ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დედის მონოლოგი აფხაზეთში დაღუპული შვილისადმი

11-11-2025, 18:18

 შვილო გოჩა, მერამდენე წელია უკურნებელი ტკივილი ხარ დედისათვის!..
 დაბადებიდან ქუდბედიანი ბიჭი იყავი, მომხიბლავი გარეგნობის, ნიჭიერი, განათლებული, თავაზიანი ქცევით გამორჩეული, ყველას მიმართ ნდობასა და სიყვარულს გამოხატავდი. რომ არა წყეული ომი, დღეს ერთი კარგი ქართული ოჯახის თავკაცი იქნებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა...
როცა სამშობლოს დასაცავად შენი უახლოესი მეგობრები ომში გაიკრიფნენ, შენც იარაღი აიღე ხელში და ღრმად იყავი დარწმუნებული, რომ მეგობრობა ფასეულობაა, სამშობლო _ ღირსება, მისი დაცვა კი მოვალეობა!
 ასეთ იდეალებზე გაზრდილ ვაჟკაცს წინ ვეღარ გადაგეღობეთ მე და მამაშენი. აფხაზეთში, ბრძოლის ველზე, 27 წლის ასაკში შეწყდა შენი მჩქეფარე სიჭაბუკე. მე, 89 წლის დედას, ისევ მომესწო უშენოდ შევხვდროდი 11 ნოემბერს, შენს დაბადების დღეს. გილოცავ 60 წლის იუბილეს ზეციურ საქართველოში! შენი ძმის ოჯახი, ძმისშვილები, უახლოესი მეგობრები გადღეგრძელებენ როგორც ცოცხალს, ნამდვილ მამულიშილს. მე კი, მადლობას გიხდი, შვილო, რომ ჩემს თალხ მანდილს, შენი უკვდავების შარავანდედი ადგას გვირგვინად.
 მე ლეჩხუმელი ვარ, ლადო ასათიანის მშობლიური კუთხიდან და ჩემს მოლოცვასაც შენი საყვარელი პოეტის სტროფით დავამთავრებ;
      ,,რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
      სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ,
      და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
      როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე“.       
                                                  შენი დედა,  ფრანიკო  ჩანკვეტაძე-კვირკველია 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 212
FACEBOOK კომენტარები