1999 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა გაზეთ `ჰო და არას~ მეორე ნომერი, რომელშიც გამოქვეყნდა წერილი სათაურით: `ფიქრის გორა~. მასში ვკითხულობთ:
`დიდი ხნის წინათ (იქნებ თქვენც დამეხმაროთ მკითხველო დამადგენინოთ ეს იყო როდის?) თურმე ლანჩხუთის ცენტრში იყო პატარა შემაღლებული ადგილი, რომელსაც `ფიქრის გორას~ ეძახდნენ. ეს სახელი მას ალბათ იმის გამო შეარქვეს, რომ აქ იკრიბებოდნენ გულშემატკივარნი და მსჯელობდნენ საჭირბოროტო საკითხებზე ქვეყანას, ოჯახს, კაცს რომ აწუხებდა.
და იყო ერთად ყოფნა, ერთმანეთის თანადგომა. მერე დიდი დრო გავიდა. აღარ არის `ფიქრის გორა~... ადამიანებიც თითქოს დავშორდით ერთმანეთს, გავვუცხოვდით...
რედაქციამ გადაწყვიტა ყველა თქვენგანის დასაკავშირებლად შექმნას თავისი `ფიქრის გორა~. მობრძანდით ჩვენთან, თქვენ ხომ ძალიან ბევრნი ხართ, ადამიანები რაიონის ბედზე მოფიქრალნი. გორად ქცეულ ჩვენს ფიქრებს გათითოკაცებულნი ძნელად ვატარებთ. მობრძანდით, ზარი უკვე დარეკილია, ერთად ვიღვაწოთ!~
დიახ, ეს იყო თექვსმეტი წლის წინ. რა დრო გასულა?! პრობლემები კი მოგვმრავლებია. თუმცა არც არის გასაკვირი, ეს ხომ ქართველთა ხვედრია _ ტკივილში, გაჭირვებაში, გაურკვევლობაში, წარმატება-წარუმატებლობის ჭიდილში ცხოვრება.
...ჭიდილი ცხოვრებაა, ჭიდილი წინსვლის გარანტიაა, მაგრამ ხელოვნურად შექმნილ ჭიდილს ვერ ვეთაყვანები, ვერ დავემორჩილები. თქვენც ასეთები ბრძანდებით, ჩვენო მკითხველო, ეჭვიც არ მეპარება, ამიტომ გეპატიჟებით და დიდი სიამოვნებით გელით ჩვენს `ფიქრის გორაში~. თქვენ ბევრი გაქვთ სათქმელი და გვჯერა, თქვენ იტყვით თქვენს სათქმელს, რადგან თქვენი ხმა (თქვენი აზრი) სჭირდება ჩვენს მომავალს. არ დაიჯეროთ, რომ თქვენს სათქმელსა და თქვენს გასაკეთებელს სხვა იტყვის და გააკეთებს. არამც და არამც. თქვენს ადგილს ვერავინ დაიჭერს ამ მზისქვეშეთში. თქვენ იმიტომ მოგავლინათ ღმერთმა, რომ თქვენი გარკვეული მისია გაქვთ, დიდი თუ მცირე.
`ფიქრის გორა~ ანუ `ჰო და არას~ პრესკლუბი გელით ყოველ დღე. განსაკუთრებული შეხვედრის დღეების შესახებ კი წინასწარ გაცნობებთ. თქვენი იმედი გვაქვს, შემოუერთეთ ჩვენს ხმას თქვენი ხმა.
ნონა გიგინეიშვილი
გიხმობთ პრეს-კლუბი `ფიქრის გორა~!
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 764