“ასეთი ამბავია:
ელჩებს უნდათ, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც არის, ანუ საქართველო იყოს ევროპის გზაზე მდგარი ქვეყანა, რომელთან ლაპარაკიც შეიძლება. გზაზე დგომა სიარულსაც ნიშნავს და დგომასაც. ახლა ვდგავართ. მაგრამ ამ ეტაპზე ევროპისთვის როგორც ჩანს ეგეც საკმარისია. მთავარია ისეთი პრორუსულებიც არ ვიყოთ, რომ სულ ჩავწყვიტოთ ევროპასთან ურთიერთობა და ისეთი ავტორიტარულებიც არ ვიყოთ, რომ თავად ჩაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა. ამიტომ ასეთი მოთხოვნა პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზე. მე კი მგონია, რომ ახლა როგორი პრორუსები და ავტორიტარებიც ვართ, ეგეც საკმარისია, რომ არ აღიწეროს საქართველო სასიამოვნო საცხოვრებელ ქვეყანად, ამიტომ, ელჩების მესმის, მაგრამ მათი სურვილს ჩემს სურვილზე მაღლა ვერ დავაყენებ.
8 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო მთელი სახელმწიფო. სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია და ა.შ. ამაზე საქართველოს ყველა მოქალაქე შეთანხმებულია. ძალიან უნდა იტყუებდეს ადამიანი თავს, ამას რომ თვალი არ გაუსწოროს. კი, “ქუჩაში ხალხს ხოცავენ” განწყობა არ არის, მაგრამ როგორც კი ივანიშვილს სჭირდება ხოცავენ კიდეც, არბევენ კიდეც, იჭერენ კიდეც და ასამართლებენ კიდეც. მაგალთების მოყვანა აქ ზედმეტი მგონია.
ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში: “დაგასრულებთ”, “დაგამთავრებთ”, “გაგანადგურებთ” – ეს იყო ოცნების მოწოდებები ოპოზიციის მიმართ, მიუხედავად საკონსტიტუციო უმრავლესობისა, სადაც ოპოზიციას ისედაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო. უფრო სწორედ თავისთვის სასიკეთოს ვერ აკეთებდა, თორე ოცნებისთვის ზუსტად ეგეთი პოზიცია იყო ყველაზე სასარგებლო: უფუნქციო ოპოზიცია, რომელსაც შეგიძლია ყველა შენი წარუმატებლობა დააბრალო და პერიოდულად საფრთხობელად გამოიყენო ხოლმე.
ეს უნდა შეცვლილიყო ამ არჩევნებზე. ხალხზე, იდეოლოგიებზე, ხედვებზე სულ არაფერს ვამბობ. ტექნიკურად, ამ არჩევნებზე გვქონდა შანსი, რომ სახელმწიფო ძალაუფლება გადაგვენაწილებინა ბევრზე, რითიც თავიდან ავირიდებდით ძალაუფლების დიდ კონცენტრაციებს, რაც ზუსტად ვიცით, რომ სასიკეთო არ არის. ეგ შანსი წაგვართვა ოცნებამ. ამის გამო უნდა დაისაჯოს და გადაიხადოს კონკრეტული ფასი. არა ოთხ წელიწადში, არამედ მისი მმართველობის ყოველ დღეს.
დღეს ბევრი სვამს შეკითხვას, თუ რა აზრი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლას. მე მგონია, რომ ეს აზრი აქვს:
თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, მეორე დღიდან ოცნება დაიწყებს ოპოზიციის გინებას, დაიწყებს წუწუნს, რომ ოპოზიცია ხელს უშლის რეფორმების გატარებაში და იმის მტკიცებას, რომ მომდევნო ოთხი წელი უნდა დაუთმონ იმას, რომ ასეთი ოპოზიცია მომავალ პარლამენტში აღარ იყოს. ეს იქნება ძირითადი პოლიტიკური პროცესი. პარალელურად გაგრძელდება ბიუჯეტის ჭამა, კლანურობა, კორუფცია და ათასი სიბინძურე, სინამდვილეში რისთვისაც არის ოცნება ხელისუფლებაში. მოკლედ ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო.
თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, პირველ რიგში ოცნებას ეს “ხელის შეშლის” არგუმენტი ეცლება ხელიდან და თუნდაც იმ დარბაზში სადაც იჯდება, ვერავის ვერ მოუწყობს დებოშებს და მოუწევს, არ ვიცი, დაუსწრებლად ოპოზიციის გინება, რაც ძალიან სასაცილო მგონია.
ამას გარდა, ერთპარტიული პარლამენტი ადეკვატურად აღწერს სინამდვილეს, რომელშიც ვცხოვრობთ: ძალაუფლება არის ერთი გუნდის და ამ გუნდის მმართველი ივანიშვილის ხელში. ანუ ერთპარტიული პარლამენტი არის განაცხადი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩანს და ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფო ვართ. ეს მნიშნელოვანია, რამდენადაც ასეთ ვითარებაში დასავლეთს უნდა-არ უნდა მოუწევს პოლიტიკის გადაწყობა და უფრო მკაცრად რეფორმების მოთხოვნა, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო თუ სხვა. არ ესმით ამ ევროპელებს ჩხენკელის შექებები, ფარცხალაძის ბლატაობა, მურუსიძის კლანი და ტიკარაძის უვიცობა რატოა პრობლემა და იქნებ ერთპარტიულმა პარლამენტმა უფრო დაანახვოს.
და რაც ყველაზე მთავარია, რაც არ უნდა მოხდეს ოცნების მმართველობის პერიოდში, ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ოცნების ბრალი იქნება. ერთმნიშვნელოვნად. შუქი წავა, წყალი წავა, ორმო გაჩნდბეა ქუჩაზე, კრიმინალი გაიზრდება და ა.შ. ყველაფერი იქნება ოცნების ბრალი და ვინაიდან ოცნებამ აღარ დატოვა საკომუნიკაციო სივრცე, ერთადერთი სივრცე იქნება ღია პროტესტი, ქუჩა, დემონსტრაცია და ა.შ. და ამას ოპოზიცია კი არ გააკეთებს. გააკეთებს ხალხი. თან ისეთი, აქამდე რო არ გასულა ქუჩაში.
თუ ეს ყველაფერი მართალია, გამოდის, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა შეიძება უნდოდეს მხოლოდ ოცნებას და არა თავად ოპოზიციას, ვინაიდან ოცნება კარგავს ყველაფერს და არა ოპოზიცია. ოპოზიცია ჰა-ჰა, კარგავს ხელფასებს და პრესტიჟს (ჩემი ბიჭი პარლამენტარია).
ხოდა ამ ვითარებაში აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა და სწორედ ამიტომ მიდის ამხელა წნეხი მათზე, რომ არ შევიდნენ პარლამენტში და არ გაუფორმონ ოცნებას ერთის მხრივ გაყალბებული არჩევნები და მეორე მხრივ მმართველობის მომდევნო სრულიად უაზრო და წყალში გადაყრილი წლები,” წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.