ბიბლიოთეკარის პროფესია, ერთ-ერთი უძველესია, თანამედროვე ეტაპზე იგი ნელ-ნელა მიემართება წარსულისაკენ, რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, დიდი ხანია შეცვალა წიგნის თაობა ინტერნეტს მიჯაჭვულმა ახალგაზრდობამ, თუმცა წიგნი მაინც განუმეორებელი და შეუცვლელია, იგი ფიქრისა და წარმოსახვის საშუალებას იძლევა, ვიწრო გრძელი დერეფნები, ბიბლიოთეკების წიგნსაცავებში და ქაღალდის მძაფრი სუნი უკვე ნოსტალგიად იქცა. ლამაზ მოგონებებში და დაუვიწყარი სამყაროში კვლავ გვაბრუნებს ის რაც ჯერ კიდევ არ წაშლილა, ამ იდუმალი სამყაროს კეთილი ჯადოქრები კვლავ ელოდებიან მკითხველს...
ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია ქალბატონი ნარგიზ გუჯაბიძე, იგი უკვე 42 წელია ამ საქმეს ემსახურება და მისი ყოველი დღე ჩევეული ენთუზიაზმით იწყება, წიგნის გარემოში მუშაობას შეჩვეულია და კითხვაც მისი ჩვეულებაა, იგი მოსიარულე ენციკლოპედიაა, მუდმივად მზად არის შეასრულოს შრომატევადი საქმე, დამლაგებელიც თავად არის და წიგნადი ფონდის მომწესრიგებელიც, ეს ყველაფერი ხდება საოცრად მიზერული ხელფასის ფონზე, აქ მთავარი განმსაზღვრელი მაინც საქმისადმი სიყვარულია.
_ ქალბატონო ნარგიზ, პირველად როდის მიხვედით ბიბლიოთეკაში სამუშაოდ?
_ 1980 წლის 26 მაისი იყო ასე მახსოვს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში მიმიყვანა ჩემმა მეთოდისტმა, ნანი ჭანკვეტაძემ, მაშინ სოფელს სოფლის საბჭო ხელმძღვანელობდა. საბჭოს თავმჯდომარე იყო მიშა ჩახვაძე, ძალიან კარგი კაცი. ეს იყო ზემო ჩიბათი, სადაც ვიმუშავე 20 წელი, 2000 წელს, გადმომიყვანეს ქვემო ჩიბათში და მოხდა რეორგანიზაცია. ზემო, ქვემო ჩიბათი და ჭალა შეერთდა და დავრჩი მე. რეორგანიზაციის შემდეგ ორი წელი და ცხრა თვის თავზე კვლავ გავაგრძელე მუშაობა და დღემდე ვმუშაობ.
ჩვენი ხელმძღვანელი ნუნუ ენუქიძე უაღრესად კეთილი, განათლებული კულტურული ქალია და შესანიშნავი მენეჯერიც გახლავთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან მიზერული ხელფასები გვაქვს,
- მაინც რამდენი გაქვთ ხელფასი?
_ ხელზე ვიღებთ 165 ლარს.
_ მომატებაზე არაა საუბარი?
_ა(ა)იპ კულტურის გაერთიანების დირექტორი მერაბ ქარჩავა კი გამოთქვამს წუხილს ამაზე, მაგრამ ახლა ბიუჯეტი დამტკიცებულია და ვინ მოგვიმატებს?
_ ამ დროს სამუშაო სერიოზული გაქვთ ამაზე ენერგიას და დროს ხარჯავთ ხომ ასეა?
_ დიახ ეს პროფესია უჩინარი პროფესიაა, საკმაოდ შრომატევადია. წიგნების დალაგება, ალაგება, კლასიფიკაცია, გატარება, განყოფილებები და რა ვიცი არაა მთლად იოლი საქმე.
_ სპეციალობით ბიბლიოთეკარი ხართ?
_დიახ, ვარ ბიბლიოთეკათმცოდნე. ვმუშაობთ ძირითადად ძველი თაობა, ამაჟამად უნივერსიტეტებში შესაბამისი ფაკულტეტები გაუქმდა, არც ტექნიკუმები არსებობს როგორც ვიცი.
_როგორი წიგნადი ფონდი გაქვთ?
_ წიგნადი ფონდი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გვაქვს, ცენტრალური ბიბლიოთეკის შემდეგ მგონი ჩვენი ბიბლიოთეკაა, იმიტომ რომ აქ სამი სოფლის ბიბლიოთეკა შეერთდა და წარმოიქმნა ერთი წიგნადი ფონდი.
_ მარტო ერთი თანამშრომელი მუშაობთ ?
_ დიახ დამლაგებელიც მე ვარ და ყველაფერი.
_ ტერიტორიულად სად არის ეს ბიბლიოთეკა?
_ სოფელ ჩიბათში ეკლესიის პირდაპირ მეორე სართულზე
_რა გრძნობაა ეს, როცა ამდენი წელი მუშაობთ, ემსახურებით ერთსა და იგივე საქმეს?
_ კი არის შრომატევადი, მაგრამ დიდი სიყვარულია, უამრავჯერ შევავლე ამ წიგნებს ხელი და მინდა კიდევ დიდხანს მოვეფერო. წარმოიდგინეთ რამდენი ხელისუფლება გამოვიარე, კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე. იყო პერიოდი, როცა არეულობა იყო მოგეხსენებათ 90-იანი წლები, ტეხდნენ ამტვრევდნენ წვავდნენ, მაშინ ჯანიკო ტყეშელაშვილი იყო ჩვენი ხელმძღვანელი და კბილებით იცავდა ბიბლიოთეკებს და ასე მოვიტანეთ წიგნადი ფონდი აქმდე. ალეკო კუკულაძემ, სოფლის გამგებელმა, მან საკუთარი სახლიდან მოიტანა ფიცრები და ამიჭედა.
_ წიგნადი ფონდის განახლება ხდება?
_ 54 ბიბლიოთეკა იყო რაიონში და 18 დარჩა, როცა მარგველაშივილი იყო ჩვენი პრეზიდენტი, ხუთას-ხუთასი ლარის ღირებულების ახალი წიგნები შემოვიდა, ამაზე ხშირად საუბრობს ქალბატონი ნუნუ ენუქიძე, ბიბლიოთეკა არის ახალი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვადასხვა გამოცემები. ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ 100 ცალი წიგნი გვაჩუქა გიორგი კეკელიძემ და კვლავ დაგვპირდა დახმარებას.
კარგი ფონდი გვაქვს, მაგრამ განახლება ნამდვილად სჭირდება.
_ ახლა ის შეკითხვა უნდა დაგისვათ რაც ზოგადად არის ბიბლიოთეკების აქილევსის ქუსლი, ესაა მკითხველი, როგორია აქტივობა ამ კუთხით?
_ ასე თუ ისე არის მკითხველი. ახლოს საბავშვო ბაღია, მოდიან აღმზრდელები და წიგნები მიაქვთ, ასევე სტუდენტებიც შემობრუნდნენ, თავად ძალიან მიყვარს კითხვა და სულ ვკითხულობ.
_ რას კითხულობენ ყველაზე უფრო?
_ ყველაზე უფრო გაზეთებს, ჟურნალები არ გვაქვს. დამამახსოვრდა 5-6 წლის წინ მოვიდა სტუდენტი და მთხოვა მეცნიერული კომუნიზმი თუ გაქვთო, მაგრამ უკვე აღარ გვქონდა ამ შინაარსის ლიტერატურა.
_ ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურა?
_ კი გვაქვს საინტერესო ფონდი, ქართული, ასევე ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, კლასიკოსები, რუსული ლიტრატურა და სხვა.
_ ანუ მკითხველი გყავთ, მარტო არ ზიხართ ბიბლიოთეკაში?
_ დიახ, მკითხველი გვყავს და მარტო ნამდვილად არ ვზივარ, პრობლემა ესაა, რომ ახალი რემონტი არ გვაქვს და მიზერული ხელფასით ვმუშაობ.
_ ხომ ვერ მეტყვით რა არის ის საიდუმლო, რაც კვლავ დააბრუნებს ახალგაზრდობას წიგნის სამყაროში?
_ ალბათ გამოვნახოთ უნდა სასაუბრო ენა, ღონისძიება, ინფორმაციები, ყველაზე მეტად, მაინც ინტერნეტმა ჩაანაცვლა წიგნი და ესაა ცუდი, მაგრამ წიგნი შეუცვლელია მე სულ კითხულობ, ახლა მაგალითად ჟან კასოს ვკითხულობ, რომელიც ძალიან მიყვარს.
_ ამ წლების მანძილზე სულ კთხულობით, როგორც ჩანს?
-6 წლიდან სულ ვკითხულობ, ერთია, რომ არ მიყვარს ღამის სინათლეზე კითხვა და უსათვალოდაც ვხედავ.
- ანუ ყველაფერს აკეთებთ თქვენ და თან კითხულოთ?
- დიახ უამრავი საქმეა ბიბლიოთეკაში.
42 წელი ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკარის რუტინული შრომა მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ

ესაუბრა მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 852