მედიკო შაინიძე, ჩოჩხათი: სახლში შრომასა და წვალებაში გავატარე ზაფხული. დასასვენებლად წასვლის საშუალება კი არა, თავი ძლივს გაგვაქვს. მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ და ყოველ წუთს მეშინია მეწყერმა არ წაგვლეკოს, თან სახლი სარემონტოა. ძველი სახლია და ყველაფერი გასაკეთებელია. არც სოციალური დახმარება და არც არაფერი მატერიალური საშუალება არა გვაქვს. მეუღლეც არ მუშაობს. მთავრობა არ დამხმარებია. ძალიან გვიჭირს. რომელ დასვენებაზეა ლაპარაკი? სასკოლოდ ბავშვები მოსამზადებელი მყავს, არ ვიცი, რას ვიზამ, ჯერ არ მომიფიქრებია.
შორენა რომანაძე, ლანჩხუთი: ზაფხული გავატარე სოფელში და აჭარაშიც ვიყავი. სასკოლოდ ჯერ არაფერი მიყიდია, არც რაიმე თანხა მაქვს, რომ რაღაცეები შევუძინო.
მზია ცეცხლაძე, ჩიბათი: სტუდენტები მყავს და მათ სჭირდებათ რაღაცეების ყიდვა, მაგრამ არაფრის საყიდელი თანხა არა მაქვს. ყველანი უმუშევრები ვართ. არც სოციალური დახმარება გვაქვს, რომ თავი გავიტანოთ და რა დასვენებაზეა ლაპარაკი? დასვენება ის იქნება, საჭმელი თუ გვექნება.
ნათელა ვანაძე, ჩიბათი: არსად წავსულვართ, არც დასვენების საშუალება გვქონდა. სასკოლოდ ბავშვები მოსამზადებელი გვყავს, არც არაფერი საშუალება მაქვს. არ ვიცი რა საშველი გამოვნახო.
მარინა გოგიბერიძე, ლესა: ხვალ ვაპირებ დასასვენებლად წასვლას. ბახმაროში მივდივართ და ბავშვებს ძალიან უხარიათ. სასკოლოდ არ მოვმზადებულვართ, რადგან ამის საშუალება არ მქონდა. ალბათ რაღაცას ვიზამ.
ლალი იმნაძე, ლანჩხუთი: სახლში ვიყავი, შრომასა და ჯაფაში. დასვენებას თანხები სჭირდება, რომელიც არ მაქვს, ამიტომ სახლში ვართ. არც სასკოლოდ მომზადების თანხა არ მაქვს, მაგრამ რაღაც საშუალება აუცილებლად უნდა გამოვნახო.
ხათუნა ბეჟუნეიშვილი, ლანჩხუთი: ყველანი უმუშევრები ვართ და დასვენების საშუალება სად გვაქვს, ის კი არა, თავის გატანის თავიც არა გვაქვს.სასკოლოდ მომზადებას ფული სჭირდება, მაგრამ არ ვიცი, რა გზას გამოვნახავ.მარინა კომახიძე, ჩიბათი: არსად არ ვყოფილვარ, რადგან ფული არ გვქონდა, ყველაფერს ფული სჭირდება, ამიტომ დასვენებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. სკოლისთვის არ მოვმზადებულვარ, რადგან ამასაც ხომ გარკვეული თანხა სჭირდება, მაგრამ რაღაცას აუცილებლად ვიზამ.
ნაზი ლოსაბერიძე, ლანჩხუთი: დასვენების საშუალება არ მქონდა, არც სასკოლო თანხა მაქვს, ამიტომ რას გავაკეთებ არ ვიცი.
კოტე მიქაბერიძე, ლანჩხუთი: დასვენების საშუალება კი არა, თავი როგორ გავიტანოთ არ ვიცი. რაღაც დღიურ სამუშაოს ვშოულობდი, ახლა ისიც არ არის. სასკოლოდ ბავშვები მოსამზადებელი გვყავს, თანხა კი არ გვაქვს. კარგი იქნებოდა მთავრობა დაგვხმარებოდა, მაგრამ ისინი ჩვენთვის თანხას გაიმეტებენ? არჩევნებისთვის კი დაიწყებენ კარდაკარ ჩამოვლას და ხმას მათხოვრობენ, იმას კი არ ფიქრობენ, შენ რა საშუალება გაქვს და თავი რით გაგაქვს…
ავტორი: რუსუდან მანაგაძე
როგორ გაატარეთ ზაფხული და როგორ ხვდებით ახალ სასწავლო წელს?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 157