მამა ანდრია (ერისკაცობაში გულადი კბილაშვილი) ჯიხეთის დედათა მონასტერში 1986 წლიდან მოღვაწეობს. მან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გააცოცხლა სამონასტრო ცხოვრება. კეთილმოაწყო მონასტერი. თავდაპირველად მორჩილი იყო, ზრუნავდა მიტოვებული ტაძრების აღდგენაზე. პირველი ახალმშენებლობები მისი თაოსნობით დაიწყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის პერიოდში გამორჩეულად იღწვოდა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად, მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად, ქრისტიანული ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. გვერდში ამოიყენა ენერგიული ახალგაზრდები. ბევრი მათგანი სასულიერო პირი გახდა. ისინი დღეს მასთან ერთად ემსახურებიან საეკლესიო ცხოვრებას. მისი ღვაწლის გამო ჯერ ბერად აღიკვეცა და მალე იღუმენი გახდა. ერთდროულად იყო ჯიხეთის, ჯუმათის, უდაბნოს და ტაბაკინის მონასტრების წინამძღვარი, რომელთა აღდგენასა და განახლებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. Aმას მოჰყვა ახალი ტაძრების მშენებლობა მთელ საქართველოში და მათ შორის გურიაში. კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, გურიაში სტუმრობისას აღნიშნა: ,,გახარებული ვარ გურიაში ახალი ტაძრების მასშტაბური მშენებლობებით. გურია ყველაზე მეტად დაზარალდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გურიაში ხდება აღმშენებლობა.” ამ საქმის სათავეში კი შემოქმედ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან ერთად მამა ანდრია იყო. ჯიხეთის ტაძრის დღესასწაულზე მეუფე იოსებმა მამა ანდრიაზე თქვა: ,,თქვენ ალბათ გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წმინდანები გასულ საუკუნეებში. ისე _ როგორ მამა ანდრია იღწვის, შრომობს, მაგალითს გვაძლევს, როგორც ცოცხალი წმინდანი.”
მამა ანდრია 70 წლის გახდა და უკვე 36 წელია გურიაში მოღვაწეობს, როგორ არქიმანდრიტი, გურიის მთავარხუცესი, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, ცხოვრების ნახევარზე მეტი ლანჩხუთში გაატარა. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო ხალხს, ქვეყანას, ეკლესიას.
ჯიხეთის მონასტრის სტიქაროსანმა სევერიან (სოსო) კვაჭაძემ ასეთი სიტყვები მიუძღვნა მამა ანდრიას:
,,ლოცვებს აღავლენს ადრიან,
ჩვენგან ცოდვების გამცლელი;
არქიმანდრიტო ანდრია,
გურიის გრიგოლ ხანძთელი!”
ძნელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს!
ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი მოძღვარი. ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას ვუსურვებთ მას!
არქიმანდრიტი ანდრია 70 წლისაა
გაზეთ ,,ჰო და არას” რედაქცია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 082