,,ჰო და არას” სტუმარია ადამიანი, რომელმაც სწორედ ის რთული გზა გაიარა, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდა უახლესი ისტორიის მანძილზე, იყო ყველაზე ცხელ წერტილებში და არაერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში, იცხოვრა ჭეშმარიტად პატიოსანი კაცის სახელით, ნახევარი საუკუნის დედაქალაქში ცხოვრებისა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. ეს კაცი გახლავთ ამჟამად სოფელ აცანის მკვიდრი, ვიცეპოლკოვნიკი ავთანდილ ჩხაიძე, მას ახლახან შეუსრულდა 70 წელი.
_ ბატონო ავთანდილ, როგორია თქვენი ცხოვრება სოფელში?
_ თბილისში ვიცხოვრე 50 წელიწადი, დედის გარდაცვალების შემდეგ, დავბრუნდი მშობლიურ სახლში, ვუვლი ეზოს, სახლ-კარს; საგვარეულო სასაფლაო გავაკეთე იქ, სადაც წინაპრების საფლავები იყო.
_ რთული არ იყო ქალაქიდან სოფელში დაბრუნება?
_ უკვე ოთხი წელია აქეთ ვარ, ცოლ-შვილის სანახავად მივდივარ თბილისში, ზაფხულობით ჩამოდიაან ისინი. შარშან ზაფხულში სტუმრები მყავდა უცხოეთიდან, მესტუმრა ჩეხოსლოვაკიის ყოფილი მინისტრი, პიტერ რონჩაკი, წელსაც ველოდები ზაფხულში მეუღლესთან ერთად. მინდა, რომ ეზო მოწესრიგებული იყოს. პირველად იყო ეს ადამიანი აცანაში და ისე მოეწონა იქაურობა აღფრთოვანებული დარჩა.
_ მოგვიყევით თქვენს შესახებ.
_ დავიბადე 1952 წელს სოფელ აცანაში, დავამთავრე საშუალო სკოლა და ვაბარებდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის განხრით, დამაკლდა ერთი ქულა. გამიწვიეს სამხედრო- სავალდებულო სამსახურში. მოვხვდი სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგებში - ბალტიის ფლოტში. მალე გავხდი ფლოტის ფრიადოსანი, შემდეგ ფლოტის წარჩინებულები შეგვარჩიეს და მივლინებაში გაგვაგზავნეს გვინეა-ბისაუს რესპუბლიკაში (ქვეყანა დასავლეთ აფრიკაში), სადაც ადგილობრივ სამხედროებს ვასწავლიდით, როცა ერთი თვე დამაკლდა სამხედრო სამსახურის დამთავრებას, დავბრუნდი რიგაში, საიდანაც გამიწვიეს. ჩამოფრენიდან მეორე დღეს, მივიღე შემოთავაზება სწავლა გამეგრძელებინა ლენინგრადის უმაღლეს სამედიცინო-საზღვაო აკადემიაში, სადაც აგზავნიდნენ ფლოტის გამორჩეულ მატროსებს, მაგრამ ამაზე ვუთხარი უარი, რაღაც უფალმა შთამაგონა ასე. ვიფიქრე, იქ რომ დავრჩენილიყავი მერე საქართველოში ვეღარ დავბრუნდებოდი.
დემობილიზაციის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და ისე მომეწონა ფლოტური ცხოვრება, გადავწყვიტე ჩაბემარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მოვხვდი დაუსწრებელზე და შემდეგ გადავედი დღის დასწრებულზე. მაშინ მუშაობა აუცილებელი იყო და სამსახური დავიწყე სამხედრო-სახანძრო ნაწილში რიგითად. დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და ვარ ისევ სერჟანტი, რადგან წინსვლას პატრონი უნდა და არ მყავს არავინ, რომ წამომკრას ხელი. არის ასეთი პიროვნება, ვანო წიკლაური, მეთაურის მოადგილე პირადი შემადგენლობის დარგში, რომელმაც ერთ დღეს დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ სამინისტროში სჭირდებოდათ ადამიანი, ვინც იყო კომპარტიის წევრი და ჰქონდა უმაღლესი განათლება, მითხრა: ინფორმაცია შენზე მივაწოდე, თუ ხარ თანახმაო. ვის არ უნდოდა ოფიცრობა? და მეც დავეთანხმე. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ეს კონკურსი. კონკურსის თავმჯდომარე და მთავარი გამსაუბრებელი იყო ალექსანდრე ანქვაბი (აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი), რომელიც მაშინ გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში. ამ კონკურსში გავიმარჯვე და სულ რაღაც სამი დღის შემდეგ მიმავლინეს კიევის უმაღლეს პოლიტიკურ სკოლაში, სადაც ჩავირიცხე. ორი წელი იყო სწავლა, ვიყავი პირველი გამოშვების შემადგენლობაში. მაშინ მოხდა უბედურება, ეს იყო აფეთქება ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე. ჩამაბარეს ერთი, პეჩერსკის რაიონი კიევში, 25 პოლიციელით და გვიკრეს თავი ჩერნობილში, 30 კილომეტრიანი აკრძალული ზონის შიგნით არ შევსულვარ, მაგრამ ვიყავი იმ ტერიტორიაზე, ვემსახურებოდი ხალხის ევაკუაციას, მადლობა უფალს, რომ ვინც მე იქედან გამოვიყვანე ძალით იყო თუ ნებით, ყველა გადარჩა. ვინც დაიმალა და დარჩა იქ, ისინი არც ერთი არაა ცოცხალი. საშინელი მდგომარეობა იყო, აღწერა რთულია, ვნახე ჩიტი უბუმბულოდ, შინაური ცხოველები ბეწვის გარეშე.
_ ეს ყველაფერი ხდებოდა ოცდაათკილომეტრიანი რადიუსის აქეთ?
_ დიახ, აქეთ აბა? საშინელება ხდებოდა და კიევს კიდევ გაუმართლა იმ ღამით, 26 აპრილი იყო, ქარი უბერავდა კიევის საწინააღმდეგო მიმართულებით, პირიქით რომ ყოფილიყო გაცილებით მეტი უბედურება იქნებოდა. რადიაცია გადავიდა ბელორუსიაში და მერე ფინეთში, პირველი დააფიქსირა ფინეთმა. გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი, რაც მოხდა. დილით რომ გავიხედე ფანჯარაში ათ სანტიმეტრზე ეყარა მუქი მწვანე მტვერი, მდინარეში ბანაობა არ შეიძლებოდა, საკვები ყველაფერი შეფუთული იყო. თბილისთან კავშირი არ მქონდა. დავრეკავდი, ზარი გადიოდა და ყურმილს არავინ იღებდა, თურმე ეს სპეციალურად იყო მოწყობილი, რომ არ გასულიყო ინფორმაცია. დავბრუნდი, მაგრამ ჯანმრთელობა მქონდა გაუარესებული.
ჩამოვედი საქართველოში, დავინიშნე საპატროლო საგუშაგოს პოლკში, ასეულის მეთაურად, ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და კურსანტები, ვინც ჩვენთან სწავლობდნენ, ყველა გამოყარეს იქედან.
გამსახურდიას დროს შეიქმნა სპეციალური სასწავლებელი, რომელსაც ერქვა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საოფიცრო კოლეჯი, სადაც დამნიშნეს კურსის უფროსის მოადგილედ. ორი ,,რომბიკით“ დავდიოდით მხოლოდ ორი კაცი მე და გრიშა ტაბუევი - ეს იყო უფროსი, გამაცნეს ეს კაცი და შევუდექით მუშაობას. გავიდა ცოტა ხანი და გრიშა ტაბუევი დანიშნეს ზნაურის მილიციის უფროსად (ოსეთი ჯერ კიდევ ჩვენია) და მის ადგილზე დამნიშნეს მე, გავხდი კურსის უფროსი.
ამის შემდეგ დაიწყო სამაჩაბლოს ამბები.
_ ეს უკვე რომელი წელია?
_ 1991 წელი, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაშინ შოთა გორგოძე, 18 კაცი სასწრაფოდ მივლინებული ვიყავით ცხინვალში. წარმოიდგინეთ, ნაახალწლებია, გამოვცხადდი სამსახურში და დამირეკა უფროსმა, სასწრაფოდ შემეკრიბა კუნსარტები სააქტო დარბაზში და გამოაცხადა: სასწრაფოდ საჭირო იყო წასვლა ცხინვალში. საინტერესო ის იყო, ვინ წამოვაო რომ გამოაცხადა, ყველა როგორც ერთი კაცი, ისე ადგა ფეხზე. თუმცა, როცა ჩამოთვალა, მე არ ვიყავი იმ სიაში, როცა ვკითხე მითხრა, რომ შენ აქ მჭირდებიო. დარჩენაზე უარი ვუთხარი და წავედი ცხინვალში. 4 იანვარს, ღამის სამი საათი იყო, შევედით ცხინვალში, იქ ამბავი ვნახე მტრისას. დავბანაკდით ,,ობკომის“ შენობაში. 9 იანვარს მოხდა უბედურება.
_ ეს რას ნიშნავს?
_ 9 იანვრს ოსებმა ცეცხლი წაუკიდეს ქართულ პირველ საჯარო სკოლას, ჩვენ ვმონაწილეობდით მეხანძრეების დაცვაში, ამის შემდეგ მივიღე ბრძანება გავსულიყავი თამარაშენში, გამეყვანა ყველა და შემევსო ბენზინი. მოვყევით ალყაში, მე და შვიდი კურსანტი. დაიწყო წამება ფიზიკური, მორალური, ეს იყო საშინელება. თქვენ წარმოიდგინეთ, დასახვრეტად გამიყვანეს და ერთმანეთს ეხვეწებოდნენ მე დავხვრიტავ! მე დავხვრიტავო!
_ საშინელებაა, რა თქმა უნდა და რას ფიქრობდით ამ დროს?
_ იქ, ათი თუ თხუთმეტი წუთია შიში, თორემ მერე ყველაფერი გავიწყდება, ვფიქრობ, რომ დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ასე ტრაგიკულად რომ ვამთავრებ ეს მკლავს.
_ ალბათ რაღაც მოთხოვნები ჰქონდათ?
_ ითხოვდნენ, მეთქვა შეიარაღების, დისლოკაციის ადგილის და ადამიანთა რაოდენობის შესახებ.
არ შეიძლებოდა ამის თქმა, ეს ღალატი იქნებოდა.
_ როგორ გადარჩით?
_ ბოლო-ბოლო, უკან ხელებგაკრული,შეწკიპული ავტომატით ზურგზე შემაგდეს ოთახში და ჰოი, საკვირველებავ, ორი კაცი იჯდა აქ, მათ შორის ერთი ეს გრიშა ტაბუევი, ვისი მოადგილეც მე ვიყავი და მეორე იყო გვარად სანაკოევი. გამოჩნდა ცოტა შუქი, იქნებ გადავრჩე? ვიფიქრე, რადგან გრიშა დავინახე, იგი მობრუნდა და დამინახა, ასეთ დღეში ვარ, პაგონები დაგლეჯილი, ტანსაცმელი შემოხეული, ნუ გეშინია ავთოო, მითხრა. ახლა ეს კმარა ჩემთვის? დაწყნარდიო კი მითხრა და ოსურად გააგრძლეს ლაპარაკი, თხუთმეტი წუთი ილაპარაკეს. მე ოსური არ ვიცი. მერე მობრუნდა და მითხრა, თავისუფალი ხარ შენ და წადიოო. ვეუბნები რას ამბობ ამას? ჩემი აქედან გასვლა და სიკვდილი ერთია, ჩვენ რვანი ვართ აქ ტყვედ ჩავარდნილი, იქედან ერთი კაციც რომ დამაკლდეს, თუ გავალ თავს არ ვიცოცხლებ-მეთქი. ადგა გრიშა, მოვიდა, გადამეხვია, ზოგი ადამიანი მოკურცხლავდაო, მითხრა და ჩაერთო ჩვენს გათავისუფლებაში. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო დილარ ხაბულიანი, მოადგილე _ რომან გვენცაძე; ასევე ჩაერთო ამ გათავისუფლებაში სამმართველოს უფროსი, ჯუმბერ სურმავა, ჩემი სასწავლებლის უფროსი, ოთარ ნანიკაშვილი, დათო გელაშვილი და ა.შ. მაღალი რანგის ოფიცრები იყვნენ ჩართული. რომ გაიგეს, ჩვენ ტყვედ ვართ, სადაც ჩვენ ვიყავით, ასწიეს ხელები და ჩაბარდნენ ტყვედ. შემდეგ ვინც ჩვენს მხარეს ჰყავდა ტყვედ აყვანილი ოსები, იმათში გაგვცვალეს. გადმომიყვანეს ისევ ,,ოპკომის“ შენობაში და რომ გადმომიყვანეს და სამშვიდობოს ვიგრძენი თავი, ამტკივდა ყველაფერი. არანაირი საჭმელი არ გვქონდა, მშიერი და გაძვალტყავებულები ვიყავით, თან სახლში არაფერი არ იციან, სახლში შევთვალე, რომ მივლინებაში ვიყავი გორში.
სასწავლებელი შემდეგ შეუერთდა სამხედრო აკადემიას და იქაც კურსის უფროსი ვიყავი. 1996 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გადამიყვანეს, შინაგანი ჯარების ოპერატიული ბრიგადის მეთაურის მოადგილედ. მაშინ დაიწყო ,,ელიავას“ ამბავი რომ იყო თუ გახსოვთ, ერთ ღამეს გამოცხადდა განგაში, ვიყავი პასუხისმგებელი მორიგე, დამიკავშირდა შინაგანი ჯარების შტაბის უფროსი, გენერალი ელგუჯა ბუცხრიკიძე, მიბრძანა გამეხსნა სეიფი, სადაც იყო კონვერტი და მემოქმედა იმის მიხედვით. ეს იყო საბრძოლო განგაში, ყველა ტექნიკა, პირადი შემადგენლობა ადგილზე და საბრძოლო მოქმედებისათვის მზად უნდა ყოფილიყო. ჩვენი დასაცავი პირველი ობიექტი იყო -ტელეანძა, კავშირგაბმულობის ცენტრი და ტელესტუდია, საზმაუწყებელი რომ არის ახლა. ამას წარმატებით გავართვი თავი. მაშინ მაიორი ვიყავი და მომანიჭეს ვიცეპოლკოვნიკობა. გავაგრძელე სამსახური და მინისტრის ბრძანებით დავინიშნე შინაგანი ჯარების სასწავლო ცენტრის უფროსად, სადაც ვიმსახურე 2000 წლამდე. 2000 წელს 25 წლის ნამსახურობის შემდეგ გადავწყვიტე გადავსულიყავი თადარიგში. შინაგანი ჯარების სარდალი, გია შერვაშიძე ამის უფლებას არ მაძლევდა, გავედი მაინც, მაგრამ სახლში ხომ არ დავჯდებოდი და დამნიშნეს 67-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ, სამხედრო და საევაკუაციო დარგში, მერე გადამიყვანეს 193-ე სკოლაში.
მერე მოხდა ის, რომ დედა გარდამეცვალა და ჩამოვედი მშობლიურ აცანაში და ვაგრძელებ ჩემს მეგობრებთან და თანასოფლელებთან ყოფნას.
_ ბოლოს უნდა გკითხოთ, როგორც დიდი სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანს, როგორც ვიცით, დაძაბული მდგომარეობაა. რუსეთი იბრძვის უკრაინაში, რას იტყვით ამ მოვლენაზე?
_ მე ვიცნობ უკრაინელ ხალხს, უკრაინელი ხალხი არ დათმობს არაფერს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არ მოხდეს უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება.
ვფიქრობ, უკრაინაში შესვლა გამოიწვევს რუსეთის კატასტროფას, ეკონომიკურ სანქციებს. მახსოვს შევარდნაძის სიტყვები, როცა აფხაზეთში ცნობილი მოვლენები დაიწყო, ბუმერანგივით დაუბრუნდება ეს ყველაფერი რუსეთსო. თურმე მართალი ყოფილა, უბრუნდება კიდეც.
რა საბრძოლო გზა გაიარა, როგორ გადაურჩა დახვრეტას და რას ფიქრობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცანელი ავთანდილ ჩხაიძე

ესაუბრა მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 853