ლანჩხუთსა და უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორია არაერთ საინტერესო მოვლენას ინახავს. ამ ურთიერთობებიდან ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ამბავი კი ლანჩხუთელი მზარეულის, ვახტანგ მშვიდობაძის სახელს უკავშირდება.
2012 წელს, ხერსონის ოლქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მუშაობაშიც ლანჩხუთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ნოვა კახოვკის მერმა ვლადიმერ კოვალენკომ ქართველ სტუმრებს ახალგაზრდა ბიზნესმენთა ჯგუფი გააცნო. ისინი დაინტერესებული იყვნენ ქალაქში ქართული რესტორნის გახსნით და ამ მიზნისთვის საქართველოში პარტნიორებს ეძებდნენ.
ლანჩხუთში დაბრუნების შემდეგ ეს წინადადება ადგილობრივ საზოგადოებას გაეცნო. იდეას გამოეხმაურა ცნობილი მზარეული ვახტანგ მშვიდობაძე, რომელმაც შემდგომ უკრაინელი პარტნიორების მოწვევა მიიღო. რამდენიმე შეხვედრისა და შეთანხმების შემდეგ იგი ნოვა კახოვკაში გაემგზავრა და ორი წლის განმავლობაში ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა.ვახტანგ მშვიდობაძემ მალევე დაიმსახურა ადგილობრივების სიყვარული და პატივისცემა. მისი მომზადებული ქართული კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თავად კი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, სტუმართმოყვარეობით, იუმორითა და ადამიანური თვისებებით.
იმ წლებში ნოვა კახოვკაში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალი და კულინარიული კონკურსი ტარდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე ვახტანგ მშვიდობაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. მან კონკურსისთვის ერთმეტრიანი ქაბაბი მოამზადა, რითაც ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა, პირველი ადგილი მოიპოვა და სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. ეს წარმატება დღემდე ახსოვთ მის უკრაინელ მეგობრებს.
უკრაინაში წარმატებული საქმიანობის დასრულების შემდეგ ვახტანგ მშვიდობაძე სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გულის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოუტანა როგორც ოჯახს, ისე მეგობრებს.
წლები გავიდა. თითქოს ისტორიაც წარსულს ჩაბარდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში განსაკუთრებული სტუმრები ჩამოვიდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პავლე კუევდა – ვახტანგის ყოფილი პარტნიორი და მეგობარი – მეუღლესთან და მშობლებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. მათი ერთ-ერთი მთავარი სურვილი ვახტანგ მშვიდობაძის საფლავის მონახულება იყო.ვახტანგის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სტუმრების მონაწილეობით სასაფლაოზე გამართული შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. გაიხსენეს ერთობლივი საქმიანობის წლები, წარმატებები, მეგობრობა და ადამიანური ურთიერთობები. არაერთხელ გაისმა სიტყვები მადლიერებისა და პატივისცემის შესახებ.
ძნელია უფრო დიდი აღიარების წარმოდგენა, ვიდრე ის, როდესაც ადამიანის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგაც კი მის მოსაგონებლად ადამიანები ათასობით კილომეტრს გადიან და შორეული ამერიკიდან სპეციალურად ჩამოდიან.
ვახტანგ მშვიდობაძის ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს პროფესიონალიზმით, კეთილშობილებითა და ადამიანობით წარუშლელი კვალი დატოვოს სხვების გულებში.
მისი სახელი დღესაც სიყვარულით და პატივისცემით ახსოვთ როგორც ლანჩხუთში, ისე უკრაინაში.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
გელა ზოიძე
კაცი, რომლის ხსოვნამ ოკეანესაც გადააბიჯა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 112



