მეგობარი უკრაინის ბედი ყველას გვაღელვებს. ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა კახოვკა ლანჩხუთთან 2010 წლიდან გაფორმებული დაძმობილების ხელშეკრულებითაა დაკავშირებული და წლებია ეს ურთიერთობები გრძელდება. ნოვა კახოვკა ახალგაზრდა ქალაქია, რომელიც 1952 წელს დაარსდა. 28 თებერვალს ქალაქი 70 წლის გახდება. შესაბამისი მზადებაც მიდიოდა. 22 თებერვალს ლანჩხუთიდან წერილიც გაიგზავნა მხარდაჭერისათვის. 24 თებერვალს ომი დაიწყო. სატელეფონო საუბრები მქონდა ქალაქის მერთან, ვლადიმერ კოვალენკოსთან; ხერსონის ვიცემერთან, ალექსანდრე ლუკიანენკოსთან; ქალაქის საბჭოს დეპუტატ, იგორ ლიპუხასთან; ამჟამად ქალაქში რუსული საოკუპაციო ნაწილებია შესული, თუმცა ბრძოლები იქ არ მიმდინარეობს. მათ მადლობა გადაგვიხადეს დაძმობილებული ქალაქის მცხოვრებლებს თანადგომისთვის. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევით მოხერხდეს ომის შეწყვეტა, გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და აღდგეს მშვიდობა. დიდი სამამულო ომის დროს ქართველებს ნაომარი აქვთ უკრაინის ტერიტორიაზე. 7 გმირიდან 5 უკრაინის ტერიტორიაზე იბრძოდა და იქ გახდა გმირი. ჩვენი დელეგაციის ტრადიციაა ნოვა კახოვკაში გმირათა მემორიალის ყვავილებით შემკობა და წუთიერი დუმილით პატივის მიგება. პირველი ოზურგეთთან დამეგობრებული ქალაქი გენიჩესკი დაიკავეს, რომელიც ყირიმს ესაზღვრება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინელი ხალხი მოახერხებს ამ მძიმე კრიზისიდან თავის დაღწევას და ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ვერაფერი დაარღვევს.
გელა ზოიძე
ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და
ინოვაციების ცენტრის დირექტორი