ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში, მასწავლებლის ბადრი მოისწრაფეშვილისა და მოსწავლე რეზო კუპატაძის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
რეზი კუპატაძე 16 წლის უნიჭიერესი ბიჭია, რომლის ნახატებმა და ფერთა შეხამებამ არ შეიძლება აღფრთოვანებული არ დაგტოვოთ. ამის გამო უკვე ის სამხატვრო სკოლის გამორჩეული მოსწავლეა და შესაბამისად, მისი ნახატებიც ამშვენებს ამ სკოლის საგამოფენო დარბაზის კედლებს. ,,ძირითადად გრაფიკაში ვმუშაობ, ვხატავ პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, ყველაფერს, რაც მომწონს. მაქვს ფანქარში შესრულებული ნამუშევრები
_ რაზე ფიქრობ ხატვის დროს?
_ ხატვის დროს ვცდილობ და ვფიქრობ იმაზე, რაც შეიძლება ზუსტად დავხატო გონებაში უკვე დახატული საგანი, პეიზაჟი ან პორტრეტი. როცა ვხატავ ამ სამყაროში არ ვარ. ყველაზე კარგი ნახატი მაშინ გამომდის, როცა კარგ ხასიათზე ვარ (იცინის). ჩემმა ახლობლებმა მირჩიეს, რომ ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო და მომესმინა მათი შეფასებები, თავიდან სოციალურ ქსელში რომ გამოჩნდა ეს ნახატები დიდი მოწონება დაიმსახურა, ვნახულობდი ადამიანების შეფასებებს, რჩევებსაც ვიღებდი. ცოტა მამისა და მამიდას (ია კუპატაძე ამავე სკოლის პედაგოგი) გავლენაც არის და ამიტომაც გადავწყვიტე რომ პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა ეს ჩემი პირველი გამოფენა. თუმცა, ვფიქრობ, რომ სასწავლი ჯერ ბევრი მაქვს.
_ ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის და სამომავლოდ პროფესია არჩეული გაქვს?
_ ადრე რამდენიმე პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ხატვას გავაგრძელებ, მომავალში სამხატვრო აკადემიაში მინდა ჩაბარება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს ბადრი მოისწრაფეშვილს და სამხატვრო სკოლის თითეულ პედაგოგს. ვიმედოვნებ, რომ ამ იმედებს გავამართლებ, რადგან ჩემი ნახატები ჩემთვის ყველაფერია.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარს და შეგახსენებთ, რომ გამოფენა 2022 წლის 20 იანვრამდე გაგრძელდება.
,,ჩემი ნახატები ჩემთვის ყველაფერია~“ 16 წლის მხატვარი და მისი პირველი პერსონალური გამოფენა

ესმა ბერიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 155