ყველას მოგეხსენებათ ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრიას ღვაწლი დედა ეკლესიის წინაშე, მან ააშენა და განაახლა ბევრი ეკლესია-მონასტერი მთელი საქართველოს მასშტაბით. ის ერთდროულად იყო: უდაბნოს, ჯიხეთის და ზესტაფონში ტაბაკინის მონასატრის წინამძღვარი, დიდი ღვაწლი აქვს ზესტაფონში VI საუკუნის ტაბაკინის მონასტრის განახლებაში. მის მონაღვაწართაგან გამორჩეულია მისი სოფლის, წაბლარასხევის, წმინდა სამების სახელობის საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მთლიანად მისი თაოსნობით აშენდა.
მამა ანდრიას 28 სექტემბერს ,,ლანჩხუთობის~ სახალხო დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიანიჭა საპატიო ლანჩხუთელის წოდება. სასიხარულოა, რადგან ეს არის ერთგვარი დაფასება იმ ღირსეული ნამოღვაწარისა, რომელიც მამა ანდრიამ ლანჩხუთში 40 წლის განმავლობასი მოიღვაწა და ღვთის შეწევნითY მომავალშიც გააგრძელებს მოღვაწეობას.
დღევანდელ წერილში მინდა გესაუბროთ სოფელ ჭყონაგორას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, რომლის მშენებლობა 2006 წელს მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით დაიწყო, მშენებლობას მამა ანდრია ხელმძღვანელობდა, ის არის იდეის ავტორიც და ამ კეთილი საქმის სულისჩამდგმელიც. ტაძრის შენება, რომ დაეწყოთ, უსწორმასწორო რელიეფის გამო მოუხდათ ორი მეტრი მიწის მოჭრა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ფსიქიატრი გრიგოლ (გია) ორმოცაძე. აღსანიშნავია ჭყონაგორელი ახალგაზრდების ჩართულობა ამ ღვთიურ საქმეში. ადრე თურმე ამ ტაძრის ადგილთან ახლოს ყოფილა წმინდა გიორგის ხის პატარა ეკლესია, აქედან გამომდინარეც გაჩნდა ტაძრის აშენების იდეა და ეს ტაძარიც, რა თქმა უნდა, წმინდა გიორგის სახელობის უნდა ყოფილიყო. მშენებლობამ 11 წელი გასტანა და ზუსტად 11 წლის თავზე იკურთხა ტაძარი და აღევლინა პირველი წირვა-ლოცვა, ეს ადგილი ყველაზე საოცარი და გამორჩეულია მთელს ჭყონაგორაში. სოფლის ყველა კუთხიდან ჩანს და იქედან საოცრად მოსჩანს კოლხეთის დაბლობი. ნაკლებად ლანჩხუთში ასეთი უნიკალური პანორამა, როგორც ჭყონაგორის წმინდა გიორგის ტაძარზეა. ეს ტაძარი არის გვირგვინი ამ სოფლის, მცველი და მეოხი. ამ ტაძრის არქიტექტორი და კონსტრუქტორი იყო ბატონი კობა ძიძიგური. ძალიან ბევრი შესაწირი გაკეთდა ტაძრის ასაშენებლად, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და იმფრასტრუტურის უფორსმა თენგო ხელაძემ ტაძრისთვის გამოყვეს თანხა და შეიძინეს ტაძრის მთელი სახურავი. გამოსარჩევია სერგი მოდებაძის ღვაწლი. ბევრმა ადამიანმა მიიღო ამ კეთილ და უფლისთვის მოსაწონ საქმეში მონაწილეობა, როგორც მამა ანდრია ბრძანებს, გავიდა დრო და გაჩნდა იდეა, რომ ტაძარს მიშენებოდა ეკვტერი(მინაშენი), სტოა (შესასვლელი), გალავანი და სამრეკლო. ამ მშენებლობას თავიდან ბოლომდე უხელძღვანელა ფეხბურთის მწვრთნელმა, ბატონმა კახა გუჯაბიძემ, მას უდიდესი ღვაწლი აქვს ამ ეკლესიის ასაშენებლად გაღებული. აღსანიშნავია გელა ორმოცაძის და მისი ძმის, მამუკა ორმოცაძის, შალიკო ორმოცაძის, გოჩა ჟორჟიკაიშვილის, ტარიელ ორმოცაძის, ბესო ორმოცაძის, ვასო ორმოცაძის და ნიკოლოზ თოხაძის ღვაწლი. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ უფალი ყველას გადაუხდის სამაგიეროს, რადგან, მოგეხსენებათ, უდიდესი მადლია აშენებდე უფლის სახლს, ყველა ადამიანს უფალი ასმაგად დალოცავს და მისცემს მადლს.
დიდად შეეწივნენ ტაძრის მშენებლობას უცხოეთში მცხოვრები ჭყონაგორელი ემიგრანტები. ამ სამუშაოების მთავარი გზამკვლევი და ხელძღვანელი იყო მამა ანდრია, ის ამ დროს უძლურებაში იყო და ქუთაისის სარეაბილიტაციო ცენტრიდან წარმართავდა საქმეს ტელეფონით. მისი ლოცვა -კურთხევითა და ღვთის შემწეობით ტაძრის მშენებლობა დასრულდა და იქცა ჭყონაგორის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილად, რომელიც ყველამ უნდა ნახოს და მოილოცოს. დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის გულისხმიერება, ვინც შეეწია ამ ტაძარს, მამა ანდრიას ღვაწლი კი შეუფასებელია. დღევანდელი სიდუხჭირის პერიოდში ადამიანმა გაიღოს ტაძრის ასაშენებლად მოწყალება, ეს უდიდესი მადლია.
ამ ტაძარში მშრომელი, ნაყოფისშემომწირველი და ამ საქმისთვის მლოცველი, ყველანი დალოცოს უფალმა. მისცეს საშუალება კიდევ ეკეთებინოს ასეთი ღვთისთვის და ხალხისთვის მოსაწონი საქმე, უფალმა გააძლიეროს ყველა, პირველი რიგში უძლურებაში მყოფი არქიმანდრიტი ანდრია.
ლუკა გოგეშვილი,
ლანჩხუთის რაიონის წმ. იოანე ნათლისმცელის სახელობის მართლმამიდედებლური
სკოლის XI კლასის მოსწავლე
ტელეფონით აშენებული ტაძარი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 485



