ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მამა ანდრიას ღვაწლი დედა ეკლესიის წინაშე და თავის სოფელში აშენებული საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მისი თქმით, არის გვირგვინი მისი ამ ქვეყნად ნამოღვაწარისა

9-06-2025, 15:54


გთავაზობთ  ინტერვიუს ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრიასთან. მოგეხსენებათ, მისი ღვაწლი შეუფასებელია ღვთისა და ერის წინაშე. მამა ანდრია 1982 წლიდან მიუყვება მონასტრული ცხოვრების რთულ და ასკეტურ გზას, რომელიც 7 წლის ასაკში ჩანერგა მასში მაღალმა ღმერთმა, ამ ასაკიდან ის ცხოვრობს ასკეტური ცხოვრებით  და დღემდე მოაღწია ამ სულისკვეთებით. უფალი ასეთ ადამიანებს შობიდანვე უნერგავს ამ უდიდეს მადლს, რომლის ამოხსნა ჩვეულებრივი ადამიანისთის შეუძლებელია. მამა ანდრია გვესაუბრება თავის განვლილ ცხოვრებაზე და ღვაწლზე, რაც ამ წლების მანძილზე ღირსეულად და პირნათლად მოიღვაწა. დღეს, სამწუხაროდ, უძლურებაშია, მაგრამ მაინც დგას ცხოვრების ფერხულში და აგრძელებს კეთილი საქმეების კეთებას. საუბარი გვექნება მის ლანჩხუთში ჩამობრძანებაზე და მის აგებულ, დიდებულ საეკლესიო კომპლექსზე, რომელიც მის მშობლიურ სოფელს, წაბლნარასხევს ამშვენებს, სადაც იგი აღიზარდა და ფეხი აიდგა. მისი თქმით ეს საეკლესიო კომპლექსი არის გვირგვინი მისი ამ ქვეყნად ნამოღვაწარისა, სიმბოლო, ერთიანი და რაც მთავარია, ღვთისმოსავი საქართველოსა.
_ მოგესალმებით მამაო, გვესაუბრეთ, როგორ მოხდა თქვენი ჯიხეთში ჩამობრძანება და როგორი მდგომარეობა იყო მონასტერში? _1985 წელს მღვდლად მაკურთხეს და მალევე ჯიხეთის მონასტერში გამომიშვეს. პატრიარქს უთხრეს, შრომაც უყვარს და ლოცვაცო, ამ იარლიყით გამომიშვეს ჯიხეთში. სატირალი მდგომარეობა იყო მონასტერში: კელიები დანგრეული, ტაძარი დაზიანებული უპატრონობისგან, რომ ჩამოვედი მივხვდი, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო ასეც მოხდა, პირველად ტაძარს სამრეკლო მივაშენე, კანკელი გავაახლე და ავაშენე წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა. 2003 წელს აშენდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის ტაძარი და გაკეთდა წყარო, რომელსაც „იოარდანეს წყალს’’ ვეძახით, სადაც უამრავი სასწაული აღესრულება. ნელ-ნელა ღვთის მადლითა და კეთილი ადამიანების შეწევნით ეს წმინდა ადგილი წალკოტად იქცა. 
                                               _ ჩვენ ვიცით, რომ ლანჩხუთის თითქმის ყველა რაიკომის მდივანს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მონასტრისა და მონაზვნების მიმართ, მათგან აღსანიშნავია რაიკომის მდივან ემზად ბერიძის ღვაწლი მონასტრისადმი, გვიამბეთ მის შესახებ.   _ აქ შეპირებები იციან. რომ შეგპირდება გულში ფიქრობ, ძლივს არ ვნახე კაციო. სინამდვილეში გატყუებს. ასე გაგრძელდა 2-3 თვე, ჯიხეთში რომ მოვედი, შემდეგ რაიონში ჩავედი მთელი რაიონი გამორბოდა მაღაზიებიდან და წარმოებებიდან, როგორც გაკრასკულ თხას ისე მომჩერებოდნენ. რაიკომში მივედი, შესასვლელთან მეორე და მესამე მდივნები შემხვდნენ. შეტევაზე გადავედი ჩხუბით: თქვენ ურჯულოებო, ურწმუნოებო, შეჩვენებულებო, ვინ არის თქვენი მოსატყუებელი?! ლანძღვა-თართხვა 10-15 წუთი გაგრძელდა. რაიკომში შემოვიდა პატარა შავი კაცი და მკითხა: რა გაჩხუბებსო? მე ვუთხარი, წადი შენც ამათნაირი იქნები მეთქი. მან მიპასუხა არ ვარ მათნაირი მე რაიკომის პირველი მდივანი ვარო. წამიყვანა თავისთან კაბინეტში. კიბეზე რომ ავდიოდით მამშვიდებდა, ჩემს კაბინეტში ყოველთვის შემოდი, როგორც ქართველი ქართველთან და ქრისტიანი ქრისტიანთან, არასდროს შემოხვიდე, როგორც მღვდელი რაიკომის მდივანთან. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ემზართან, დავსხედით და მოვუყევი ჩემი გასაჭირი, აღვუწერე ის სატირალი მდგომარეობა, რაც მონასტერში იყო, მან პირობა მომცა რაც კი მონასტრის აღორძინებისთვის დაგჭირდება, ყველაფერს გავაკეთებო, არავის არ შეგეშინდესო (მოგეხსენებათ მაშინ ძალიან ავიწროვებდნენ მღვდელსა და ეკლესიას) აქ უფროსი მე ვარო, მაგრამ ერთი პირობითო ყოველ კვირაში ერთხელო სახარებაზე, ბიბლიასა და წმინდა წერილზე მესაუბრეო. ძალიან მორწმუნე და დიდსულოვანი ადამიანი იყო, ყოველთვის ამას ამბობდა: „ლანჩხუთის რაიონში ჩვენ მეტი საქმე არაფერი გვაქვსო, ჯიხეთის მონასტერი სავანეთა და წალკოტად უნდა ვაქციოთო’’, ნელ-ნელა ემზარის დახმარებითა და ღვთს შეწევნით აღორძინდა მონასტერი. მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი წვლილი აქვს ლანჩხუთში მაშინ არსებულ თითქმის ყველა წარმოებას.
_ 2018 წელს თქვენს სოფელ წაბლნარას ხევში იკურთხა საეკლესიო კომპლექსი, რომლის მთავარი აღმშენებელი თქვენ ბრძანდებით, გვესაუბრეთ ამ საშვილიშვილო პროექტის შესახებ? 
_ ღვთის მადლით დიდებული საეკლესიო კომპლექსი აშენდა. მე ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს ეს ამბავი, რომ ჩემს მშობლიურ სოფელს ამშვენებს ეს უნიკალური საეკლესიო კომპლექსი. ეს მდებარეობს ბაღდათის რაიონის სოფელ წაბლნარას ხევში ვანისა და ბაღდადის ეპარქიაში. ეს ძალიან ისტორიული სოფელია, მთლად მოსახლეობა 25 კომლისგან შედგება. ადრე სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც 37 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. ამ სოფელში არის გადაღებული ქართული-მხატვრული ფილმი „დაკარგული სამოთხე.’’ ამ ფილმში მონაწილეობდა ჩემი დიდი ბაბუა, ექვთიმე კბილაშვილი, ტაძარი იმ მიდამოებშია, სადაც ფილმის ძირითადი სცენები ვითარდებოდა. კომპლექსის პირველი სართული არის, აშოტ კურაპალატის სახელობის, მეორე სართული, სამების წმინდა სამების სახელობის და ბაზილიკა ამაღლების სახელობის. ამ ტაძრის მშენებლობა დააფინანსა ჩემმა ბიძაშვილმა, პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მხატვრობა ჩემს მეორე ბიძაშვილს, ბერიკა კბილაშვილს ეკუთვნის. ბერიკას მოხატულია საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ეკლესია ღვაწლმოსილი ადამიანია (ის სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სასწაული ის არის, რომ ის ტაძრის მოხატვის დროს ხარაჩოდან გადმოვარდა და თავი შესწირა საყვარელ საქმეს, ღმერთმა აცხონოს და დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაც წმინდანი და მართალნი განისვენებენ), მთავარი ქტიტორი იყო მამული ჟორჟიკაიშვილი, დიდი ტაძრის აღმშენებლები არიან იოსობ ცეცხლაძე, არქიტექტორი ზაზა კიკვაძე, ოზურგეთელი. დანარჩენი ყველაფერი ჩემი არქიტექტურაა: ბაზილიკა, სამრეკლო და სხვა შენობა-ნაგებობი. 2016 წელს დავიწყეთ და 2018 წელს დავასრულეთ. ორ წელში დავდგით ეს უზარმაზარი კომპლექსი, ასე მალე დასრულების მიზეზი არის ის, რომ მე მიყვარს შრომა და ჩემთან ერთად ყველანი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ძალიან მეხმარებოდნენ და გვერდში მედგნენ ლანჩხუთელი ახალგაზრდები, აღსანიშნავი იყო გურულებისა და იმერლების გაერთიანება და შეხმატკბილება ამ საშვილიშვილო, ამავე დროს ძალიან სამადლო საქმეში, უფალმა დალოცოს ყველა და უფალი შეეწიოს მათ ოჯახებს. 
_ გუშინ სულთმოფენობა იყო, უდიდესი საუფლო დღესასწაული. გვესაუბრეთ ამ დღესასწაულზე და დალოცეთ ქართველი ერი.
_ ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმინდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია. სულთმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. აღდგომიდან 50-ე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში ამოვარდა მოულოდნელი უცნაური ქარი, გადმოვიდა ზეციდან ღვთაებრივი და ყველა მოწაფე სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. გასაკვირი ის იყო, რომ, რომელ ქვეყანაშიც უნდა წასულიყვნენ იმ ენაზე ამეტყველდნენ. სულიწმინდის მადლი ღვთისმშობელზე და კიდევ 120 მოციქულზე გადმოვიდა. მოციქულებიდან მთელს დედამიწას მოედო სულიწმინდის მადლი და აღივსნენ ღვთიური ძალით. ამ დღის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს. ღვთის მადლი და კურთხევა იყოს თქვენზედა აწ და უკუნისამდე. ბოლოს სახარების სიტყვებით ვასრულებ: „სულიწმინდა მოვიდეს თქვენზედა და ძალი მადლისაგფარავდეთ თქვენ’’. სულიწმინდა ეს არის ძალი ღვთის, რომელიც აღგვავსებს სიხარულით და გვანიჭებს სიცოცხლეს. 
_ უღრმესი მადლობა მამა ანდრია თქვენი ამ ტკბილი და ნაყოფიერი საუბრისთვის. თქვენ ბრძანდებით თქვენი ეპოქის ის განსაკუთრებული სასულიერო პირი, რომელმაც დიდი ქარტეხილებისა და რეპრესიების მიუხედავად მაინც გააგრძელეთ ღვთისმსახურება და არ შეწყვიტეთ დიდება უფლისა. თქვენ ბრძანდებით ცოცხალი მაგალითი იმისა თუ, როგორ უნდა იცხოვროს და განვლოს ადამიანმა თავისი ცხოვრება და როგორ მივიდეს ამ წუთისოფლის უმთავრეს მიზნამდე განღმრთობამდე. უფალმა თქვენი აგებული წმინდა სალოცავების მადლით ჯანმრთელად და მხნედ გამყოფოთ, რომ შეძლოთ დიდება ღმრთისა და ჭეშმარიტად იქადაგოთ ღმრთის სიტყვა ქვეყანაზე. 
                                                                                              ლუკა გოგეშვილი, 
ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის X კლასის მოსწავლე.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 461
FACEBOOK კომენტარები