ვაჟა მიქელაძე, ლანჩხუთი: ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ნაწილობრივ დაცულია, მოგეხსენებათ სიმართლე და კრიტიკული შენიშვნები არავის სიამოვნებს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, მაგრამ მაინც ვახერხებთ აზრის დაფიქსირებას, რაც ჭირდა წინა ხელისუფლების მმართველობისას. ანა ხინთიბიძე, ლანჩხუთი: არის, მაგრამ საკითხავია როგორ ასრულებენ ამ სიტყვას და რა შედეგები მოჰყვება მას. კრიტიკული შენიშვნები და სიმართლის დადგენა არავის სიამოვნებს, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არსებობს. შეგიძლია ყველაფერი თქვა და ამის გამო არავინ დაგიჭერს. ავთანდილ ქელბაქიანი: მე მგონი არ არის, რადგან დღევანდელ საქართველოში ცხოვრება ძალიან გართულებულია. ამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის საშუალება ყველას არა აქვს, რადგან ეშინიათ რა შედეგები მოჰყვება ამ სიმართლეს, ამიტომ ყველა ერიდება, რადგან ეშინიათ პრობლემები არ შეექმნათ. ნ.ს: არ არის, რადგან სიმართლე და ჭეშმარიტების დადგენა არავის სიამოვნებს. აქტიურად ვუჭერდი მხარს `ქართულ ოცნებას~ და ყველა დაპირების მჯეროდა, მაგრამ იმედები სასტიკად გამიცრუვდა, შესაბამისად სიმართლის დადგენა და მისი გაცხადება ხელისუფლებას არ სიამოვნებს. არ იქნება მოსმენები და ამის ჩამდენი პირები დაისჯებიანო, მაგრამ ჯერჯერობით ამას ყურადღებას არავინ აქცევს და მოსმენები მაინც გრძელდება. არავინ დასჯილა ამის გამო, ის კი არა, სიმართლის დადგენას ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ახლაც გრძელდება ეს პროცესები. ამდენად მგონია, რომ სიტყვას თავისუფლად ვერ გამოვთქვამ, რადგან შიშის ფაქტორი ძალიან დიდია. ელენე წილოსანი, ლანჩხუთი: არის, რა თქმა უნდა. შეგიძლია ყველაფერი თქვა, რაც გაწუხებს, თუნდაც გამოაქვეყნო სტატიის სახით და ამის გამო არავინ დაგიჭერს. დაუფარავად შეგიძლია ნებისმიერი საკითხის წამოჭრა თავისუფლად და პასუხს არავინ გაგებინებს. დემოკრატიული ქვეყანა ვართ და სიტყვის თავისუფლებაც გვაქვს. ედუარდ ჯიბლაძე, ლანჩხუთი: რა თქმა უნდა, არის სიტყვის თავისუფლება. რა შედარებაა წინა ხელისუფლების დროსთან, რადგან კრიტიკული აზრის გამოთქმისათვის ადამიანებს აპატიმრებდნენ. ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პიროვნებებით. ახლა კი, თავისუფლად შეგიძლია აზრი გამოხატო და ამის გამო არავინ დაგსჯის, თუნდაც არასასიამოვნო სიმართლე იყოს. რუსლან შიორაძე, ლანჩხუთი: არ არის, ყველაფერი შეზღუდულია. ამის გამო ხმას იმაღლებს ტელევიზია `რუსთავი-2~ და დახურვით ემუქრებიან. ნიკოლოზ არობელიძე, ჩოხატაური: აცხადებენ, დემოკრატიული ქვეყანაა და აზრის დაფიქსირება შეგიძლიაო, მაგრამ ასე არ არის. სიმართლის დადგენას მრავალი ადამიანი შეეწირა და კიდევ შეეწირება. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს. არ გახსოვთ როგორ შევარდნენ ტელეკომპანია `იმედში~ და როგორ დაარბიეს. როცა ქვეყანაში მძიმე პრობლემებია და ამის შესახებ ღიად საუბრობს `რუსთავი 2~, მის დახურვას ცდილობს ხელისუფლება. ამას ხალხი არავის აპატიებს და იცით, ალბათ, რა შედეგი აქვს ხალხის ძალას. რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0