ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოჯახი, რომელიც თავის ტკივილს არავის ახვევს თავს, გულში იმარხავს და სტუმარს ღიმილით ხვდება

7-06-2025, 14:43

  სოფელი ორაგვე ყველაზე პატარა სოფელია ლანჩხუთის მუნიციპლიტეტში. მუნიციპლიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 6700 მ. სოფელში ჩამოედინება მდინარე ორაგვისღელე. მომხიბვლელია ორაგვის ბუნება, ჩანჩქერები, გამოქვაბული. სოფელს ამშვენებს წმინდა თეკლას დედათა მონასტერი. სასულიერო ცხოვრება ორაგვეში ათეულობით წლის წინ არსებობდა. ორაგვეში ხშირად ამოდიოდნენ და ისვენებდნენ თავადი გურიელები. მრავალი ცნობილი მწერლის შთაგონების წყარო ორაგვე იყო, მათ შორის ეგნატე ნინოშვილის. სოფელში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ისინი არ ტოვებენ მამა-პაპურ კერას და სოფელს სიცოცხლეს უნარჩუნებენ, მიუხედავად მათი ასაკისა. ერთ-ერთი მათგანია ტრაგიკული ბედის პიროვნება, იური ურუშაძე, სწორედ მისი ოჯახის ტრაგედიამ მისცა ბიძგი სოფელ ორაგვეში წმინდა, თეკლას დედათა მონასტრის აგებას.

ბატონ იურის ტრაგიკულად დაეღუპა შვილი, ახალგაზრდა ჟურნალისტი,  თეა , რომელიც ასევე იყო პოეტი, მოასწრო მხოლოდ ერთი წიგნის გამოქვეყნება, მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო ოჯახისა და სოფლისთვის. თითქოს ყველაფერი წაიშალა, მზის სხივიც არ ანათებდა ოჯახსა და სოფელში. ოჯახი ეძებდა შვებას. ამ ქვეყნად კეთილ ადამიანებს რა გამოლევს, გამოჩნდა ღვთისნიერი პიროვნება, ბიზნესმენი გია კარტოზია, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო, გაესაუბრა თავიდან სოფლის მოსახლეობას, გააცნო მოსაზრება, სოფელ ორაგვეში აგებულიყო მონასტერი თეა ურუშაძის სახელზე, რომელსაც სოფლის მოსახლეობა მისი დახმარებით ააგებდა; რა თქმა უნდა, ყველას მოეწონა შემოთავაზებული წინადადება, რომელიც შემდგომ ოჯახს გააცნეს;
 

ოდნავმა სინათლემ და ნუგეშმა შეათბო გულდაკოდილი მამის გული, ტაძრის აგებაში მთელი სოფელი ჩაერთო, რომელსაც შეუერთდნენ ახალგაზრდები ქალაქიდან. თავდაუზოგავი შრომის შედეგად ტაძარი აშენდა, წმ. თეკლას დედათა მონასტერი, სადაც ყოველი წლის 7 ოქტომბერს, ,,თეკლაობის“ დღესასწაული იმართება.  სწორედ ეს დღე გახდა იური ურუშაძის ოჯახისთვის სიცოცხლის გაგრძელების სტიმულის მომცემი, მაგრამ ცხოვრება, რას გვიმზადებს არავინ იცის, სავსეა მოულოდნელობით, ტკივილებით და კიდევ ერთი დიდი ტკივილი მიაყენა ცხოვრებამ ბატონ იურის, გარდაეცვალა კიდევ ერთი შვილი, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი, გელა ურუშაძე. კვლავ გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დაუდგენ ოჯახს, არ მისცეს სასოწარკვეთის უფლება. სიცოცხლე შავ-თეთრ ფერებში გაგრძელდა და გრძელდება დღემდე.  ეს არის ოჯახი, რომელიც ყოველთვის მოელის სტუმარს; ოჯახი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სოფლის ცხოვრებაში; ოჯახი, რომელიც თავის ტკივილს არავის ახვევს თავს, გულში იმარხავს და სტუმარს ღიმილით ხვდება. ეს არის მაგალითი ქართული სულის, სწორედ ასეთ უბრალო ადამიანებზე დგას დღეს ქვეყანა, ,,უბრალო ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან”, მათ სათანადო პატივს მიაგებენ.   გამძლეობა ბატონ იურის და მის მეუღლეს!                                                                                                                          გოჩა ცინცაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 317
FACEBOOK კომენტარები