ყოველი დაბრუნება საკუთარ ფესვებთან სასიხარულო და იმედისმომცემია, ჩვენ ბევრნი ვართ სინამდვილეში, ერთმანეთს ვავსებთ და ვაძლიერებთ... ქალბატონი, რომელზედაც ახლა მოგიყვებით სანკტ-პეტერბურგიდან არც თუ ისე დიდი ხანია ჩამოვიდა და საკუთარ სოფელს- აცანას დაუბრუნდა, თავისი მშვენიერი სამყარო ჩამოიტანა, რომელიც ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულით გამოიხატება. იგი ახლა ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში აგრძელებს მუშაობას, ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა, თუმცა ამის შესასახებ თავად უკეთ მოგვიყვება, ეს ქალბატონი გახლავთ მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე და მარინა ჭყონია-ახალაძე
- ქალბატონო მარინ, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
- სოფელ აცანაში დავამთავრე რვა კლასი და შემდეგ გავაგრძელე სწავლა, მოსე თოიძის სახელობის თბილისის სამხატრვრო პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. ვასწავლიდი მამათის საშუალო სკოლაში სახვით ხელოვნებას და ხაზვას, ასევე სოფელ აცანის საბავშვო ბაღში ვმუშაობდი უფროს აღმზრდელად . შემდეგ გავთხოვდი და წავედი, მაშინ ერქვა ლენინგრადი ახლა სანკტ-პეტერბურგია. შევქმენი ოჯახი მყავს ორი გოგო, არ მქონდა სამხატვრო აკადემია დამთავრებული და ძალიან მინდოდა უმაღლესი განათლების მიღება, ბავშვები უკვე დიდი მყავდა 2003 წელში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში პეტერბურგში და 2009-ში დავამთავრე,ხელოვნებათმცოდნეობის განხრით.
- შემდეგ სად მუშაობდით?
-სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი როგორც მხატვარი და ჩემი ნამუშევრები არის: გერმანიაში, პოლონეთში კერძო კოლექციებში ძირითადად, გობელენებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ, გობელენების განხრით მაქვს დამთავრებული თოიძის სასწავლებელი. სანკტ-პეტერბურგში არის ასეთი დიდი სავაჭრო ცენტრი ,,გოსტილნი დვორ’’ და იქ ვმუშაობდი ინტერიერის დიზაინერად.
- აცანაში როდის ჩამოხვედით და რატომ გადაწყვიტეთ ჩამოსვლა?
-2019 წელს,მეუღლესთან ერთად ჩამოვედი დედის, დეიდის და ოჯახის გამო.
- შვილები?
- შვილები დარჩნენ, ერთი ამერიკაში გადავიდა აგრძელებს სწავლას. ორი გოგო მყავს- მაია და ეთერი, ერთი დაოჯახებულია.
- ტერიტორიულად სად ცხოვრობთ აცანაში? ჭყონია თქვენი გვარია
- ჩემი გვარია ახალაძე, ჭყონია მეუღლის გვარია, ვცხოვრობთ ,,ნაშენებას“ კუთხეს ეძახიან, მანდარინები იყო მოშენებული და იმის მერე შერჩა ეს სახელი.
- დღეს მე მგონი რაღაც განსაკუთრებული დღეა ფუსფუსი შევნიშნე სამხატვრო სკოლაში, გამოფენაზე მიდიხართ და მაგაზე მინდა გკითხოთ, რა გამოფენაა და ვინ მიდის?
- დიახ, ვიღებთ მონაწილეობას ორ გამოფენაში, რომელიც თბილისში გაიმართება, ესენია:,,მომავლის ვარსკვლავები’’’ და ,,ოქროს მართვე“ გამოფენაში მონაწილეობას იღებენ, როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები, თავიანთი ნამუშევრებით. ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები არიან, ტატა გუჯაბიძე და რევაზ კუპატაძე - მასწავლებელი მანანა ფირცხალაიშვილი, მათი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მე მიმაქვს ერთი ნამუშევარი. ნიჭიერი პედაგოგია დავით თავდიშვილი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას, მას წელს გამოსაშვები კლასი ჰყავს, ორი ნამუშევარი მოაქვს. იმედი მაქვს, რომ წარმატებები და დიპლომები იქნება.
- სამხატვრო სკოლაში სტუმრობა ყოველთვის არის ემოციებით დატვირთული, თვალი თავისით იმ კედლებისაკენ მირბის, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრებია. გვიამბოთ ამ მოსწავლეების შესახებ.
- მე მესაბე ,,ბ’’ კლასს ვასწავლი, ასევე სასწავლო ნაწილის გამგეც ვარ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მინდა აღვნიშნო ანა ახალაძის ნამუშევარი საქართველოს დღესთან დაკავშირებით ,,ფრესკა იერუსალიმში.“ ასევე ნუცა ცინცაძე, რუსუდან გიგინეიშვილი, ნინი ჩერქეზია, ანრი შაინიძე, ნინო წილოსანი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან; ყველა ჯგუფში არიან ნიჭიერი და საკუთარი ხედვით გამ-ორჩეული ბავშვები.
უნდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ არის არაჩვეულებრივი პედკოლექტივი, ყველა პედაგოგი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭიერებით და ბავშვებისადმი სიყვარულით, ერთმანეთს გვერდით უნდგანან, ყველა საქმეში.
- მეუღლის შესახებ მინდა გკითხოთ, თქვენი კოლეგაა?
- მეუღლეა ბორის ჭყონია წარმოშობით სოფელ ჩიბათიდან, დამთავრებული აქვს სარკინიგზო-საგზაო ინსტიტუტი სანკტ-პეტერბურგში,მუშაობდა თავისი პროფესიით ჩამოვიდა ჩამთან ერთად, მეხმარება და ყველანაირად ამომიდგა გვერდით.
სანკტ-პეტერბურგიდან აცანაში ჩამოტანილი სითბო და სიყვარული

ესაუბრა მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 636