ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს _ დაურიგეთ თითოეულ ქართულ ოჯახს თითო მილიონი!..

17-11-2025, 14:08

 სათაყვანებელო ადამიანო, მე არ მოგმართავთ იმიტომ, რომ ყველა ბატონზე ბატონი ბრძანდებით. 
 კომუნისტების პერიოდში კარგა ხანს მომიწია ცხოვრება. რაიმეთი თავი რომ გამეტანა, რაციონალურ წინადადებებს ვიგონებდი. მაგალითად თოხის პირისთვის 5-7 სანდიმეტრამდე რომ დაგვემატებინა, ყოველი მე-9, მე-10 მოქმედება ამოვარდებოდა. ესე იგი რამოდენა მოგება გქონდა. ჰოდა, ჩემო ბატონო ასეთმა ძიებებმა ამჟამად მიმიყვანა ამ დასკვნამდე, რითაც თქვენ უნდა მოგმართოთ. თქვენ, რამდენადაც ვიცი, ძალიან გიყვართ ბევრი ფული. ღმერთმა მოგცეთ და გაქვთ კიდეც. მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ თქვენი არ შემშურდეს. ვიცი გაწუხებთ დიდი ფული, ვიცი სხვებსაც აწუხებთ ამის გამო. ჰოდა, ძველი რაციონალური წინადადების ავტორი, მსურს დაგეხმაროთ. რა მოხდება თითოეულ ქართულ ოჯახს თითო მილიონი რომ მისცეთ. მართალია ჩვენები გაუმაძღრები არიან და გეტყვიან, რა მოგივიდა შე კაცო, თითო კი არა, 2 მილიონი დაგვირიგეო. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მე მომისმინეთ. როგორც ვიცი, წმინდა ქართული ოჯახი მილიონნახევარს ვერ წვდება საქართველოში. ჰოდა, შეხედე რამხელა სახელი გრჩება დედამიწაზე. მსოფლიოში შეიქმნება პრეცედენტი _  მილიონერთა სახელმწიფო, რაც კაციშვილს არ ახსოვს. აი, დამსახურება, აი, სახელი. ჰოდა, რომ გაამილიონერებ ამ ხალხს,  მერე უმათრახოდ შენი იქნება. აღარც ის პუტკუნალოყებიანი ბიჭები დაგჭირდება მაგათ დასამაგრებლად, გასაჩერებლად, აღარც გრძელთმიანები, აღარც მოკლესაზრისიანები... ჰო, ჩემო ბატონო, რაციონალური წინადადება შეიძლება არც მოგეწონოთ და მართალიც ბრძანდებით, ამაში. ვინ იცის მილიარდნახევრის შოვნაში რამდენი წამება გაქვთ გავლილი და მე აგერ ერთ გაქნევაზე მაგის დახარჯვას გთავაზობთ. 
 მომიტევოთ უნდა, ჩემო ბატონო, მაგდენი აზრი რომ არ მაქვს, იმიტომ ვარ მე უფულო და თქვენ მილიარდელი. ჰოდა, გემუდარებით ერთბაშად მაინც ნუ უარყოფთ ჩემს მიერ გამოთქმულ საზრისს. დამიჯერეთ. ბედსა გწევთ-მეთქი რომ გითხრათ, იქნებ გეწყინოთ, მაგრამ იყოს დიდი საქმისთვის პატარა წყენა, არაფერი არ დაშავდება. 
 დიახ, ჩემო ბატონო,  დაურიგეთ თითოეულ ქართულ ოჯახს თითო მილიონი, მე პირადად არ მინდა, ჩათვალეთ, რომ მე უკვე მილიონი მაქვს. 
 წარმატებებს გისურვებთ! 
                                                                   თქვენი დავით ასკურავა
                 საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მწერალი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 242
FACEBOOK კომენტარები