არჩევნების მოახლეობასთან ერთად ვნებათაღელვა მატულობს, ზოგი მთელი სერიოზულობით ეკიდება არჩევნებს და თვლის, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არა აქვს.
გულნაზი გოგავა,
ლანჩხუთი:
- რა თქმა უნდა, ვაპირებ წავიდე არჩევნებზე, რადგან ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მაგრამ ვის მივცემ ხმას, ეს ჩემი პირადი საქმეა. არჩევნებზე ყველა უნდა წავიდეს და ხმა ისეთ პიროვნებას მისცეს ვინც აუცილებლად ნდობას გაამართლებს.
იორამ ფირცხალაიშვილი, შუხუთი:
-არჩევნებზე წასვლას ვაპირებ და აუცილებლად წავალ, თუმცა ადრინდელმა არჩევნებმა არ გაგვიმართლა, მაგრამ იქნებ მაინც რაიმე შეიცვალოს უკეთესობისაკენ.
ირაკლი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი როგორ მოვიქცევი. ამ არჩევნებმა წაიღეს ტვინი, შეგვაწუხეს ხალხი, რომ ავირჩიეთ, იმათ ვერ გაამართლეს, იმედია ახლანდელი კანდიდატები ნდობას გაამართლებენ.
ზოია ფირცხალაიშვილი, ქვიანი:
- აუცილებლად წავალ არჩევნებზე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ისეთ კანდიდატებს ავირჩევთ, რომლებიც ხალხის ნდობას გაამართლებენ.
ნანა წულაძე, ლანჩხუთი:
- რა თქმა უნდა, წავალ არჩევნებზე, რადგან ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მაგრამ ხმას ვის მივცემ, ეს ჩემი პირადი საქმეა. ამ მთავრობის დიდი იმედი მქონდა, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა. თავს ვინუგეშებ, რომ შემდგომში ყველაფერი გამოსწორდება.
თენგიზ კვირკველია, ლანჩხუთი:
- არჩევნებზე წასვლა ჩვენი მოვალეობაა და და აუცილებლად წავალ. იმედია ასარჩევი კანდიდატები ნდობას გაამართლებენ.
ნარგიზ ჯიჯიეშვილი, სამტრედია;
- ნუ გამიჭირეთ საქმე, სულ არ მაინტერესებს თქვენი არჩევნები. რომ ავირჩიეთ იმათ რა გააკეთეს?! თავიანთი ცხოვრება მოიწყვეს, იმდენი ფული დააგროვეს, აწი რომ არ იმუშაონ, მაინც ეყოფათ. თითქმის ცამდე კიბეები დაიდგეს და ვინც აირჩია, ისინი დაივიწყეს და ფეხებზე დაიკიდეს. ხალხი კი ისეთ მძიმე დღეშია ჩავარდნილი, რომ არ იცის, როგორ გაიტანოს თავი. ლარი სულ უფრო და უფრო ეცემა, პროდუქტები და მედიკამენტები ძვირდება, თითქმის ყველა საარსებო საშუალება ძვირდება. პენსია და ხელფასდები კი არ იზრდება. არც არავინ არაფერს გვპირდება. მე მმართველ პარტიას ვგულისხმობ, რადგან ძალა მაგათ ხელშია და არჩვენებსაც თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ.
იოსებ გუჯაბიძე, ლანჩხუთი:
- სულ არ მაინტერესებს არჩევნები, მაგრამ მაინც წავალ, რომ ჩემი ხმა არ გააყალბონ და ამ ,,ქართულმა ოცნებამ~ არ მიითვისოს, ავირჩიეთ, მაგრამ ყველა მუქთა- მჭამელი აღმოჩნდა, იმედები გაგვიცრუეს. არა, მაინც რისი იმედი აქვთ. ხალხს მაგენი არ უნდა, მაგრამ ხალხს ვინ რას ეკითხება, კონსტიტუციასაც კი თავისთავზე ირგებენ, სხვა რა უნდა იფიქრო, პრემიებს და დანამატებს ხომ იღებენ და იღებენ, ხალხი კი ფეხებზე კიდიათ ან ვის დაკარგვიხარ, საერთოდ ვინა ხარ, რაში ადარდებთ, თვითონ ხომ მოიწყვეს ჩვენი ხმებით ცხოვრება.
ზინა ტაბატაძე, ჩოხატაური: სულ არ მაინტერესებს ეს არჩევნები, ყოველთვის დავდიოდი და ხმას ვაჭმევდი, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ახლა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არჩევნები აინტერესებს, ხალხის მდგომარეობა კი არ აწუხებს, ამიტომაც არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას. ბოიკოტს ვაცხადებ.
რუსუდან მანაგაძე
რეპორტაჟი ქუჩიდან
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 949