ბატონო ბიძინა, ჯერ კიდევ 2008 წლიდან ლანჩხუთის ნაციონალურ მოძრაობასთან უსამართლობასა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავები. ვიცოდი, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა, მაგრამ 2012 წელს უფლის დიდმა საჩუქარმა, ერისა და ბერის წინაშე თქვენმა წარდგომამ და პატრიოტიზმმა, ხალხში მომავლის იმედი ჩასახა. მათ შორის მეც პარტიულ მოძრაობაში ჩავერთე და აქტივობას მას შემდეგ შევუდექი, როდესაც სამართლიანობისთვის ბრძოლის ნაპერწკალმა გაანათა. ქართული ოცნებიდან შემობერილი სიო ნაცპარტიული სისტემიდან ამოვარდნილ ქარიშხალს შეეჯახა და მეც სამართლის მაძიებელი, ამ ბრძოლის რიგებში ჩავდექი და ჩემი ვალი ხალხისა და პარტიის წინაშე პირნათლად შევასრულე. ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და არა ანგარებისთვის. დღემდე მე და ჩემი მეგობრები გულანთებული, უანგაროდ ვიბრძვით ოცნების სამართლიანობისთვის.
ბატონო ბიძინა, იმ დროისთვის ბევრი პიროვნება, რომელიც დღეს თა¬ნამდებობებს იკავებს, მხოლოდ თქვენს გასამრჯელოზე იყო ორიენტირებული. მე კი ჩემი პირადი ავტომობილი უანგაროდ ,,ოცნების” იდეებისთვის ბრძოლას მოვახმარე, რათა ოცნების ნაპერწკალი ნაცქარიშხალს არ ჩაექრო, რასაც ხელს უწყობდა ზოგიერთი თითქოსდა ,,ქართული ოცნების“ პარტიული მუშაკი და როდესაც პოლიტიკური დაძაბულობის ფონი იდგა, ის პიროვნებები, რომლებიც დღემდე თანამდებობებს ინარჩუნებენ წინასაარჩევნოდ დაპირებული, მათთვის სახელფასო თანხის მიუღებლობის გამო ,,ბუნტავშიკებად” გადაიქცნენ.
როდესაც ნაცმოძრაობა ,,ქართული ოცნების“ ყოველგვარი დახმარებისთვის ხალხს ციხეებში ყრიდა, 2012 წლის გურიის დეპუტატობის კანდიდატებმა თემურ ჩხაიძემ, ჯემალ ჭკუასელმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მეტად საპასუხისმგებლო პარტიული დავალება დამაკისრეს და ამ ხალხის დასაშოშმინებლად თბილისიდან ლანჩხუთი-ოზურგეთი-ჩოხატაურის სახელფასოდ გამოყოფილი თანხისა და სხვა საარჩევნო ატრიბუტების ჩამოტანა დამავალეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პიროვნება და ავტომობილი ვერ მოიძებნა. ვერავინ ვერ გარისკა, უფრო მეტიც, ზოგიერთმა პასუხისმგებელმა პირმა ავტომობილებიც კი გადამალა.
ამ დროისთვის ბევრი დღევანდელი თანამდებობის პირი ქალაქში ჭადრების უკან იმალებოდა და ისე ადევნებდა თვალს ,,ქართული ოცნების“ აქტივის ახალგაზრდების მსვლელობას, რომლებსაც ძალზედ მწარედ დაუფასდათ იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც შიშისგან ზოგი ტყეში კამეჩებთან იმალებოდა და ზოგს კუჭის პრობლემაც კი გაუჩნდა; და აი, ამ დროს სწორედ ჩემმა შესრულებულმა პარტიულმა დავალებამ, სამართლიანობის აღდგენის რწმენით, შეცვალა მდგომარეობა გურიაში ,,ოცნების” საკეთილდღეოდ.
,,ოცნების” იდეებისთვის თავგანწირულმა, სამართლიანობის ბრძოლისთვის ყველა პარტიული დავალება უანგაროდ, პირნათლად შევასრულე, მაგრამ დღემდე ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების“ ბიუჯეტელებისგან სამართლიანობის არაფერი ჩანს. პირიქით ,,ქართული ოცნების“ ჭეშმარიტი აქტივის დისკრედიტაციას ახორციელებდნენ, ნეპოტიზმში არიან ჩაფლულები და შერჩევით სამართალს ჩადიან.
ბატონო ბიძინა, როდესაც ლანჩხუთში წინასაარჩევნოდ სიტყვით გამოდიოდით, პატივად მერგო, თქვენს ხელთ ჩაჭიდებული სცენიდან ჩამოგაცილეთ, რასაც ამ ფაქტის გამო ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა მოწინააღმდეგეთა მხრიდან და არა მარტო ეს, მრავალი დამცირება და შეურაცხყოფა აგვიტანია, რასაც დღემდე ჩადიან სწორედ ის პირები, რომლებიც მზად არიან ოცნების გასანადგურებლად თავიანთი კაბინეტებიდან. სწორედ ამ პიროვნებებს, რომლებიც კაბინეტებში არიან გამოკეტილები და ყოველ მათგანს თავი ლომებად მოაქვს - პატარა ბოკვრებს მათზე მეტი თავდადება და ერთგულება გააჩნიათ ,,ქართული ოცნების“ ნაპერწკლის გაღვივებაში და დღემდე ცეცხლივით აელვარებული თვალებით შესცქერიან ,, ოცნების“ მომავალს. ყოველივე ამისთვის ოცნებას ამოფარებული ,,ოცნების“ ბიუჯეტელები ცდილობენ ჩვენს დასჯას ოცნების ერთგულებისთვის, ბევრ უსამართლობას ჩადიან და ჭეშმარიტ ,,ქართული ოცნების“ აქტივს დღემდე ავიწროებენ და უსამართლოდ ეპყრობიან.
ბატონო ბიძინა! დღემდე ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის თუ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა, ახლა მაინც ამ უხამსი, უერთგულო ბიუჯეტყლაპია ზოგიერთ სახელმწიფო მოხელე შარლატანებს, რომლებიც ცდილობენ ,,ქართული ოცნებას“ მეხი დაეცეს, ვირთხები დარჩეს ხალხი გაექცეს. სწორედ ამ ვირთხებისგან, რომლებიც დღეს ოცნების ბეღელში არიან შემძვრალი და იმასაც იკადრებენ ხვალ სხვა პარტიის ბეღელში შეძვრნენ. ამათგან მაინც დაგვიცავით და ნუ გაგვდევნით მინდორში, სიოს სადევნად, რადგან ქარიშხალმა არ გადაგვყლაპოს.
მხოლოდ თქვენი სამართლიანობის იმედიღა დაგვრჩენია!
2012 წლის აქტივისტი



