გასათვალისწინებელია საკურორტო ზოლში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ყველაფერი ადგილზე ვნახეთ და ცოტა არ იყოს გაოცებულები დავრჩით იქ ნახულით. ეჭვგარეშეა, რომ ამის ასე დატოვება არ შეიძლება.“ - ამბობს პარტია „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია.
გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ლანჩხუთელმა სახემ ჯუმბერ ბლაგიძემ საკითხი საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გააჟღერა.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ შესრულებული სამუშაოები. იფიქრებ ატომური ბომბი ჩამოაგდესო, ისეა იქაურობა მოქცეული. თუკი იქ სამუშაოები მართლაც დამთავრებულია, საკრებულოს 27-ვე წევრს ვთხოვ მივიდეთ ადგილზე და საკუთარი თვალით ვნახოთ რაც ხდება. ისეა მისილული, რომ ვერანაირად ვერ იმუშავებს ეს კოლექტორი. გადათხრილი ადგილები სრულიად მოუსწორებელია, დასახლებულ პუნქტამდე შესასვლელი მოსახლეობას ქონდა საკუთარი სახსრებით გაკეთებული, ახლა კი ყველაფერი გადათხრილია, ხეები დათხრილი-დაჩეხილია დაყრილი. ჩვენი ოპოზიციური ფრაქცია იყო ადგილზე გასული, შეხვდა იქაურებს, მართლაც კატასტროფაა ადგილზე. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში მოვიკითხე ამბავი და მითხრეს, რომ სამუშაობი უკვე დამთავრებულიაო, არადა სირცხვილია რაც იქ ხდება “ - თქვა ჯუმბერ ბლაგიძემ.
ირკვევა, რომ კოლექტორის მოწყობის სამუშაოები გრიგოლეთში დასრულებულია და შემსრულებელს მეტი არავითარი ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ირწმუნება, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდება.
„ჩვენ ვესაუბრეთ შემსრულებლებს და ტერიტორიის გაწმენდა დავავალეთ, რაზეც მათგან თანხმობა მივიღეთ. ასე რომ, მეც უკმაყოფილო ვიყავი იმით, რაც ვიხილე და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი გამოსწორდება“- განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა.
„ესაა დამთავრებული პროექტი?!“ - ასი ათასობით გახარჯული ლარი და ნაომარს დამსგავსებული ტერიტორია

სოფო წილოსანი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 787