საქართველო, ჩვენი ნატრაბახევი საქართველო ნეტავ სად არის?!
მოდი დავდგეთ და ვიტრაბახოთ!
მოდი დავდგეთ და ვიძახოთ ხმამაღლა _ რა მაგრები ვართ!
მოდი დავდგეთ და მივბაძოთ ქვეყნის პრემიერ მინისტრს _ საქვეყნოდ ლაფი ვასხათ ერთმანეთს!
თუმცა ეს ხომ ისედაც არ გვაკლია, ჩვენ ხომ მოშურნეთა, მძაგებელთა, ჩასაფრებულთა, ხელისბიჭობით აღზევებულ უცოდინართა, განათლებულ და ზნემაღალ ქართველთა კუთხეში მიმწევთა, სულით მონათა, ფარხმალ დაყრილთა ქვეყანად ვიქეცით.
ნეტავი რატომ?
ჩვენ ხომ მთავრობაში შეყრილ მაღალხელფასიანთა ქვეყანად ვიქეცით, გალაღებულთ ამრეზით რომ შესცქერიან ათასობით დამცირებულნი, ქვეყნის მმართველი კასტის მიერ შექმნილი გარემოთი დაბეჩავებულნი. ჩვენ ხომ იმ ხალხად ვიქეცით, რომელიც თავისუფლებაზე მეოცნებე, ხელფეხ შეკრული აღმოჩნდა და ხსნა მხოლოდ გაქცევაში დაინახა.
ჩვენ ხომ იმ ხალხად ვიქეცით, სადაც პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, განათლებულობა, წესიერება სასაცილოდ არის ქცეული.
ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც ისე დაგვაჩაჩანაკეს, რომ ჩვენი მთავარი ღირსება, ჩვენი ხმა, ანუ ჩვენი მეობა ლარებზე შეიძლება გავყოდოთ იმ ადამიანებზე, ვინც იმდენად უზნეონი არიან, რომ დეპუტატის მანდატისთვის ქართველს აკადრებენ ამ უზნეობას და ადამიანები, რომლებიც კადრულობენ ხმა იყიდონ, წარმოიდგინეთ დეპუტატის მანტიით კიდევ რამდენის მკადრებელნი არიან...
და კიდევ რამდენი და რამდენი... დანარჩენი თავად გააგრძელეთ ჩვენო მკითხველო.
და ჩვენ გვინდა ევროპა!
სად არის ევროპა?
ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, თუ ის უნდა მოვიდეს ჩვენამდე?
...მოიხედეთ ბატონებო, ვერ ხედავთ ქვეყანა იცლება?! გარბიან და გარბიან ქართველები! სად არის თქვენი წარმატებული პოლიტიკა, რომლის წამოყვედრებით ლამისაა სამოთხე დავიჯეროთ. სად არის?
ოცდაათწლიანი ჭაპანჭყვეტის შედეგად სანამდე მივიდა ქართველი ხალხი? ნერწყვს ყლაპავს ერთეულთა არმად ნაშოვნის ცქერით თავად ამის შედეგად დამცირებული და დაგლახებული.
... და რაო ევროკავშირმა? რატომ არაო?
ამ ყველაფრის შემდეგ ვინმეს გვიკვირს რომ არაო?
პირველ რიგში ოლიგარქიული მმართელობა დაასრულეთო.
და რა არის ოლიგარქია? განმარტება ასეთია- (ოლიგარქია-მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
თავისუფლება, დემოკრატია და ოლიგარქია ერთად წარმოუდგენელია.
ევროპარლამენტმა უკრაინის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოს კი უთხრა აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ მოგანიჭებთ კანდიდატობასო.
მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა.
სამწუხაროდ, მთავრობის პირველი პირი და შესაბამისად მთავრობა, ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობას არ აღიარებს. შესაბამისად გამოსავალსაც არ ეძებს ჩიხიდან, რომელშიაც ქვეყანა შესულია.
არც დეპოლარიზაციაზე ფიქრობს. პირიქით, ჩხუბისა და აყალმაყალის ნათელი მაგალითი იყო პრემიერ მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. პოლიტიკურ ძალებს შორის დეპოლარიზაციის დასრულება ხომ სწორედ ერთ-ერთი მოწოდებაა ევროპარლამენტისგან. ცივი გონებით უნდა განვიხილოთ, რა ხდება და რა მოხდა საქართველოს თავს. ევროკავშირს რეალურად აქვს გაცხადებული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომ რაღაც ეტაპზე შესაძლებელია ე.წ. ტრიო _ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო _ იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაშინ აღმოჩნდა, რომ საქართველო თურმე სხვა სტრატეგიულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მთავარი მაინც ტერიტორიული პრინციპი აღმოჩნდა და არა ის ,,მიღწევები“, რაც პრემიერმა უხვად ჩამოთვალა პარლამენტში გამოსვლისას. ისე აბსოლუტური ერთსულოვნება არც ევროპარლამენტშია. არიან ქვეყნები, რომლებმაც ერთხმად დაგვიჭირეს მხარი-ბალტიისპირეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და სხვები, მაგრამ პოლიტიკურად ევროპამ თანხმობა უთხრა ომში ჩართულ უკრაინას, რომელიც უშუალოდ იცავს ევროპას რუსული აგრესიიდან ამ ეტაპზე და მოლდოვას, რომელიც იქვე მდებარეობს და არანაკლებ გასაჭირშია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების და რუსული ოკუპაციის გამო. საქართველო კი უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ ამ შანსს მაინც ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ, ჩავთვალოთ _ რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. ის შენიშვნები, რაც რეზოლუციაშია მითითებული, შესრულებადია, თუკი ქვეყანა მოინდომებს.
30 წლის მანძილზე პოლიტიკური ელიტები შეცდომებს შეცდომებზე უშვებდნენ. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით. ევროპას კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ არ მიგვიღეს, ჩვენს თავს დავაბრალოთ, რომ მთავრობებს მივეცით საშუალება დავემონებინეთ. ევროპას კი მადლობა ვუთხრათ, რომ შანსი დაგვიტოვა და გამოგვაფხიზლა საღათას ძილიდან. ლაზათიანად შეგვანჯღრია _ გონს მოდითო.
არადა, ქართველი საღათას ძილს მიჩვეულია, საღათას ძილს. ,,ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილიო!“ _ ხომ გახსოვთ როდის თქვა, შემდეგში ქართველთა ხელითვე მოკლულმა დიდმა ქართველმა. (დიდი ქართველების ატანა ხომ არადა არა არის საქართველოში, რადგან მათ გვერდით კარგად ჩანს გლახათა სიგლახე.)
სად არის ბიძინა ივანიშვილი? ოლიგარქი, რომლის გამო საქართველო ოლიგარქიულ ქვეყნად იქნა აღიარებული ევროკავშირის მიერ?! თქვენ, ჩვენო ძვირფასო ხალხო, არ გიჩნდებათ სურვილი ერთხელ მაინც მოუსმინოთ მას, ერთხელ მაინც ჩახედოთ თვალებში და მოთხოვოთ პასუხი _ სად არის დაპირებული _ კანონზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, ზნეობაზე დამყარებული და შესაბამისად განვითარებული ქვეყანა.
მე, როგორც შვილების დედა ვითხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე!
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც არსად გაქცევას არ აპირებს, ვითხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე!
მე, როგორც ჟურნალისტი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ქვეყნისთვის მეტად საჭირო ამ პროფესიას ვემსახურები, ვითხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე!
მე გეკითხებით თქვენ - რატომ გგონიათ ეს ქვეყანა, რომელიც ჩვენი სამშობლოა, თქვენი და თქვენი ფარის სახნავ-საძოვარი.
დაამთავრეთ!
დრო ჩართულია! დრო არ ითმენს!
დაცინვასაც საზღვარი აქვს!
სად არის დაპირებული-კანონზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, ზნეობაზე დამყარებული და შესაბამისად განვითარებული ქვეყანა

ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 413