ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩემს ქვეყანაში არ არის სიმშვიდე...

5-03-2021, 11:13

ჩემს ქვეყანაში არ არის სიმშვიდე...
ჩემს ქვეყანაში დამფრთხალი ადამიანები დააბიჯებენ...
ჩემს ქვეყანაში იმედგაცრუებული მოხუცები პასუხს აღარავის თხოვენ, რადგან არც ელიან...
ჩემს ქვეყანაში ბავშვებს დიდი თვალები აქვთ, ისევე, როგორც შიშს...
ჩემს ქვეყანაში ჩვენს შვილებს არ ესმით რატომ უნდა ცხოვრობდნენ მათი მშობლები მუდმივად პოლიტიკით, სხვათა პოლიტიკით...
ჩვენს შვილებს არ ესმით რატომ გაიწირა მათი მშობლების თაობა ომსა თუ ამქვეყნიურ ამაოებათა ჭიდილში...
რატომ გაიწირა...
ჩემს ქვეყანაში დიდი სიძულვილია და ამ სიძულვილის არ რცხვენიათ...
ჩემს ქვეყანაში სიყვარულიცაა, მაგრამ ქვადქცეულ გულებს ვერ ათბობს...
ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქვეყანა ზოგიერთებმა დაიჩემეს (თავისად გამოაცხადეს) და მოგვტაცეს...
ჩემს ქვეყანაში ჩვენ ვცხოვრობთ და არც ვცხოვრობთ...
ჩვენს ქვეყანაში მიწას გაგვაკრეს, ყველა თავის თამაშს გვაყურებინებს და კვლავ თავისას ელის..
ჩვენს ქვეყანაში - ქვეყანა აღარ არისკენ - მიდის მატარებელი... ნუთუ ამ მატარებელმა უნდა დაასამაროს ქართველთა ოპტიმიზმი _ გულანთებული, ალალი, პატიოსანი, არწამგლეჯელი, სხვათა და საკუთარ ტკივილით ცრემლდამდენ ქართველთა ოპტიმიზმი.
... და ჩვენ ამ მატარებელში ვსხედვართ, ჩემო უბრალო ქართველებო...
ბავშვების შიშით გაფართოებულ თვალებს ვერავის ვაპატიებთ...
შიმშილით გასაწყლებულ ადამიანთა უსუსურობას ვერავის ვაპატიებთ...
სასოწარკვეთილებით თავმოკლულთა სიცოცხლის უკუგდებას ვერავის ვაპატიებთ...
ჩვენი ქვეყნის მხოლოდ თავისად დაჩემებას ვერავის ვაპატიებთ!..
ქვეყნის მომავლის ცეცხლზე შეგდებას ვერავის ვაპატრიებთ!..
ჩვენს იმედგაცრუებას ვერავის ვაპატიებთ!..
ხალხო!.. 
ჩემო კეთილო ადამიანებო, თქვენ ხართ მთავარი ხელისუფალი! ეს გახსოვდეთ და გჯეროდეთ _ ჩვენს ქვეყანაში  თქვენი ყანა აუცილობლად აბიბინდება. 

ნონა გიგინეიშვილი 

გადასვლები: 940
FACEBOOK კომენტარები