,,ჰო და არას" სტუმარია ისტორიკოსი, ბატონი თამაზ ცინცაძე, რომელმაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ბევრი საინტერესო მოგონება თუ თქმულება გაიხსენა.
_ დღეს ძალიან აქტუალურია ტურიზმის განვითარების თემა, არც ჩვენი რეგიონია ამ მხრივ გამონაკლისი და შეიძლება ითქვას, რომ არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს ტურისტულად განვითარებულ სხვა რეგიონებს. თუმცა ინფრასტრუქტურის მოწყობის და შესაძლოა ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ალბათ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი?
_ როცა ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტს გარდა სანახაობისა, აგრეთვე სჭირდება კვება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იწარმოებოდეს კვების პროდუქრები. ეს სტიმულს მისცემს გლეხური და ფერმერული მეურნეობების განვითარებას.
_ იქნებ ასევე კარგი აზრი იყოს, რომ ადგილზევე ფუნქციონირებდეს ისეთი მცირე საწარმოები და ცეხები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მცირე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების აწყობაც. ბოლოს და ბოლოს გემშენებელი ქარხნის გამოცდილება გვაქვს ლანჩხუთლებს?
_ კი ბატონო, ამის წარმოებას სჭირდება აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარება, მართლაც საჭიროც არის და სასურველიც, რომ ადგილზე იქნას წარმოებული მცირე მექანიზაციის საშუალებები. ამით დაიზოგება ვალიუტის გადინება სხვა ქვეყნებში და დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. სხვათა შორის, იყო ამაზე საუბარიც, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს მიმართულება ვერ განვითარდა. გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურისტულ ობიექტებს კეთილმოწყობა სჭირდება. სჭირდება მოწესრიგებული გზები და ინფრასტრუქტურა. ამავე დროს ველური ბუნებაც უნდა იქნას შენარჩუნებული, ჩვენი კოლხური ველური ბუნება, რაც უფრო მეტ მიმზიდველობას მოუტანს ასეთ ტურისტულ ობიექტებს. აუცილებელია შესწავლილი იქნას და ინფორმაციისა და ბანერების სახით მიწოდებულ იქნას ტურისტული ობიექტების ადგილმდებარეობები და მონიშნულ და მიწოდებულ იქნას პოტენციურ დამთვალიერებლებისათვის. ჩვენს რეგიონში დიდი პოტენციალია სანატორიუმების და სამედიცინო ტურიზმის აღორძინების კუთხითაც, როგორიც არის გრიგოლეთი, ურეკი, ბახმარო. სხვათა შორის, კვლევებმა დაადასტურეს, რომ რაც არის ურეკში, იგივე არის გრიგოლეთშიც.
_ ჰოდა, რა უშლის ამ ყველაფერს ხელს?
_ ამ ყველაფერს სჭირდება სწორი ადმინისტრირება და მიტანა ხალხამდე. მუნიციპალიტეტში არიან ამ კუთხით დასაქმებული ადამიანები, თუმცა მოვალეობას არ ასრულებენ, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა შევახსენოთ _ შენ, მეგობარო, ხელფასს რომ იღებ, ვალდებული ხარ შეაგროვო, დაახარისხო და განათავსო საჭირო ინფორმაცია, როგორც ინვესტორების, ისე პოტენციური დამსვენებლების მოსაზიდად.
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაში არ არის ეს ყველაფერი ასახული?
_ შეიძლება სადღაც დევს ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაგალითად, რომ დამაინტერესა, ვერ მოვიძიე,
_ ანუ რომ დაინტერესდეს ინვესტორი, ერთიანად, ორგანიზებულად, კატალოგის ფორმა არ აქვს მიცემული?
_მეტი საჯაროობა უნდა იყოს, კატალოგი და ბანერებიც უნდა იყოს, როგორც უშუალოდ ობიექტებზე, ასევე სამარშუტო გზებზე უნდა იყოს საინფორმაციო დაფები. ზოგადად გურია ტურიზმის ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. ის კი არა და ბახმაროსა და ურეკის დამაკავშირებელ საბაგირო გზის გაყვანაზეც იყო პროექტები. მაგალითად სექტემბერში ტურისტს თხილამურებით შეძლებოდა გართობა ბახმაროს მთებში ბუნებრივ თოვლში და შემდგომ იქვე ურეკში ებანავა შავ ზღვაში, გარუჯულიყო პლაჟზე...
_ უშუალოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩვენ ხომ გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებითაც შესაძლოა დავაინტერესოთ უცხოელი ტურისტები?
_ რა თქმა უნდა, არის. ავიღოთ სოფელი ორაგვე!
_ ორაგვის განვითარების გეგმა არის როგორც ვიცი...
_ კი, არის. ჰოდა, ეს გეგმა უნდა იდოს, სკოლებიც უნდა იყვნენ ინფორმირებული და ბიბლიოთეკებიც. სკოლებში უნდა იყოს ლაშქრობები გაწერილი გასვლით პროგრამებში. რა თქმა უნდა, ბავშვთა უსაფრთხოების სრული წესების დაცვით. ასევე ლაშქრობები შეიძლება მოეწყოს აცანაში, ჩოჩხათში და ა.შ. მითუმეტეს ჩოჩხათში ჯომარდობის კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ უსაფრთხოება, უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა.
მახსოვს ორაგვეში ჩემს ბავშვობაში იყო საზაფხულო ბანაკი. წლების მერე დამაინტერესა ორაგვემ და ექსპედიცია მოვაწყვე მეგობრებთან ერთად. ძალიან საინტერესო ტოპონიმები დაგვხვდა. მაგალითად, არაბული მცენარეების დასახელებები თავისი თვისებებიდან გამომდინარე.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ ტურიზმი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ, როგორც შიდა მოხმარების ტურიზმი, ასევე საუცხოო კუთხით.
_ კი ბატონო!
_ სამკურნალო ტურიზმიც ვახსენეთ: ურეკი, ბახმარო და ყვავილნარი, იგივე მაგნიტეტი, ადრე ლანჩხუთს ეკუთვნოდა როგორც მახსოვს. ასევე სამკურნალო ტურიზმთან დაკავშირებით ნაბეღლავი ჩვენს მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, მაგრამ არის რაიმე მსგავსი სამკურნალო და მინერალური წყაროები ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე?
_ სხვათა შორის დამაინტერესა ამ თემამ და საინტერესო რა არის იცით? მრავალი წყარო არსებობდა ...
_ მჟავე წყლები გვაქვს ჩვენთან?
_ არის, მაგრამ წყაროებს არ აქვთ საინფორმაციო დაფები. სასურველი იქნება თუ წარწერა იქნება წყაროსთან, ორაგვეში უნიკალური წყალია, აცანაშიც გამიგონია. წყაროსთან ახლოს უნდა იყოს საინფორმაციო დაფა. ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.
_ შუხუთში არის ადგილი, ,,საირაოს" ეძახიან და რატომ გეუბნებით: მაგალითად ფოთში სპეციალურად ჩამოდიან უცხოელი ფოტომონადირეები და გადამფრენ ფრინველებს უღებენ უნიკალურ ფოტოებს, თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხომ არ ხდება გადამფრენი ფრინველების სასირი? (ძველი ქართული სიტყვაა და თანამედროვე ენით გადამფრენი ფრინველების ბაზირებას გულისხმობს.)
_ შევეცადე მომეძებნა გურიის ტოპონიმიკა, ვერსად ვნახე. შემდეგ პროფესორმა იური სიხარულიძემ ჩამომიტანა გურიის ტოპონიმიკა. სამიათასხუთასი ტოპონიმია მის მიერ მოძეული, აგრეთვე აცანაში ასორმოცდათხუთმეტი ტოპონიმი აქვს დაფიქსირებული პროფესორ ალექსანდრე ღლონტს. დავინტერესდი და ბატონებს გიზო ჩხაიძეს და დავით ქინქლაძეს მივმართე, ხალხში ოცდაათამდე ტოპონიმი დავიწყებული იყო უკვე და ცოტა ხანში სხვებიც დაავიწყდება ხალხს, თუ ისევ ხშირხშირად არ შევახსენეთ. არადა, ტოპონიმიკა დედამიწის ენაა, ყველაფერს გველაპარაკება, რა იყო აქ, უბრალოდ საჭიროა სწორად წაკითხვა. თვითონ იური სიხარულიძეს ორაგვეში ექვსი ტოპონიმი აქვს დაფიქსირებული და როდესაც ექსპედიცია მოვაწყვეთ, სოფიკო აფშილავა გვახლდა და დავით ქინქლაძე, ორმოცამდე დავთვალეთ, მაგრამ ზოგი ითარგმნება მეგრულად, ზოგი ლაზურად და ზოგი, რა თქმა უნდა, ქართულად და საჭიროა სპეციალისტები, რომ ითარგმნოს თუ რას ნიშნავს.
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე?
_ გურიის ტერიტორიაზე და რამდენიმე ადგილზე დაფიქსირებულია ტერმინი სასირე. როგორც ჩანს გადამფრენი ფრინველები ამ ადგილებს იყენებდნენ შესასვენებლად მიგრაციის დროს.
_ ტურიზმთან დაკავშირებით, ხომ არსებობს განყოფილება, რომელიც ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული?
_ 2015 წლიდან მე და ბატონმა მერაბ ქარჩავამ დავიწყეთ არგონავტების თემით და რამდენიმე ადგილი გამოვკვეთეთ: აცანა, ორაგვე, ჩოჩხათი და კოლხეთის დაბლობი. ჩოჩხათი, განსაკუთრებით მოედანი, იმით დარჩა საინტერესო, რომ იქ ნაპოვნია მეთხუთმეტე ლეგიონის აგური. ეს მეორე საუკუნეა და ჩვენ ამ პერიოდში ვიყავით ევროპული ცივილიზაციის თანაზიარი, მაშინ ვიყავით ჩვენ ევროპელები...
_ შუხუთში ჩემი ოჯახის განაყოფ ეზოში მეოთხე საუკუნის აბანოს ფილებია აღმოჩენილი.
_ შუხუთთან დაკავშირებით ეს მონაცემები მქონდა, მაგრამ სურათი რომ ვნახე, არ მომეწონა, შავთეთრი იყო და შემდგომში კახა ჩავლეიშვილმა, ოზურგეთელი ადვოკატია და ამ კუთხით დიდი სამუშაო ჩაატარა.
_ ეროვნულ მუზეუმშია დაცული...
_ კახამ დადო ინტერნეტში ფერადი ფოტოები ამ ფილების. ისე გამიკვირდა, ისეთი ლამაზი იყო და მერე დავსვი საკითხი, რომ ყველაზე უმთავრესი არის გურიაში და ლანჩხუთში, თუ მოხდება იმ ფილების ასლების გაკეთება სათანადო წარწერით, შუხუთში დაიდოს, სადაც ლელო ტარდება იმ ფილების ერთი ასლი და ლანჩხუთის ცენტრშიც მეორე ასლი სათანადო წარწერით - მეოთხე საუკუნის შუხუთის აბანოს ფილები.
_ ინფორმაციაში ერთი ცვლილება უნდა შევიდეს ჩემი აზრით, ამ საკითხზე ეროვნული მუზეუმის დირექციასაც ვესაუბრე. ეს არის რასაც ისტორიული მეხსიერება იტევს ფირცხალაიშვილების საკარმიდამო ნაკვეთი, ხალვაშები შემდგომში დასახლდნენ, ახლა სხვა გვარი ცხოვრობს მანდ, კომუნისტების დროს და სწორედ ეზოში გზის გაყვანის დროს მოხდა იმ ფილების პოვნა. არავინ იცის მეოთხე საუკუნეში ეს ტერიტორია რა გვარს ეკუთვნოდა.
- კი ბატონო!
- სამონადირეო ტურიზმზე რა აზრისა ხართ?
- სხვათა შორის, დღეს ევროპაში ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ნადირობა და თევზაობა. მე მაგალითად ასე დავსვი საკითხი, რომ სასურველი იქნებოდა, თუ აღდგებოდა, კოლხური ნავის, „კამარა“-ს მოქმედი ასლები, ისეთი 20 კაცი რომ დაეტეოდა ზედ და არგონავტების მსგავსი აფრით თუ იმოძრავებდა პალიასტომში, რომელსაც ნიჩბებიც ექნებოდა და თანამედროვე პატარა ძრავიც ექნებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება...
- ბიზნეს გეგმები რომ დაიდოს, იქნებ ინვესტორებიც გამოჩნდეს.
- არაერთ ადამიანთან მქონდა საუბარი, ნამუშევრებიც წარვადგინე, უნიკალური რუკები, დაწერილი თემები, ის კი არა და ისიც კი დამაინტერესა, არგონავტები, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რომელი თვე იყო და დაახლოებით ივლისის თვე ყოფილა, რომ ქეიფობდნენ, ვენახი იყო აყვავებული და შემოხვეული სვეტებზე. ისიც დამაინტერესა რომელი ღვინო იქნებოდა მეთქი და ჩემო მოკვლევით ჩხაბერძნულა იქნებოდა, ჯიშია ასეთი, მარა დაკარგულია.
- სხვათა შორის, მე ვფიქრობ აგროტურიზმის განვითარებაც მნიშვნელოვანია.
- აგროტურიზმი, სპორტული ტურიზმი _ განსაკუთრებით და რატომ ვამბობ ამას. აფხაზეთში, დაბა ლესელიძეში არსებობდა საფეხბურთო ბაზა. სამწუხაროდ, ლესელიძე დღეს ჩვენს იურიდიქციაში არ არის? ფოთში არსებობდა ნიჩფოსნობის ბაზა. აკადემიური ნიჩბოსნობა, ბაიდარკა და კანოი, მაგრამ ფეხბურთი ხომ არის ჩვენთან, ლანჩხუთში?! აღორძინდეს ბაზა გრიგოლეთის მიდამოებში, თურქეთში რომ მიდიან „ზბორებზე“! ამას მერე ახალგაზრდობა რომ დაინახავს, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მიმზიდველია და ამყოლი.
კიდევ ერთი, ტურისტს ნაკლებად აინტერესებს ბაზარში ნაყიდი ხილი, მას ურჩევნია თვითონ იყოს დაკრეფის პროცესის მონაწილე, ამაში მეტს იხდიან. ასევე ტურისტს აინტერესებს ქართულ კერძებთან ერთად რაღაც განსხვავებული და ორიგინალური, თუნდაც შამფურზე შემწვარი კვერცხი.
- კვერცხი როგორ იწვება შამფურზე?
_ ეს საიდუმლოებაა მარა ტექნიკის დეტალს მაინც გავაჟღერებ, თუმცა მოხერხებულობაა საჭირო და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომ ხელი არ დაიწვას მზარეულმა. შამფური უნდა გააცხელო მაგრად და როცა გაატარებ კვერცხში, შიგნით კვერცხი შეიწვება უცბად! სხვათა შორის, სანახაობისთვის ცეცხლი ძველებურად კვესაბედით უნდა დაანთო და არა სანთებელით და ასანთით. უწინ ზოგ მეზობელს, მეცეცხლურ მეზობელსაც ეძახდნენ. მასთან ინახებოდა გაღვივებული ნაკვერჩხალი და სხვა მეზობლებს თუ კერია გაუცივდებოდათ, მისგან მიქონდათ ხოლმე.
ერთი ასეთი ფაქტის მომსწრეც ვარ. ნადი ყანაში იყო წასული და მაშინ ასანთი არ იშოვებოდა, ოთხმოცდაათიანებში, რომ ეირია ქვეყანა. ჰოდა, ნაკვერჩხალი ქონდათ შენახული და ცეცხლს იქედან უკიდებდნენ თუთუნზე.
_ მოიპოვება კვესაბედი ლანჩხუთის ტერიტორიაზე?
_ კი ბატონო, მაგას სჭირდება კაჟის ქვა და მაღალი ხარისხის ლითონი.
_ ისევ ორაგვეს დავუბრუნდეთ, რამდენადაც ვიცით ევროკავშირის დაფინანსებით კეთდება ორაგვემდე მიმავალი გზა.
_ ორაგვე უნიკალური ადგილია. დავიწყოთ ტერმინის განმარტებიდან, ტოპონიმი ორაგვე მიღებული უნდა იყოს ჩიტებზე სანადირო მოწყობილობის სახელიდან რაგვი. როცა ორაგვეს მდებარეობას
დაათვალიერებ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს მართლა რაგვი იყო მტრის ლაშქრისათვის , რამეთუ გზა ორაგვიდან გადადიოდა ოზურგეთის მხარეზე და როცა ხეობაში შედიხარ, საკმარისია ჩაიკეტოს უკანა მხარე, ჩაიკეტება წინა მხარე და მტერი მოექცევა გამოუვალ მდგომარეობაში, მათთვის მართლაც რაგვი იყო ეს მდებარეობა. მე ასე ავხსენი და ტოპონიმიკაშიც ბევრი სიტყვა ზუსტად ამაზე მიუთითებს. მითუმეტეს ის გურულების დასასვენებელი ადგილიც იყო ერთის მხრივ, ისეთი ადგილი იყო, სადაც ფირალებიც კი აფარებდნენე თავს ხანდახან. საინტერესო ის არის, რომ დოკუმენტებში ვერ ვნახე, მაგრამ გამიგონია ორაგვის მთას ადრე ერქვა აიეტის მთაო. შეიძლება დავასკვნათ, რომ ორაგვე იყო მეფე აიეტის საზაფხულო რეზიდენცია.
_ მე მაქვს პრეტენზია (ხუმრობით ვამბობ), რომ აიეტის რეზიდემცია შუხუთში იყო!
-კი ბატონო, ძველი ციხესიმაგრეთა კომპლექსი ასეთნაირადაა განლაგებული: შუხუთის ციხე, ციხე მოედანზე (ჩოჩხათი) და აგრეთვე ვაშნარი ოზურგეთში. ეს ერთი კომპექსი იყო.
_ შუხუთი ციხე ქალაქი იყო?
_ კი ბატონო და მე მაგალითდ ასეთი თემა მაქვს დაწერილი ,,ჩოჩხათის თემის საიდუმლოებები", ამ შემთხვეაში ვგულისხმობ სოფელ მოედანზე არსებულ რომაელთა ნამოსახლარს. მანდ მიმიყვანა ნაპოვნმა აგურმა, მეთხუთმეტე ლეგიონი წერია ზედ, სადაც რომაელები სახლობდნენ მათ ქონდათ თავიანთი კულტურა შეტანილი. სხვათა შორის არის ასეთი გვარი ჭანტურია, რაც ცენტურიონიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც დარჩა იმდროინდელ კოლხეთში. ცენტურიონი ასმეთაურს ნიშნავს.
ამ დღეებში ველი, პიროვნება ჩამოვა, რომელიც სწავლობს გურიაში არსებულ გამოქვაბულებს, შუხუთშიც უნდა მოსვლა და შეგახვედრებთ აუცილებლად.
მე გავაკეთე 1840 წელს გურიაში არსებული ეკლესიების რუკა. ასი ეკლესიაა გამოსახული ზედ. მინდა განვახორციელო პროექტი, რომელიც გულისხმობს დღეისათვის არსებული ეკლესიების გადაღებას ჩვენს ტერიტორიებზე და მათი სურათების გადატანას რუკაზე.
_ კარგი იქნება გუგლის ონლაინ რუკაზეც თუ ავსახავთ.
_ ყველა ეკლესიის გარშემო ადგილობრივი ჯიშების დენდროლოგიური პარკია, ესეც გასათვალისწინებელია. მარტო ერთი კაცი ამას ვერ იზამს, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები და ფინანსები.
_ ეს საშვილიშვილო საქმეა და ...
_ როდესაც გაკეთდა ბრწყინვალე პროექტი აცანაში, ასევე ორაგვეში და ჩოჩხათში ჯომარდობის კუთხით, მართალია ეს განთავსდა ინტერნეტში, მაგრამ სასურველია თუ გამოვიდოდა მრავალჯერადი ცელოფანის პარკები ამ ადგილების სურათებით. რამეთუ ხალხში იმოძრავებდა ეს სურათები. საინფორმაციო ადგილებზე აუცილებელია ბანერების განთავსება.
_ არა მარტო ცელოფანის პარკები, მაცივრის სტიკერები და სხვა ბევრი რამ.
_ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას გიამბობთ. გაძირულში (მამათის თემი), მის გვერდით არის ნიფაშარა, გაძირული ნიშნავს ჩაძირულ ქალაქს და ნიფაშარა ნიშნავს ტალახიან გზას. მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა არეულობა იყო საქართველოში, თქმულებაა ხალხში, ერთ ადგილობრივს უნახია ორი ოქროს მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო ქალი მეფე გვირგვინით, მაგრამ შეიძლება კაციც იყო ქალივით ლამაზი. მპოვნელს ეს ორი ოქროს მონეტა გადაუდნია, მაგრამ მერე მესამეც უნახია და ეს მესამე მონეტა დაუკარგავს. საიდან გაჩნდა ეს მონეტები? ალბათ დასახლება არსებობდა, თანაც არის ოქროს მონეტებზე ლაპარაკი და არა უბრალო მონეტაზე. მერე წავიკითხე, რომ ვახტანგ ლიჩელი ამბობს, ქალაქი ფაზისი მოისაზრება თორმეტ ლოკაციაზე, მაგრამ მისი ღრმა რწმენით ფაზისი არსებობს პალიასტომისა და მდინარე ფიჩორის შესართავიდან 11 კილომეტრში და მას შარშანწინ კოვიდპანდემიამდე სურდა იაპონელების ჩამოყვანა, რათა კოსმოსიდან მომხდარიყო, კოსმოსური არქეოლოგიის გამოყენებით, ადგილმდებარეობის შესწავლა.
გაძირულის ტერიტორიაზე 2500 წლის წინანდელი ნამოსახლარი არსებობს. ასევე შუხუთთან ახლოს, ჭოლიპაში არსებობს 2500 წლის წინანდელი ნამოსახლარი.
ორაგვე - რაგვი მტრის ლაშქრობისთვის; ტოპონიმიკა, როგორც დედამიწის ენა და სხვა მრავალი საინტერესო რამ ლანჩხუთის შესახებ

ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 877