გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიამართა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების სუფსის თემის მოსახლეობასთან შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (ვიცე-გუბერნატორი სოსო ერქომაიშვილი, გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე) ესწრებოდნენ. ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია, რომ მოსახლეობამ კვირის დასაწყისში ჩინურ კომპანიას პიკეტირება მოუწყო _ საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომლის შემდეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის ოდენობას მწვავედ აპროტესტებს. შეხვედრაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ლითანიშვილი და მისი თანამშრომლები ამაოდ ცდილობდნენ მოსახლეობის დათანხმებას იმაში, რომ ‘’3 ლარი მხოლოდ 3 ლარი არაა’’ (საუკეთესო შემთხვევაში 4,5 ლარზე ადის) და რომ თურმე ‘‘მიწის ნაკვეთს 50 და 80 თეთრად იყიდი’‘. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი სწორედ 50 და 80 თეთრის ხსენება აღმოჩნდა. როცა ადამიანები აცხადებენ, რომ მამა-პაპისეულ ადგილს მილიონადაც არ გაყიდდნენ, თუმცა სახელმწიფო ინტერესებს ითვალისწინებენ, ოღონდ სახელმწიფომაც გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და თანხა დაგვიმატოსო, ამ დროს სანაცვლო მიწის ფასად 50 თეთრის თქმა, უადგილო იყო! როცა მოსახლეობა ხმამაღალი შეძახილებითა თუ ყიჟინით ჩაეკითხა მათ, სად იყიდება მიწა 50 თეთრად? _ პასუხი კიდევ გასაკვირი იყო: ინტერნეტში ნახავთ განცხადებებს! რაში გამოადგება სუფსელ მოსახლეს ხარაგულსა თუ ზესტაფონში თუ ვინმე მართლაც ყიდის ამ ფასად მიწას, ან თუნდაც გურიაში იყოს, თუნდაც სუფსის მიმდებარე სოფელში? ყველაზე მთავარი საკითხი, რაც სუფსელების სამართლიან აღშფოთებას იწვევს ისაა, რომ მათი ინფორმაციით, ნატანებში ანალოგიურად მიწის ნაკვეთში 1 კვ. მ-ში 13-დან 23 ლარამდე გადაიხადეს. ‘‘სტუმრებმა’‘ თქვეს, ის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია იყოო, რაც არასერიოზულია!!! პლაჟის მიმდებარედ ფასი მინიმუმ 30 დოლარს აღემატება. მოსახლეობამ წარმოადგინა ნატანებელი მოქალაქე, რომელიც ამტკიცებს, რომ 2010 წელს ზღვიდან 1 კმ-ის მოშორებით საყანე ფართში 12,45 ლარი გადაუხადეს, ხოლო მის გვერდით _ 23 ლარი! თუ ეს სიმართლეა, რაც დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, მაშინ სუფსელთა პროტესტი უკიდურესად სამართლიანია. ამ დროს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს არარეალური ინფორმაციაა და მოქალაქის გვარ-სახელი ჩაინიშნეს. აქ ერთი დეტალიცაა, თუ მასიურად დარიგდა 13-23 ლარი, რაიმე მამაძაღლობა გამორიცხულია, ხოლო თუ რამდენიმე პირმა მიიღო მხოლოდ მაღალი ანაზღაურება, ეჭვი გამოითქვა, საქმე ‘‘ატკატთან’‘, ანუ ფულის დაბრუნებასთან არ გვქონდეს. მოკლედ, ახლა დოკუმენტების მოძიებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ ვინაა მართალი: დეპარტამენტი თუ მოსახლეობა? საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მაინც დაიტოვეს იმედი. ერთი დადებითი, რაც გაირკვა, ისაა, რომ მოსახლეობა მისთვის გამოუსადეგარ ნარჩენ მიწაში (რაც ავტობანის მიწის ნაკვეთის დათმობის შემდეგ, მისთვის ასევე გამოუსადეგარი გამოდგება) თანხას სრული სახით მიიღებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ეს საკითხი დადებითად მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა სუფსაში გამართული აქციის შემდეგ...
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0