მერი გვარჯალაძე. ლანჩხუთი: არც ერთი პარტია არ იმსახურებს ჩემს ნდობას. ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებდი. იმდენი ხანი ვიბრძოდი მათთან ერთად, საკმარისად ვიმუშავე მათ გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გამიცრუვდა.
გრიგოლ თავაძე-სამტრედია: არც ერთი პარტია არ იმსახურებს ჩემს ნდობას, არც პოზიცია და არც ოპოზიცია, არც მესამე ძალა ჩანს ჰორიზონტზე, რომ მისი დავიჯერო, ამიტომ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებდი.
კახაბერ ცინცაძე, ლანჩხუთი: რათქმა უნდა მმართველ პარტიას.
ვეფხია ბეროზაშვილი. ლანჩხუთი: ჯერ- ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი. ჯერ არჩევნებამდე კიდევ შორს არის. ჩამოვყალიბდები, ვიფიქრებ და მერე მივცემ ხმას.
ირინა ნიკოლაიშვილი. ნიგოითი: მმართველ პარტიას ვაძლევ ხმას, მეც მათ სასარგებლოდ ვმუშაობ კოორდინატორად.
რობიზონ ჩხაიძე. ჩიბათი: ,,ქართულ ოცნებას’’ ვაძლევ ხმას.
თენგიზ კუნჭულია. ჩიბათი: მეც ,,ქართულ ოცნებას’’ ვაძლევ ხმას. ჯერ-ჯერობით სხვა პასუხი არა მაქვს.
ია ფირცხალაიშვილი. ლანჩხუთი: ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
არჩილ ხოფერია. ლანჩხუთი: ,,პატრიოტთა ალიანსს’’ ვაძლევ ხმას.
ნონა ორმოცაძე. სუფსა, ხიდმაღალა: რომელიც დამეხმარება და ჩემს გასაჭირს გაიზიარებს მას მივცემ ჩემს ხმას. 4 შვილის დედა ვარ, ძალიან გვიჭირს. ჩემი ერთი შვილი დაიჭირეს და სასჯელს იხდის იმისათვის, რომ მევალე გალახა, იმიტომ რომ მისი ფული არ მისცა. ის უდანაშაულოა და ტყუილა იხდის სასჯელს. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი მეუღლე. ბავშვები საპატრონო მყავს. სახლი, სადაც ვცხოვრობ, სარემონტოა, წვიმის დროს, როგორც გარეთ, ისე წვიმს, ზედ საწოლზე გვაწვიმს. რამდენჯერმე ავდივარ სხვენზე, რომ ტაშტები დავდო, რომ სახლში არ ჩამომივიდეს წყალი. ადგილობრივი მთავრობისათვის არ მიმიმართავს, რადგან აზრი არა აქვს, ვიცი, რომ არ დამეხმარებიან. ამიტომ მინდა როგორმე ,,რუსთავი -2-ს’’ მივაწვდინო ჩემი ხმა, რომ დამეხმარონ, შევხედავ, ვინც დამეხმარება იმას მივცემ ხმას.
ლიანა ანანიძე. ჩოჩხათი: ,,ქართულ ოცნებას’’ მივცემდი ხმას.
ლიანა ხერხეულიძე. ლანჩხუთი: მე ,,ევროპულ საქართველოს’’ მივცემდი ხმას, ჯერ-ჯერობით ისინი არიან, რომლებიც ხალხზე ფიქრობენ, როგორ შეასრულებენ ამას, არ ვიცი, მაგრამ მაინც ვენდობი, რადგან ,,ქართულმა ოცნებამ’’ ხალხი გადააგდო და ასეთ გაჭირვებაში გვამყოფებს. ლარი გაუფასურდა, პროდუქტებს ვერ მიეკარები, რადგან ყველაფერს ცეცხლი ეკიდება. ცხოვრება ძალიან გართულდა და ჯობს ხალხზე იზრუნონ, ყველას რომ პარლამენტში უნდა შეძრომა.
ნანული ფირცხალაიშვილი. ლანჩხუთი: არც ერთ პარტიას არ მივცემ ხმას, ყველას გადავხაზავ, რადგან დავიღალეთ ამდენი ტყუილებით, თვითონ კი მოიწყვეს ცხოვრება და ხალხი ვის ადარდებს, ახლა ეს პანდემიაო, ხალხი პანიკაში ჩააგდეს და არ ფიქრობენ ამას რა მოჰყვება. უნდათ სხვა რამეზე გადაატანინონ ხალხს ყურადღება, ვითომ როგორ ზრუნავენ ხალხზე, სინამდვილეში კი თავიანთ თავზე ზრუნავენ, რომ ჯიბეები გაისქელონ.
რუსუდან მანაგაძე
რას ფიქრობს ხალხი?! - ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდი ხმას?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 293