ქვეყნის ჭირ-ვარამზე, რამაც ჩვენი სოფლები და ქალაქები დაცარიელების პირას მიიყვანა, არაერთი ჩვენგანი დაფიქრებულა და ჩვენებურად გვიძებნია გამოსავლის გზები, თითქოსდა, ძაფის გორგალი, რომლის ერთი ბოლო ხელში გვიჭირავს, თავისით მიგორავს, სადღაც დახლართულ ლაბირინთებში ისე, რომ იმისაც გვეშინია, ეს ბოლოც არ გაგვისხლტეს საკუთარ ფიქრებში ჩაძირულებს. გამოსავალი კი არ ჩანს. იმისთანა კუთხეში ვცხოვრობთ, როგორც წინაპრები ამბობდნენ, კაკალი ხელუკუღმა რომ ისროლო, წაღმა ამოდის. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პატრონსაო. ახლა ლუკმაპურის საძიებლად ჩვენი მომავალი უცხოეთში გარბის და ამას დასასრული აღარ უჩანს.
უპრიანი იქნება ჩვენი რაიონის ღვწლმოსილ ადამიანებს ვკითხოთ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ერთმა პატარა ღარიბმა რაიონმა და მთელმა საქართველომ სვლა მომავლისაკენ, როცა სოფლის მეურნეობა ვერ მუშაობას, მრეწველობა აღარ არსებობს და ეკონომიკაც, შესაბამისად, სულს ღაფავს. ამჯერდად ,,ჰო და არას“ სტუმარია პოეტი ჯემალ დობორჯგინიძე სოფელ მამათიდან.
ბატონი ჯემალი გახლავთ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარე. იგი 10 საბავშვო და სამი ლირიკული კრებულის ავტორია. წერო ბავშვებისათვის ეს ძალიან რთული საქმეა, ამ რთული და საპატიო საქმისათვის იგი მწერალთა კავშირმა დააჯილდოვა ,,შიო მღვიმელის” პრემიით. ახლახანს ბატონ ჯემალს 80 წელი შეუსრულდა.
_ ბატონო ჯემალ, თქვენ ხართ ხართ პოეტი, პოეტები ცდილობენ რომ დედაქალაქში იცხოვრონ. თქვენ მთელი ცხოვრება მშობლიურ სოფელ მამათში გაატარეთ.
_ ჩემთვის მაგალითია ვაჟა-ფშაველა. მას შეეძლო რომელიმე ქალაქში ეცხოვრა, მაგრამ არ ისურვა მშობლიური სახლის დატოვება.
_ მხოლოდ მშობლიური სახლის სიყვარულის გამო, ვერ ტოვებს ადამიანი თავის კუთხეს?
_ ყველა ადამიანი თავის თავს კარგად გრძნობს იქ, სადაც მას უხარია, მე ლანჩხუთში სამ ოთახიანი ბინა მაქვს, თბილისში ჩემი შვილის ზაზას ბინა დაკეტილია და მე იმ სახლში ვცხოვრობ, რომელშიც დავიბადე.
- ანუ თქვენი პოეზიის მასაზრდოებელი მაინც სოფელია?
_ დიახ სოფელი და ბუნება.
_ თქვენი მშობლიური სოფელი მამათი, წლების წინ სიმდიდრით გამორჩეული სოფელი იყო, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნიდა. დღეს როგორაა საქმე?
_ დღეს აქეთ რომ მოვდიოდი და გადავხედე მიტოვებულ ჩაის პლანტაციებს. გული მეტკინა და ასე მტკივა გული ყოველთვის. ისე ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩაის პალანტაციები არ შეიძლება რომ გავსხლათ?შემდეგ რომ მოკრიფოს ხალხმა, ჩაი ფულს აიღებს, სოფელს შემოსავალი ექნება ყველა გარბის თურქეთში და იქ კრეფენ ჩაის.
_ თქვენს კუთხეში არიან თუ მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახები?
_ ჩემს კუთხეში ხუთი მოსახლე ვიყავით და მარტო ჩვენ ვარ, ოთხი სახლი დაკეტილია.
_ თქვენის აზრით რა შემთხვევაში ექნება მომავალი სოფელს ჩვენს ქვეყანაში?
_ ღმერთმა ნუ ქნას, რომ სოფელს მომავალი არ ჰქონდეს. სოფლიდან გაჩნდა ქალაქები, სოფელს მომავალი რომ ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა ტექნიკა. ვფიქრობ, რომ ხალხმა ისევ უნდა იბრუნოს პირი შრომისკენ. ჩაის პალანტაციები, რომელიც დარჩა კი შეიძლება რომ გაისხვლას, მოკრიფოს ხალხმა და მოსავალი მიიღოს. მდინარის პირას ყანები რომ არის, ისიც დაამუშაოს, იგრძნობოდეს უნდა სოფელში, რომ არის ცხოვრება და სიცოცხლე სჩქეფს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მომავალი სოფელს ექნება, იმიტომ რომ ქალაქები ძალიან გადატვირთულია. ჰაერიც აღარ ვარგა ქალაქში, ავტომანქანების გამონაბოლქვისაგან დაბინძურებულია. იმედია, რომ ამას მიხვდებიან ადამიანები და სოფელს დიდ ყურადღებას მააქცევენ. შემოსავლის წყარო უნდა გაჩნდეს სოფელში. მე მაგალითად 360 ლარი მაქვს პენსია. რამდენიმე წლის წინ ეს დიდი პენსია იყო, ახლა არაა ასე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს მომავლის, პირიქით მომავალს დიდი რწმენით უნდა უყურებდეს, ფიქრობდეს უნდა, რომ მომავალი უკეთესი იქნება.
_ მთავრობას რას ურჩევდით?
_ კაბინეტებში ჯდომას და იქედან მართვას ჯობია გავიდნენ ხალხში, გაიგონ, ვის რა უჭირს, რა პრობლემებია? როგორ შეიძლება ამა თუ იმ კუთხის წინ წამოწევა და გადარჩენა და საერთოდ, საქართველოს გადარჩენა სოფელზეა დამოკიდებული.
_ ახალგაზრდებს რას ურჩევდი?
_ ახალგაზრდებს ვურჩევ, თუ ძალიან დიდი ინტერესი არა აქვს სწავლის, ფიზიკურად იშრომონ; თუ ძალიან უნდათ ქალაქში წასვლა, მახლობელ ქალაქში იყოს, მშობლიურ კუთხესთან კავშირი ჰქონდეს. ნუ მოწყდება მშობლიურ კუთხეს იმიტომ, რომ იგი არის მასაზრდოებელი ადამიანის და სადაც არ უნდა წახვიდე თუ მოხვიდე, სულ ის შენი ბავშვობა ტრიალებს გონებაში, ის ადგილები, სადაც იცხოვრე და ბავშვობა გაატარე. სულ შენს გონებაშია, ახალგაზრდობას ვურჩევ შრომისმოყვარეობას, მის გარეშე არაფერი გამოვა.
_ გაიხსენეთ ის დამსახურებული მამათელები, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სოფლის წინაშე.
_ უპირველესად მინდა გავიხსენო ჩვენი კარგი პედაგოგები: ამბროსი შევარდნაძე და კონსტანტინე შევარდნაძე. ამბროსი შევარდნაძის ვაჟი, სახეგანთქმული ედუარდ შევარდნაძე. მწერლები: ნესტორ მალაზონია და შოთა როყვა, რომლებმაც შესანიშნავი ნაწარმოებები შექმნეს, მოღვაწეობდნენ ბათუმში, მაგრამ არ ისურვეს ბათუმში დაკრძალულიყვნენ და ორი მწერალია მამათის სასაფლაოზე დაკრძალული. სოციალისტური შრომის გმირები, ძალიან კარგი ხალხი, შუშანა დარჩია და ჟონა კილაძე, რომელიც პროფესორ ბენო დობორჯგინიძის მეუღლე იყო. მათი შვილიშვილი, დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩია. მინდა დიდი სიყვარულით მოვიგონო ქრისტეფორე ურუშაძე, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ხელმძღვანელობით სოფელში აშენდა უნიკალური შენობა, სოფლის ბიბლიოთეკა საბავშვო ბაღი.
- კულტურის სახლიც ალბათ?
- კულტურის სახლზე ცალკე ვიტყვი, ძალიან კარგი კულტურის სახლი გვაქვს, სადაც 30 წელი ვიმუშავე დირექტორად, მერე შტატი შეამცირეს და ახლა რა მდგომარეობაა არ ვიცი, ქონებას მოვლა და მზრუნველი ხელი სჭირდება.
_ დასასრულს რა იტყოდით?
_ მოვუწოდებ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას, კაბინეტში ყოფნას ჯობია ხალხში გავიდეს, მოიაროს ჩვენი რაიონის ტერიტორია, სოფლები. გაიგოს ვის რა აწუხებს, რაა გასაკეთებელი მომავალში, რისი დახმარება სჭირდება ხალხს და ხალხმა როგორ დაეხმაროს რაიონს, რათა ამ მდგომარეობიდან საქართველო გამოვიდეს და უკეთესი მომავალი ჰქონდეს.
ჯემალ დობორჯგინიძე: ნუ მოწყდები მშობლიურ კუთხეს, იმიტომ რომ,იგი არის ადამიანის სულის მასაზრდოებელი

ესაუბრა მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 936