ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის დაძმობილდა ლანჩხუთი და ნოვა კახოვკა, როგორ მიიღეს მონაწილეობა ლანჩხუთელებმა არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგზე და როდის გაფორმდება გურიასთან დამეგობრების ხელშეკრულება

როდის დაძმობილდა ლანჩხუთი და ნოვა კახოვკა, როგორ მიიღეს მონაწილეობა ლანჩხუთელებმა არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგზე და როდის გაფორმდება გურიასთან დამეგობრების ხელშეკრულება
9-03-2022, 12:52

„ჰო და არა“-ს სტუმარია ა.ა.ი.პ. ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციური ცენტრის დირექტორი, გელა ზოიძე, რომელიც უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკისა და ლანჩხუთის მეგობრობის შესახებ გვესაუბრება. 
_ გთხოვთ მოგვიყვეთ, როგორ ჩამოყალიბდა მეგობრობა ლანჩხუთსა და უკრაინას შორის.
_ ისტორიის დასაწყისი უკავშირდება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდს. ლანჩხუთში ფუნქციონირებდა ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა ,,გურია“, რომელიც შედიოდა საკავშირო გემთმშენებლობის სამინისტროს მეათე გლავკის დაქვემდებარებაში. ამავე გაერთიანებაში შემოდიოდა უკრაინის ხერსონის ოლქის, ქალაქ ნოვა კახოვკის ქარხანა ,,სოკოლი“. ჩვენი ქარხნების ტექნიკურ სამსახურებს ჰქონდათ  კავშირები  წარმოების სხვადასხვა მიმართულებებში, მათ შორის ერთობლივი ათვისება ხდებოდა სხვადასხვა ფართო მოხმარების საგნების და შესაბამისად, ხშირად გვიწევდა ამ ქალაქში ჩასვლა, ამიტომაც ნოვა კახოვკასთან ჩამოყალიბდა ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობები. ეს პერიოდი დაემთხვა საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდს, ეროვნული მოძრაობის პერიოდს.  ნოვა კახოვკაში ხშირად გვქონდა შეხვედრები ხერსონის ოლქის „სახალხო ფრონტი“-ს ხელმძღვანელთან, რომელსაც ვუზიარებდით ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის გამოცდილების შესახებ. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ უკრაინაში, ვინიცაში, სადაც  ვიმყოფებოდით მე, ამირან გიგინეიშვილი და ვახტანგ დონდოლაძე, მონაწილეობა მივიღეთ არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგზე, რომელზეც გვქონდა ლოზუნგები: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“ ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“
 მერე კავშირები შეწყდა, სამწუხაროდ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მხოლოდ სატელეფონო კავშირებს ვინარჩუნებდით, ერთმანეთთან. 2009 წელს აგრო ბიზნესსცენტრ „ლანხუთი“-ს დირექტორად დავიწყე მუშაობა. გავაკეთეთ მოკვლევა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მცირე ბიზნესის განსავითარებლად და ჩავთვალეთ, რომ ჩაის დარგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ამისათვის.  უკვე 16 წელი იყო გასული უკრაინაში  ჩვენი ბოლო ჩასვლიდან. გადავწყვიტეთ ქალაქ ნოვა კახოვკაში გამგზავრება. ჩავედით, ვნახეთ ეს ქარხანა. ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი მოადგილე, კონსტანტინე ურუშაძე.  ქარხანაში გავაკეთეთ შეკვეთა ჩაის გადამამუშავებელ დანადგარებზე, პატარა კოოპერატივების ჩამოსაყალიბებლად. ეს შეხვედრა საინტერესო იყო იმით, რომ ჩვენი მეგობრები სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდნენ, მაგალითად ერთ-ერთი საამქროს ხელმძღვანელი, რომელთანაც ჩვენ ადრეც გვქონდა კავშირები, უკვე იყო ნოვაკახოვსკის მერი, ვლადიმერ კოვალენკო.  სხვათა შორის, კოვალენკო რამოდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით სიმამაცისთვის დააჯილდოვეს  ორდენით ,,მამაცობისთვის“.  ის ამჟამადაც მერია, სამჯერ აირჩიეს. ძალიან პოპულარული ადამიანია. კოვალენკოსთან ერთად დაჯილდოვდა ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რომელთანაც ასევე კარგი ურთიერთობები გვაქვს. კოლიხაევი გეგმავს მთლიანად გურიასთან დამეგობრების ხელშეკრულება გაკეთდეს, ამისთვის მან მე გამოგვიგზავნა ოფიციალური წერილი და მემორანდუმის პროექტი თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე გუბერნიას გადავეცი. ომის დაწყებამდე ხდებოდა ეს, ბოლო დღეებში. ომმა, რა თქმა უნდა, შეაჩერა ყველაფერი. ალბათ მშვიდობის დამყარებისთანავე შევძლებთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როცა ვიწყებდით ნოვაკახოვკასთან ურთიერთობას, ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, მან გამოუყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 50 650 ლარი, რომლითაც ჩვენ შევძელით ნოვაკახოვკაში, ქარხანა ,,სოკოლში“, ჩაის  გადამამუშვებელი დანადგარების დამზადება. ამის გაგრძელება იყო ის, რომ როცა დაინახეს პირველი შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლობებმა, საგრანტო კონკურსს იწყებდნენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა მასში. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოოპერატივ „ჩიბათი“-სთვის გამოეყოთ დაბრუნებადი გრანტი ჩაის გადამამუშავებელი დიდი ფაბრიკის მოსაწყობად, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს და ყოველწლიურად რამდენიმე ტონა ჩაის მზა პროდუქციას ამზადებს.  ჩვენი ჩაი იგზავნება პატარა პარტიობით, მათ შორის უკრაინაშიც.
ასევე მინდა ვთქვა, აქტიურად ვახერხებთ, რომ ყოველწლიურ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა.  ხდება დელეგაციების გაცვლები, ტურისტული გაცვლები.  აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ტურიზმის ცენტრთან, იქაური ტურიზმის ხელმძღვანელობასთან და მნიშვენლოვანი რიტუალი რასაც ვაკეთებთ ჩასვლისთანავე არის ის, რომ მივდივართ გმირთა მემორიალთან, სადაც  უცნობი ჯარისკაცების ნეშტებია დაკრძალული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქ ქართველებიც განისვენებენ.  ჩვენი დელეგაცია მერთან და ადგილობრივ დელეგაციასთან ერთად მივდივართ და ყვავილებით ვამკობთ ამ მემორიალს. სამწუხაროდ, ყოველწლიურად იქ ემატება უცნობი ჯარისკაცების საფლავები, იმის გამო, რომ ახლაც კი პოულობენ ნეშტს რომელიც არ არის ამოცნობილი. ხლა იქ 20-მდე ასეთი საფლავი იყო.
_ რამდენად მჭიდრო  ურთიერთობა და კავშირი გაქვთ დაძმობილებული ქალაქის მერთან?
_  ყოველდღიური სატელეფონო კავშირიც მაქვს ახლა. კოვალენკოსთან საუბრის დროს გამოიკვეთა ის ამბავი, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დაძმობილების ხელშეკრულება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ნოვაკახოვკას შორის, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია, ხერსონის შემდეგ და ფაქტიურად  ეს კიდეც მოხდა 2010 წელს. შეხვედრაში გარდა ლანჩხუთისა მონაწილეობდნენ გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ჩოხატაურის და ოზურგეთის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები. ლანჩხუთიდან იყო მაშინდელი გამგებელი გია გოგუაძე და რეზო ჩიტიძე, ასევე რამდენიმე საკრებულოს დეპუტატი და იქ „ტავრეული ჰორიზონტები“ ასეთი სახელწოდებით გამართულ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის კუთხით გამართულ ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მოვაწყვეთ.  ამ დიდ ფორუმზე მოეწერა ხელი ყოვლისმომცველ დაძმობილების ხელშეკრულებას.
ახლა ეს თანამშრომლობა საჭიროებს კიდევ ახალ ხელმოწერებს, ამას ხელი შეუშალა ჯერ პანდემიამ, შემდგომ ომმა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკახოვკა ოკუპირებულია, ქალაქის მერი აგრძელებს მერიის თანამშრომლებთან ერთად ფუნქციონირებას და ისინი ამჟამად ეხმარებიან მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში. მაგალითად თითონ ნოვაკახოვკაში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული, სოფლები, რომელთაგანაც ორი დაიბომბა, ამ შეტევის დროს, იქედან კოვალენკოს ინიციატივით მოახერხეს 1200 ადამიანის ევაკუირება იმ სოფლებიდან, რომელიც დნეპრის მეორე მხარესაა და გადმოიყვანეს, განათავსეს სკოლებში და სხვადასხვა შენობებში, რომ ამ ადამიანებს ჰქონოდათ თავშესაფარი. ასევე აგვარებენ კომუნალურ საკითხებს, დენით მომარაგებას, მედიკამენტებით, სურსათით პურით მომარაგება. მიუხედავად  სირთულეებისა, მაინც ახერხებენ, რომ ოკუპანტებთან გააკეთონ მწვანე კარიდორი და გაატარონ კოლონები,  რომ შეიტანონ სურსათი ქალაქში.
მუნიციპალიტეტის მერმა და მე, გავუგზავნეთ კოვალენკოს წერილი, სადაც ვულოცავდით ახლადაშენებული ქალაქის იუბილეს, ქალაქი დაარსდა 1952 წელს და 28 თებერვალს იყო ქალაქის დაარსების იუბილე, ეს ხდებოდა ომამდე 2 დღით ადრე. აქტიური სატელეფონო საუბრები გვაქვს კოვალენკოსთან. 
თითონ ამ ქალაქის შექმნის ისტორიას გავაცნობ ჩვენს მკითხველს: აქ იყო პატარა სოფელი პრუჩევსკაია, სადაც იყვნენ დასახლებული ადამიანები, დროებითი საცხოვრებლებით, რომლებიც აშენებდნენ დნეპრჰესს, 300 მეგავატიანი ჰესი აშენდა. შემდგომ იქ დიდი ჰიდროელექტროსადგური ელექტროცენტრალია, რომელსაც ჰქვია ნოვაკახოვკის ზღვა, ანუ დნეპრი წარმოვიდგინოთ დაგუბებული, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალსაცავი და აი, ეს წყალი ეწოდებოდა ყირიმის ოლქს. სხვათა შორისს, ყირიმი, თავის დროზე რუსეთიდან რომ გადმოეცა უკრაინას, მოტივიც ეს იყო, რომ ამ ჰიდრო კვანძის მეშვეობით წყლის მომარაგება გადაწყვეტილიყო. შემდგომ 2014-ში რუსებმა ისევ აიღეს ყირიმი და წაართვეს უკრაინას, აქედან იყო გათიშული წყლის მიწოდება. ახლა ეს წყლის მიწოდება ოკუპაციის შემდგომ უკვე ჩართულია,  ქალაქში ბრძოლები არ მიმდინარეობს, ქალაქში ბრძოლები არც ყოფილა, ქალაქგარეთ მიმდინარეობდა და პატრულირება მიდის რა თქმა უნდა.
ამჟამად ჩვენ ვაცნობეთ კოვალენკოს, რომ მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე არის შეთავაზება უკრაინელი ადამიანების შეფარების, დევნილი ოჯახები იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, თუმცა იქ ჩაკეტილია ყველაფერი და რამდენად იქნება შესაძლებელი არ ვიცით.
_ ძირითადად რითი სჭირდებათ დახმარება, ამ თემაზე თუ ესაუბრეთ?
_ კახოვკის მერმა და წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სურსათის პრობლემა არ დგას, მაგრამ დგას მედიკამენტების პრობლემა; პრობლემებია წნევის, დიაბეტისთვის საჭირო წამლებზე დასხვა წამლებზე. ჩვენს ჰუმანიტარულ ტვირთში პრიორიტეტული უნდა იყოს მედიკამენტები, რადგან ამ ეტაპზე მედიკამენტები უჭირთ მათ.
და ბოლოს: უკრაინელებს ვუსურვებ მშვიდობას და აღმშენებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. სამომავლოდ, რაშიც გვაქვს ხელშეკრულება დადებული, ესაა: კულტურა, სპორტი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები.

   მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 009
FACEBOOK კომენტარები