დღეს დიდი ხმაური იყო გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, სადაც ადგილობრივმა ვეტერანებმა გრფფ-ის პრეზიდენტ კახა ებრალიძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ არ აკეთებს რეგიონული ფედერაცია სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მერაბ ჟორდანიას კანდიდატურის წარდგენას. როგორც ცნობილია, სფფ-ის ექს-პრეზიდენტმა საარჩევნო მარათონში ჩართვა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში ვიზიტისას დაადასტურა. მისი სურვილია, რომ კანდიდატად ლანჩხუთიდან იყოს წარდგენლი, რამეთუ ჟორდანიამ კარიერის საუკეთესო წლები ‘‘გურიაში’‘ ჩაატარა და შემდგომში, როცა საფეხბურთო მოხელე გახდა, არ აკლებდა კლუბს ყურადღებას. ამ ეტაპზე, როცა ლანჩხუთის ‘‘გურიას’‘ საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, არც კანდიდატის წარდგენა შეუძლია (შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ სფფ-ში გაგზავნილ წერილზე წევრად მიღებაზე, ‘‘გურიამ’‘ უარი მიიღო), ამის შესაძლებლობა გურიიდან მხოლოდ რეგიონულ ფედერაციას აქვს. ‘‘ეს მერაბ ჟორდანიაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ლანჩხუთმა ის უნდა წარადგინოს. რატომ არ არის შესაძლებელი ამის გაკეთება? ამ საკითხზე კონკრეტულ პასუხს ვითხოვთ’‘ _ მიმართა ‘‘გურიას’‘ ყველა დროის ყველაზე დიდი წარმატების მთავარმა შემოქმედმა, ბეგი სიხარულიძემ კახა ებრალიძეს. გრფფ-ის თავკაცმა შეკრებილებს აუხსნა, რომ მისთვის მიუღებელია, მხარს ერთ კანდიდატს უჭერდეს, მეორე წარადგინოს და მესამეს მისცეს ხმა. ‘‘ასე არასდროს მიცხოვრია, რომ ერთი მეთქვა და მეორე მეკეთებინა. ეს მიუღებელია ჩემთვისაც, მერაბ ჟორდანიასათვისაც და იმისთვისაც, ვისაც მხარს დავუჭერ. კიდევ ერთხელ ვაცხადებს, რომ გიდასტურებთ ჩემს პატივსიცემას ბატონი მერაბის მიმართ, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთისთვის დიდი დამსახურება აქვს. სამწუხაროდ, არსებულ სიტუაციაში მე ვერ მოვახერხე მისი მხარდაჭერა, რაზეც პირადად ვესაუბრე და ბოდიშიც მოვუხადე’‘ _ თქვა ებრალიძემ. მან ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა ვეტერანებს: ‘’ ამ 5 წლის მანძილზე, რაც გრფფ–ის თავკაცი ვარ, ფედერაციის მხარდაჭერით ბევრი რამ გავაკეთეთ _ ორჯერ გუნდი ლიცენზიის გარეშე დავუშვით უმაღლეს ლიგაში, 750 ათასიანი მინდორი დავაგეთ, 80 ათასი ლარის ინდივუდუალური სკამები მივიღეთ, გვაქვს რეგიონული ოფისი’’ _ თუმცა ვეტერანებს არაფრის მოსმენა არ სურდათ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ჟორდანიას წარდგენას. შეხვედრაზე იყო დიდი აყალ–მაყალიც _ ერთ–ერთი ვეტერანი კორექტულ ფარგლებსაც გასცდა. ‘‘ეს არ დამიმსახურებია. შეურაცხყოფას მაყენებთ, ამის მიუხედავად თქვენს ასაკს პატივს ვცემ, აქამდეც დიდ პატივს გცემდით და კიდევ გცემთ, მაგრამ ასეთი საუბარი ჩემთან არ გინდათ’‘ _ ასე უპასუხა მას გრფფ-ის თავკაცმა და შეკრებილებს ასე მიმართა: ‘‘სამწუხაროდ, მე არ მახსოვს, რომ თქვენ გაგეპროტესტებინოთ, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ და სახლში გაგვყარეს; არც შარშან, როცა არაფერი დამიშავებია და აქ არჩევნები ჩამიშალეს _ ეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი გაკეთდა ამ ოთხ წელში; არც ახლა, როცა გუნდი უფულოდ ჩავიბარეთ და შემდეგ ისევ გაგვიშვეს. თუმცა ამის მიუხედავად, ვაფასებ რა თქვენს უდიდეს დამსახურებას, ყველას დიდ პატივს გცემთ, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია’‘ _ თქვა მან. გრფფ-ის თავკაცს ზოგი აგრესიულად და ზოგიც მშვიდად თხოვს, როგორმე გამონახოს გზები, რათა ლანჩხუთი ასცდეს სირცხვილს. ‘‘უბრალოდ, ყველა შევრცხვებით, როცა მერაბ ჟორდანიას არ წარვადგენთ ლანჩხუთიდან. არავინ გთხოვთ მხარდაჭერას, ვისაც გინდათ მიეცით ხმა, ოღონდ წარადგინეთ ჟორდანია’‘ _ ვეტერანები შეუვალები იყვნენ. ‘‘გასაგებია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ როცა გურიის ფედერაციისგან ითხოვთ, ხომ არ ჯობდა, მოგეთხოვათ კლუბის ხელმძღვანელობისთვისაც მერაბ ჟორდანიას მხარდაჭერის ღიად დაფიქსირება! მე არ ვამბობ წარდგენას, რისი უფლებაც კლუბს არ აქვს, ვამბობ საჯარო მხარდაჭერას, როგორც ეს ‘‘გურიას’‘ ლეგენდამ თემურ ჩხაიძემ გააკეთა. პირდაპირ გეტყვით, კლუბს ხმაც რომ ჰქონდეს, ამას ვერ გააკეთებს’‘ _ აღნიშნა ებრალიძემ. მას გურიას სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ უთხრა, რომ მხარს უჭერს ჟორდანიას, იქვე ტელეფონით ესაუბრა კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ოთარ ჩხაიძეს, რომელიც, მისივე სიტყვებით, აფიქსირებს ასევე მხარდაჭერას. თუმცა ებრალიძემ მოითხოვა, ეს ოფიციალურად გააკეთეთ _ კლუბის გვერდზე ან ჟურნალისტებთან საუბარშიო. ზოგი დაეთანხმა მას _ მთავრობა რასაც ეტყვის, საბიუჯეტო კლუბი იმას იზამსო, ზოგმა თქვა _ ეს არაფერს ცვლისო. შეკრებილებიდან ზოგს ამ სიტყვებზე ის შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ გრფფ-ის თავკაცზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა თავად ებრალიძემ ეს ჟურნალისტებთან საუბარში არ დაადასტურა. ‘‘მე კარგად ვიცი, თუ რა მძიმე დღეშია კახა ებრალიძე. იმაზე მეტს ვხვდები, რაც ზოგს წარმოუდგენია. ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაშია, თუმც ამის შესახებ ის ვერ ისაუბრებს. ვერც იმას გავექცევით, რომ ჟორდანიას არწარდგენა მთელი ლანჩხუთის სირცხვილი იქნება’‘ _ აღნიშნა პირად საუბარში სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა. საბოლოოდ, მაინც იმ აზრზე დარჩნენ ვეტერანები, რომ ლანჩხუთმა ჟორდანია აუცილებლად უნდა წარადგინოს და გრფფ-ის თავკაცს მუქარანარევი თუ მეგობრული მოთხოვნა დაუტოვეს.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0