ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პოეტთან სიმონიანთხევში

გუშინ, 12:19

  ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ დღევანდელობის ერთ ერთ შესანიშნავ პოეტთან, ტარიელ ხარხელაურთან, ჩაწერა წარმატებულმა ლანჩხუთელმა სტუდენტმა, ქეთევან ხუხუნაიშვილმა თავის მეგობართან ერთად. ქეთევანმა  დაამთავრა ემზარ წილოსანის სახელობის Nმეორე საჯარო სკოლა. ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებულად აინტერესებდა ქართული ენა და ლიტერატურა. ამჟამად არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. პარალელურად მუშაობს მოსწავლეებთან, რაც მისთვის არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა და სიამოვნებაცაა. როგორც თავად აღნიშნავს, უყვარს კითხვა, კვლევა და ქართული კულტურისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობა. მომავალშიც გეგმავს განათლებისა და ფილოლოგიის სფეროში განვითარებას და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას. 
წარმატებებს ვუსურვებთ ქეთევანს და გთავაზობთ ინტერვიუს, რომლის გაცნობითაც უდავოდ კმაყოფილი დარჩებით.
 
 უძვირფასეს ტარიელ ხარხელაურთან ერთად დავადექით თიანეთის მომხიბვლელ გზას. ეს გახლავთ პოეტი, რომელმაც საკუთარი სათქმელი ულამაზესი და, ამავე დროს, ყველასთვის გასაგები ენით გადმოსცა.  მასთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებოდით და  თავადაც  აღნიშნა ის, რომ ჩვენი მომლოდინე ყოფილა. საინტერესო საუბარში სოფლამდე სავალი გზა მალევე მიილია და პოეტის სულიერ სავანეს - სიმონიანთხევს მივადექით. ბატონი ტარიელი თბილად გაგვიმასპინძლდა და საყვარელი დედის ოთახში, ცეცხლის გარშემო მსხდომებმა ერთად და გულდაგულ ჩავწერეთ ეს დაუვიწყარი ინერვიუ...
- როდის მიხვდით პირველად, რომ წერა თქვენი გზა იყო?-როცა წამოვიზარდე – დაახლოებით მე-6-7 კლასში – უკვე თითქმის ზრდასრულად ვგრძნობდი თავს. მე, თქვენგან განსხვავებით, სკოლაში რვა წლის ასაკში შევედი. ჩვენს ოჯახში ისე იყო, რომ ლექსის წერისთვის დრო არავის ჰქონდა. თუმცა საღამოობით, როცა განმარტოებული ვიყავი საკუთარ თავთან, რაღაც მაწვალებდა, რაღაცას შინაგა-ნად ვგრძნობდი. იყო რაღაც, რასაც ვერა და ვერ გამოვთქვამდი. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ფიზიკური ვარჯიში ამ გრძნობას ვერ გამიქრობდა. ბოლოს კალამი ავიღე და ჩემი ფიქრები ფურცელზე გადავიტანე, რის შემდეგაც ამ ემოციებისგან გავთავისუფლდი. ეს ჩემთვის ემოციებისგან განტვირთვის საშუალება გახდა, შემდეგ კი ეს უფრო და უფრო გახშირდა.- მინდა, ცოტა უფრო ღრმად შევეხოთ ამ საკითხს. რა გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას - ადამიანი,ღმერთი, ტკივილი თუ სიჩუმე?
- ცოტა რთული კითხვაა და ასე ვუპასუხებ: შთაგონებას მე სხვაგვარად ვუყურებ. ამისთვის წინასწარ არასოდეს ვფიქრობ, უბრალოდ გრძნობ, რომ შენში შიგნიდან რაღაც იცვლება. თითქოს გონება იწმინდება. ხომ გინახავთ, როგორ ფარავს ნისლი მთებს? მერე ნისლი გადაიწმინდება და ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. დაახლოებით ასეთ ცვლილებას გრძნობ საკუთარ თავშიც. ამას შეიძლება შთაგონება ვუწოდოთ.     
ამიტომ, რაიმე კონკრეტული საგანი ჩემი შთაგონების წყარო არ არის. ჩემთვის შთაგონების მთავარი წყარო ბუნებაა. ბუნება ჩემთვის სამყაროს ბიბლიაა, რომელსაც ყოველდღე ვაკვირდები და ასე ვაწვდი ინფორმაციას ჩემს გონებას. ეს არ არის ისე, რომ სპეციალურად წავიდე, გავიარო და რამე მომეწონოს. ასეთი რამ იშვიათად ხდება. ბუნება პირდაპირ იწვევს ჩემში ემოციებს და სწორედ იქიდან იბადება შთაგონებაც.
- თუ ნებას დამრთავთ, ამ თემას კიდევ უფრო სხვა კუთხით ჩავუღრმავდები. თქვენს ლექსებში განსაკუთრებით იგრძნობა ბუნება. ეს მართლაც ასეა. იცით, რა მაინტერესებს?  რა არის ის, რასაც მთა გაძლევთ თქვენ? ვიცით, რომ ამას თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში დიდი როლი აქვს.
- მე, როდესაც აქ ვარ, მიწასთან ახლოს ვარ. ვგრძნობ მიწის ენერგიას. ეს მაძლევს ძალას. აქ ძლიერი ხარ. აქ გგონია, რომ ყველაფერი შეგიძლია, თითქოს ყველაფრის გამკეთებელი ხარ. მაგრამ როგორც კი მოწყდები ამ ნიადაგს, იმ მიწას, სადაც დაიბადე, მაშინ უკვე უსუსურად გრძნობ თავს. სწორედ ამიტომ არ მიყვარს სხვაგან ყოფნა.
- ამიტომ არ ტოვებთ აქაურობას არასოდეს?
-არასოდეს! უფალს ხომ შეეძლო, ნებისმიერ ქალაქის ცენტრში დავებადებინე,მაგრამ არა. ვაჟა რომ ჩარგალში არ დაბადებულიყო...ალბათ ის ვაჟა ვერ იქნებოდა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს მთები, ეს ბუნება, ეს მიწა - ყველაფერი მის სიტყვებში და აზრებში ცხოვრობს.
- ჩვენ ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხეთ, რომ თქვენ ბუმბერაზი ადამიანი ხართ, რომელსაც ტალახი ვერ შეეხება. თქვენ როგორ ხსნით ამ „შეუხებლობას“?
 -ეს სხვისი ნათქვამია…როგორ არ შეგეხება? ტალახიც გეხება და ყველაფერი გეხება, მაგრამ შენ ამას არ იღებ, არ ეგუები - შენთვის მიუღებელია. მე ყოველთვის ვცდილობ, ოდნავ მაინც მსგავსი ვიყო იმისა, რასაც ვწერ, პოეზიას ვგავდე. არ მინდა, რომ ერთი ვიყო წერაში და მეორე ცხოვრებაში. შეიძლება ასეთ შედარებას სენსიტიურად იღებენ, როგორც შენ მითხარი, შვილო, მაგრამ მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ - ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივად, ისეთივე გლეხივით, როგორც ჩემი მეზობელი გლეხები. ჩვეულებრივი კაცი ვარ…მხოლოდ წერის დროს ვარ განსხვავებული. ხმამაღლა ვსაუბრობ საკუთარ თავთან. როდესაც ლექსს ვწერ და სტრიქონებს ფურცელზე გადავიტან, ჟღერადობა უნდა ვაკონტროლო, მუსიკა უნდა მესმოდეს. რასაც ვგრძნობ, ის უნდა გადავიტანო სტრიქონებში.
ალბათ სწორედ ეს ქმნის ადამიანებში იმ განცდას, თითქოს მე განსაკუთრებული ვარ. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩემზე ბევრად ,,დიდებიც’’ იყვნენ და არიან საქართველოში. ღმერთმა დაიფაროს ის ქვეყანა, სადაც შენზე უკეთესი ადამიანი არ არსებობდეს…თქვენ როცა მოდიხართ, თქვენც ხომ უკეთესები ხართ წინა თაობაზე? უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდებით. უნდა ვისწავლოთ, რომ დავინახოთ.
 - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე კადრს მიღმა და ნაწილობრივ შევეხეთ კიდეც, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: ხშირად გადარებენ ვაჟას. რა ემოციას აღძრავს ეს თქვენში?
 - არცთუ სასიამოვნოს. იმიტომ, რომ ვაჟა სრულიად სხვა მწვერვალია. ვაჟას არ უნდა შეადარო არავინ. არის ისეთი მწვერვალები, რომლებსაც თვალი არ უნდა მიაჩვიო. ასეთ დროს შენ კარგავ ვაჟასაც და კარგავ ავტორსაც, ვისაც ადარებ. მე ვფიქრობ, ეს უფრო იოლი გზაა ავტორის შეცნობისა ,რადგან ვაჟა ყველამ იცის.
მაგრამ მე ასე ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველა თვითონ ჰორიზონტალურად მოძრაობს და იმ ჰორიზონტალურ სივრცეში მან არავის დაუტოვა ადგილი თავის სივრცეში. ამიტომ ჩვენ უნდა მოგვეძებნა სხვა სივრცე.
ნახეთ, ჩემი ლექსების კრებულების სათაურებიც ამას მიანიშნებს: „აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“, მეორე - „წუთისოფლის სიმფონია“, და მესამე - „იქ მიღმა“. თვითონ სათაურებიც მიგვანიშნებს, რომ შენ სხვა სივრცე გჭირდება. გონების დასანაყრებლად მხოლოდ წუთისოფელი აღარ გკმარა. თუ მხოლოდ აქ დარჩები, მაშინ ვაჟა უნდა იმეორო, მაგრამ თუ ვაჟას იმეორებ, უკვე დაკარგული ხარ, არა? ამიტომ ეს შედარება - თითქოს პრეტენზიას არ აცხადებს, თითქოს წინააღმდეგი არ ხარ,მაგრამ მაინც, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ჩემთვის ვაჟა სალოცავია. ასეთ ადამიანებთან შედარება რთულია. ასეთი ადამიანები მემკვიდრეებს არ ტოვებენ.
- ჩვენ ვიცით, რომ ძალიან იშვიათად ბეჭდავთ ლექსებს. საიდან მოდის ეს თავშეკავება?
- ეს კითხვაც მომეწონა. ეს თავშეკავება მოდის იქიდან, რომ მე მკითხველთან მართალი უნდა ვიყო. შეიძლება იქ არ მითქვამს, მაგრამ მე უკვე მაქვს რაღაც სახელი. ასე არ არის? რაღაცას გიწერ, რაღაცას გასწავლი,რაღაცას გიზიარებ… ასე არ არის? სწორედ ამიტომ, მე მკითხველთან უნდა ვიყო მართალი. ჩემი სახელი არ უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ მკითხველი მოვატყუო ან მოვხიბლო. პირიქით, პასუხისმგებლობა მაქვს მის წინაშე… თითოეულ ლექსთან ჩემი საკუთარი პრეტენზია მაქვს. ყოველთვის ვფიქრობ მომავალ თაობაზე, ჩემი შვილიშვილების თაობაზე. არასოდეს დავბეჭდავ ისეთ ლექსს, რომელიც გონებას ცოტათი მაინც არ შეაწუხებს, არ დააფიქრებს.
ეს სიღრმე, ფილოსოფიური სიღრმე - შენი დამსახურება კი არ არის. ეს გზაა, რომელსაც უფალი გიჩვენებს და როცა ამ გზას სწორად მიჰყვები, მაშინ სწორად ემსახურები სიტყვას.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პოეზია საკუთარ სამსახურში არ უნდა ჩააყენო. პირიქით, შენ უნდა ემსახურო პოეზიას. როგორც ბერი ემსახურება ტაძარს. ეს არის შენი მოვალეობა - ტაძარში მსახურება.
-კი, უხეშად რომ ვთქვათ, თითქოს შუამავლობაა ღმერთსა და საზოგადოებას შორის.
- შეიძლება ეს აღარც იყოს უხეში ნათქვამი, შვილო. იმიტომ, რომ შენ გადმომტანი ხარ -  იმ ინფორმაციის გადმომტანი, რაც ზემოდან გეძლევა. პოეზია ამის ფორმაა. სწორედ პოეზია ახერხებს ამ ინფორმაციის გადმოტანას ყველაზე უკეთ. მას თავისი ჩარჩოები აქვს, მაგრამ ამავე დროს უსაზღვრო სივრცეც. პოეზიის სტრიქონს ხშირად უფრო დიდი ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. ამიტომაც არის, რომ პოეზია სწორედ ის გზაა, რომლითაც ეს განცდები და აზრები ადამიანამდე აღწევს. 
- რა არის ის ერთი რამ, რის გარეშეც ტარიელ ხარხელაური ვერ იარსებებს?
- პოეზიის გარეშე, პოეზიის გარეშე. ეს არის ჩემი სიცოცხლის დასაწყისიც და დასასრულიც. ამას ძალიან ხშირად ვამბობ და მეუღლესა და ოჯახსაც არ სწყინთ. მათ იციან, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი პოეზიაა.
-ყველა შეგუებულია ამ ფაქტს,ხომ? 
- ჰო, ყველამ იცის; ამიტომ ვარ აქ. ამიტომ ვწერ…ასეთი ლექსი მაქვს:
,,მე სივრცე მინდა, არა დრო მეტი,
სივრცე ლურჯი და სივრცე უჩინო.
მე დავიბადე, როგორც პოეტი,
რომ ლექსებს სული გადავურჩინო.’’
-თქვენი ლექსები და სიტყვა მუდამ აღძრავს სიწმინდის წყურვილს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ამდენი ბოღმა და შურია, ყველაფერთან ერთად, როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა სიწმინდე?
-რა კარგ კითხვებს სვამთ. ასეთ საკითხებზე ხშირად არ მისაუბრია. მადლობა, შვილო, ამ კითხვისთვის.
მე ერთი რამ მჩვევია - საკუთარი თავის განკითხვა. ყოველ საღამოს, როცა დავწვები, უნდა გავაანალიზო: როგორ გავატარე დღევანდელი დღე? როგორ ვიცხოვრე? რამდენად მისაღები იყო ჩემი ქცევა? და თუ რამე არ იყო სწორი, შენდობას ვითხოვ.ეს არის დიალოგი საკუთარ თავთან - საკუთარ თავთან საუბარი. უნდა ესაუბროთ საკუთარ თავს, შვილო, დაუსვით კითხვები და პასუხსაც  მიიღებთ… ესაუბრეთ საკუთარ თავს. სწორედ ასეთი კითხვებით ვცდილობდი, რომ ჩემი ცხოვრების წესი ყოფილიყო განსხვავებული და არა მხოლოდ პოეზიით ვყოფილიყავი დასამახსოვრებელი.
მე ვცდილობ, რომ პოეზიას ვემსგავსო - იმას, რასაც ჩემს მკითხველს ვთავაზობ. შენი ცხოვრება ყალბი არ უნდა იყოს. შენი ცხოვრება უნდა ემთხვეოდეს იმ სიტყვას, რომელსაც წერ.
- რეზო ინანიშვილის რეაქცია თქვენს ლექსზე ძალიან საინტერესო იყო. მან თქვა: „მე რა უფლება მაქვს, იმის დამწერს რამე ვასწავლო?“ — ფაქტობრივად, საკუთარ თავს არ მისცა უფლება რაიმე შენიშვნა ეთქვა თქვენს ლექსზე. ამ ფაქტმა რა რეაქცია გამოიწვია თქვენში?
- მე ბეჭდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. პირველად მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკში დავიბეჭდე. ვფიქრობდი, ჩემს საუკუნეში ხომ იცხოვრა ვაჟამ, ილიამ, გალაკტიონმა, მუხრან მაჭავარიანმა, აკაკი წერეთელმა…  როდესაც ასეთმა ტიტანებმა გაიარეს და  შენ გინდა, რომ პოეზიით დამკვიდრდე წუთისოფელში, ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
სწორედ ამიტომ მიყვარდა რეზო ინანიშვილი და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ხშირად ვხევდი ხოლმე ჩემს ლექსებს. ერთხელ რომ გაიგო ეს ამბავი, მითხრა: „აბა მაჩვენეო.“ მერე კი დაამატა - თუ რამის დახევას გადაწყვეტ, ჯერ მე მომიტანეო.
მაშინ გადავწყვიტე, თუ რეზო ინანიშვილი მეტყვის, რომ ღირს დაბეჭდვა, მაშინ დავთანხმდები-თქო. პირველი ლექსი მივუტანე, თითქოს შეგნებულად, ან შეიძლება შეუგნებლადაც. ლექსი ასე იწყებოდა:
„ოჰოო… ამოიოხრა მუხრანმა მძიმედ.“
როგორც კი ეს სტრიქონი წაიკითხა, კითხვა აღარ გაუგრძელებია. მაშინ მითხრა: თითქოს შენ სხვა სიო შეიტანე ქართულ პოეზიაში, განსხვავებული სიოო.
- ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა. განსხვავებული ხმის ტემბრი გაქვთ და მართლაც საინტერესო ადამიანი ხართ. გაგვიხარდება, თუ მოგვიყვებით რაიმე ცხოვრებისეულ დეტალს, რაც თქვენ გადაგხდენიათ და ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილი იქნება.
- თორმეტი წელი დავდიოდი ცხვარში, მწყემსად. წიგნის კითხვა მაშინაც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ხშირად დავდიოდი და წიგნს ვკითხულობდი გზაში.
ერთ დღესაც მივდივარ და წიგნს ვკითხულობ. უცებ მანქანა გაჩერდა. კასპიისპირეთში ვიყავი მაშინ - აქედან დაახლოებით ოთხასი კილომეტრის დაშორებით. დამინახა კაცმა, წიგნი რომ მეჭირა ხელში, და მკითხა: რას აკეთებო? ვუთხარი, ცხვარში ვარ-მეთქი. მაშინ მკითხა - ცხვარი სად არისო?(იცინის…)
ცხვარი კი სხვა მიმართულებით წასულიყო, მე კი წიგნის კითხვას გავყევი. მაგრამ ვიცოდი, საით წავიდოდნენ. როცა ცხელა, ცხვარს ასეთი ჩვევა აქვს - ნიავის მიმართულებით მიდის; თავს დაღუნავს და ნიავისკენ მიიწევს.
ასეთი რამეები ხშირად ხდებოდა. მწყემსის ცხოვრება ყოველდღე სავსეა კურიოზებითა და სირთულეებით. მაგრამ ეს კურიოზები მხოლოდ მოსაყოლი ამბები არ არის , მათ თავიანთი ფილოსოფიური დატვირთვა აქვთ. იქ სწავლობ ურთიერთობას ბუნებასთან, ადამიანთან და საკუთარ თავთან.
ეს არის შეჩვევა სიძნელეებთან, სირთულეებთან - საკუთარი თავის გამოცდაა. რამდენად შეძლებ, რამდენად გამძლე ხარ. თუ მყარი ბუნების არ ხარ, თუ მხდალი ან ლაჩარი ხარ, ვერ გაუძლებ, ორ-სამ დღეში გატყდები.
ზოგს ჰგონია, რომ ცხვარში ყოფნა რომანტიკაა. მაგრამ ეს რომანტიკა არ არის, ეს არის ცხოვრებაა. როცა ერთი დღით გახვალ, შეიძლება რომანტიკად მოგეჩვენოს. მაგრამ როცა ეს შენი ცხოვრების წესია, მაშინ ეს უკვე ბრძოლაა სამყაროსთან, ბრძოლა დამკვიდრებისთვის.
პ.ს სწორედ ამ ფიქრებით დასრულდა ჩვენი შეხვედრა. საუბრის ბოლოს ბატონმა ტარიელ ხარხელაურმა საკუთარი ლექსი წაგვიკითხა - ლექსი, რომელმაც  კიდევ ერთხელ გააერთიანა ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ: ადამიანი, ბუნება და პოეზია.
            სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები -
            ქეთევან ხუხუნაიშვილი და ანი ხომასურიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 63
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა