ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა გამოხმაურება მოჰყვა ‘’ჰო და არას’’ წერილს?

რა გამოხმაურება მოჰყვა ‘’ჰო და არას’’ წერილს?
16-11-2015, 00:00

‘‘ჰო და არას’‘ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს _ რაში მიბაძა გოგი ხელაძემ მედიკო მეზვრიშვილს _ ლანჩხუთის საკრებულო გამოეხმაურა: ‘‘გაზეთ ,,ჰო და არაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელშიც სტამბულში გამართული კონგრესის დეტალების კვალდაკვალ საუბარია სასამართლო პროცესებზე, რომელიც მის მიერ 2014 წლის მაისში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს. აქვე ვადასტურებთ დიდ პატივისცემას ბატონ ამირან გიგინეიშვილის მიმართ და ამ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულ ინტერვიუში ზოგიერთ უზუსტობებთან დაკავშირებით გავაკეთებთ რიგ განმარტებებს’‘ _ ნათქვამია წერილში, რომელიც საკრებულოდან მოგვაწოდეს. ეს ‘‘უზუსტობები’‘ კი თურმე შემდეგში მდგომარეობს: ‘‘დავიწყებთ სათაურით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ გააუქმებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს ბრძანებით გაუქმდა ‘‘ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ’‘ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 20 მაისის #156 ბრძანება. სასამართლომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ამა წლის 10 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გაუქმება წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას’‘ _ ამ პასუხიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ლანჩხუთის საკრებულოში ჩვენი წერილი არ წაუკითხიათ!!! ან ყურადღება არ მიაქციეს და პასუხი ‘‘პასუხის გულისთვის’‘ გააკეთეს! ‘‘ჰო და არას’‘ არ დაუწერია ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმაო! მით უმეტეს, სათაურადაც არ ყოფილა ასეთი ფრაზა გამოტანილი. სინამდვილეში ქვესათაურად იყო შემდეგი: ‘‘გურულ-კახური პარალელები: თელავის გამგებელმა ბრძანებით სასამართლოს გადაწყვეტილება ‘‘გააუქმა’‘, ლანჩხუთის საკრებულოს თავკაცმა კი, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი ბრძანება!’‘ ალბათ, ყველა მიხვდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა (რაც თელავის ‘‘ლეგენდარულმა’‘ გამგებელმა, მედიკო მეზვრიშვილმა გააკეთა) და სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ გამართლებული ბრძანების გაუქმებას შორის დიდი სხვაობაა! აქ პარალელი იმიტომ გავავლეთ, რომ მედიკო მეზვრიშვილმა პირდაპირ ‘‘გააუქმა’‘ სასამართლოს გადაწყვეტილება, გიორგი ხელაძემ კი, რადგან სასამართლოთი ვერ შეძლო ამირან გიგინეიშვილის ბრძანების გაუქმება (თან ორ ინსტანციაში), თავად მიიღო გადაწყვეტილება და რაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია, მისი გაკეთება საკრებულოს თავმჯდომარემ ‘‘თავის თავზე აიღო’‘. მარტივი ლოგიკაა: ლანჩხუთის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი 2014 წლის 20 მაისს გამოსცემს ბრძანებას რიგ თანამშრომლებზე პრემიის გამოწერასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ჯერ ოზურგეთის სასამართლოში და შემდეგ სააპელაციოში ასაჩივრებს ოფიციალური ლანჩხუთი და ორივე შემთხვევაში, სასამართლო ამირან გიგინეიშვილის ბრძანების გაუქმებაზე უარს ამბობს! შესაბამისად, გამოდის, რომ მისი გადაწყვეტილება კანონიერად არის მიღებული! ჩვენ სწორედ ეს დავწერეთ: გიორგი ხელაძემ გააუქმა ამირან გიგინეიშვილის ის გადაწყვეტილება (ბრძანება), რომელზეც სასამართლოს ორ ინსტანციაში საჩივარი იყო შეტანილი და სასამართლომ გაუქმებაზე ორივეჯერ უარი თქვა! უფრო მარტივად: რაც სასამართლომ არ(ვერ) გააუქმა, ის გააუქმა ლანჩხუთის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ! ეს კი პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მედიკო მეზვრიშვილის ზემონახსენებ კურიოზულ გადაწყვეტილებას ჰგავს!!! შესაბამისად, საკრებულოს მხრიდან უშედეგო თავის მართლებაა შემდეგი განცხადება: ‘‘რედაქციის მიერ გავლებულ პარალელებს შორის კი არანაირი მსგავსება არ არის, გამომდინარე იქ?დან, რომ ჩვენს რეალობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არარად ცნო წინა საკრებულოს მიერ გამოცემული ბრძანება და ეს არ გახლდათ ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე’‘. ის ფაქტი, რომ გოგი ხელაძემ მანამდე გააუქმა გადაწყვეტილება, სანამ ამირან გიგინეიშვილის მხარე მესამედ გამართლდებოდა, ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ერთგვარად, მოქმედი თანამდებობის პირის მხრიდან არცთუ კეთილსინდისიერ ქმედებად მოჩანს _ როცა იცი, 10 ნოემბერს გაგამტყუნებენ, 6 ნოემბერს გამოსცე ბრძანება, საერთოდ გააუქმო დავის საგანი, რომელზეც, გავიმეორებთ, ორ ინსტანციაში პროცესი წაგებული გაქვს, მინიმუმ არაკორექტულია. თუმც ამირან გიგინეიშვილი აქ სამართლებრივ დარღვევასაც ხედავს და რიგით მეოთხე სასამართლო პროცესზე აპირებს ამ საკითხზე დავას! ამ დროს კი ლანჩხუთის საკრებულო თავის წერილში სახელმწიფო უწყებისთვის არამიზანშეწონილ ქმედებასაც ჩადის და თავის მართლების ‘‘გასამყარებლად’‘ იმ შეცდომაზე მიუთითებს, რაც ტექნიკური ხასიათისაა. ‘‘ბატონი ამირანი ინტერვიუში ,,საინტერესო და სასაცილო’‘ ფაქტზეც საუბრობს. კერძოდ, ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელმა თავმჯდომარემ მის მიერ 2014 წლის მაისში გამოცემული ‘‘ბრძანებულება’‘ გააუქმა, რაც აბსურდულია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბრძანებულების გამოცემა საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციის სფეროს სცილდება. ვინაიდან, ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად’‘ _ მართლაც სასაცილო და სატირალია: თურმე ამ დავაში მნიშვნელოვანია ის ტექნიკური შეცდომა, რაც სტატიაში გაგვეპარა, როცა ბრძანების ნაცვლად ბრძანებულება დავწერეთ. როცა მოპასუხე სიტყვის სწორ ფორმულირებაზე აკეთებს აქცენტს, აშკარაა, რომ მას არგუმენტები არ აქვს, თორემ თავადაც კარგად იციან, რომ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში არავისზე ნაკლებად არ უწყის ‘‘ბრძანებასა’‘ და ‘‘ბრძანებულებას’‘ შორის განსხვავება. ასე თუ ჩავეძიებით, ლანჩხუთის საკრებულოს პასუხიდან ‘‘ჩანს’‘, რომ ეს საქმე სააპელაციო სასამართლომ ერთხელ კი არა ‘‘თურმე’‘ ორჯერ განიხილა: ‘‘რაც შეეხება სამჯერ მოგებულ საქმეს, დავაზუსტებთ, რომ პირველ ორ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, რადგან საკითხის მოწესრიგება თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედიოდა. აქვე დავსძენთ, უპრიანი იქნებოდა, ინკოგნიტო ინტერვიუერს იმავე ნომერში მეორე მხარისთვისაც დაეთმო ფართი და აღნიშნულ საკითხზე მისი პოზიციაც დაეფიქსირებინა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ ერთხელ დიდ პატივისცემას გამოხატავს კოლეგების მიმართ და ემიჯნება მათი მისამართით ყოველგვარი შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას. უმჯობესი იქნება, არსებული დავა სამართლებრივი გზებით გადაწყდეს’‘ _ აღნიშნულია განცხადებაში. ლანჩხუთის საკრებულო თავის პასუხში მიზეზებს ხსნის, თუ რატომ გააუქმეს ამირან გიგინეიშვილის მიერ გამოცემული ბრძანება: ‘‘ბატონი ამირანი აცხადებს, რომ ეს იყო მისი თავმჯდომარეობის დროს გამოცემული მეორე ‘‘ბრძანებულება’‘ პრემიაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აქვე დავაზუსტებთ, რომ პირველად, მის მიერ გამოცემული 2014 წლის 3 იანვარს #4 ბრძანების საფუძველზე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 43 საჯარო მოხელეზე გაიცა პრემიალური ანაზღაურება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე წლის 8 მარტს კი #58 ბრძანების საფუძველზე 22 ქალ თანამშრომელზე კვლავ გაიცა პრემია, ხოლო მესამე შემთხვევაში _ 2014 წლის 20 მაისის #156 ბრძანებით ისევ 43 მოხელეზე უნდა გაცემულიყო პრემიალური ანაზღაურება. ასევე ავღნიშნავთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს თავისი საქმიანობის - წელიწადისა და 4 თვის განმავლობაში არ გაუცია არც ერთი სახის პრემიალური ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, მკითხველმა განსაჯოს რამდენად რეალურია ოთხ თვეში 3-ჯერ პრემიის გაცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე. აქვე ვასაჯაროებთ, რომ ბრძანების გამოცემის პერიოდისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წლის გეგმის 32.4%-ს შეადგენდა, მათ შორის არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებიდან 5 თვის გეგმა 55.4%-ით იყო შესრულებული, წლიურთან მიმართებაში კი გეგმის შესრულება 20.9 %-ს შეადგენდა’‘. ლანჩხუთის საკრებულომ ზემოხსნებული პასუხი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რასაც ამირან გიგინეიშვილის შემდეგი გამოხმაურება მოჰყვა: 1. ‘‘სტამბულში გამართული კონგრესის დეტალების კვალდაკვალ’‘ _ ეს კონგრესი ისე, ჰაიჰარად რომ წარმოადგინეთ, საერთაშორისო მასშტაბის იყო და გურიას, მათ შორის ლანჩხუთსაც ეხებოდა. წესით, უნდა გაგხარებოდათ მთელს შავ ზღაზე საქართველოდან გურია რომ იყო წარმოდგენილი და ორი სიტყვით მიგეძღვნათ რაიმე კარგი ამ მართლაცდა შესაშური პროექტისთვის; 2. მიხარია, როცა იცით მოქმედი კანონმდებლობა და ისეთი სიტყვების მნიშვნელობა როგორიცაა ‘‘ბრძანება’‘, ‘‘ბრძანებულება’‘, ‘‘დისკრეცია’ 3. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გოგის ბრძანება ჩემი ბრძანების გაუქმების თაობაზე წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მაინც ჩვენს სასარგებლოდ დადგა; 4. ოთხ თვეში 3 პრემია კი არა, ჩემი თავმჯდომარეობის წელიწადნახევრიან პერიოდში _ 2! მესამე გამგეობამ ‘‘დაბლოკა (?!). მაშინ ქალებისთვის პრემიის გაცემა არ მიგულისხმია, რადგან ეს არ იყო ყველა თანამშრომელზე გაცემული პრემია; 5. მწირი ბიუჯეტი მე არ დამიტოვებია. ახლა არის თუ არა მწირი, თქვენ უკეთ იცით; 6. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ასრულებს გამგეობა და არა საკრებულო! შესაბამისად, შეუსრულებლობაც გამგეობის პასუხისმგებლობაა; 7. მაშინ თანხა საპრემიოდ საკრებულოს ასიგნებებში არ დაგვიმატებია, გადავანაცვლეთ, შესაბამისად, არ მოგვიკლია არცერთი პროგრამისთვის; 8. სააპელაციო სასამართლომ აბსურდად მიიჩნია მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთი ორგანოს _ გამგეობის მიერ მეორე ორგანოს _ საკრებულოს მიმართ ჩივილი და ამიტომაც შეწყვიტა საქმის წარმოება. მან ძალაში დატოვა ჩემი ბრძანება, რომელიც არც დაუყოვნებლივ და არც საერთოდ არ აღასრულეთ; 9. დაბოლოს, არცერთი პრემია არ გამოგვიწერიაო, რომ ამბობთ _ ჯერ ერთი, რითი ზრდით თანამშრომელთა მოტივაციას, ეფერებით დროგამოშვებით? და მეორეც _ გადახედეთ საკრებულოს დღევანდელი თანამდებობის პირების ხელფასს და აღმოაჩენთ, რომ ის 500 ლარით მეტია, ვიდრე ჩემს პერიოდში. მათ ასევე აქვთ ბევრად მეტი საწვავის ხარჯი. შეიძლება თქვათ, რომ ჩემს დროს საკრებულოს თანამდებობის პირებს ეს თანხა ეძლეოდათ უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუმცა, ეს ორი რამ აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა. უფლებამოსილების ხარჯების აუცილებლობას თვითმმართველობის ევროპული ქარტია განსაზღვრავს. 10. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ბატონ გოგი ხელაძის მიმართ და ვწუხვარ, რომ მას ძალიან ცუდი მრჩევლები ჰყავს.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები