არის სოფლები, სადაც დუმილი ყველაზე მეტს ყვება. დუმილი ფანჯრებიდან გადმოდის, ეზოებში დგას, ქარიც კი თითქოს უხმოდ დაჰქრის.
ერთ ასეთ სოფელში, მაჩხვარეთში, წლების წინ ცხოვრობდა მოხუცი ქალი, რომელსაც თვალებში ათწლეულების სევდა შემორჩენოდა. მისი ხმა თითქოს ჯერ ისევ ჩურჩულივით ისმის - „დათიკო, ილიკო...“ თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი საოჯახო მოგონებაა, როგორც ათას სხვას მოუსმენია საქართველოს სოფლებში – ომის თემით, თვალცრემლიანი დედით, გაუჩინარებული შვილებით, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ისტორია არის არა მხოლოდ წარსულის, არამედ ჩვენი ეროვნული ხსოვნის, სულიერი რუკის ნაწილი. ისტორია, რომელიც ერთი ოჯახის ტკივილით დაიწყო და ქვეყნის ხსოვნად უნდა იქცეს. ეს ამბავი უნდა დაიწეროს არა მხოლოდ ამ ოჯახის გამო, არამედ ყველა იმ ქართული ოჯახის გამო, ვისაც შვილი დაუკარგავს ომში. ამ ამბავს ვერ ვუწოდებთ უბრალოდ სტატიას – ეს სიტყვებში შეკრული ხსოვნაა... და იქნებ, როცა წაიკითხავთ, თქვენც გაიგონოთ მაჩხვარეთში ქარის ჩურჩული: – ,,დათიკო და ილიკო”...მაჩხვარეთში ელისე და შუშანიკ წილოსნების ოჯახში ორი ძმა, დათიკო და ილიკო იზრდებოდნენ.
დათიკოს სულს უფორიაქებდა ხელოვნების ცეცხლი. გატაცებული იყო თეატრით. ახალგაზრდული დღეების ნაწილი ლანჩხუთის თეატრის სცენაზე გაატარა. თითქოს კი არ თამაშობდა სცენაზე, არამედ ცხოვრობდა. მისი ხმაც, სხეულის მოძრაობაც და თვალებში გაჩენილი ნაპერწკალიც იმაზე მეტყველებდა, რომ ამ ბიჭს ჰქონდა დიდი მისწრაფება, ყველასთვის ეჩვენებინა ნამდვილი ქართული სული.მაგრამ 1939 წელი მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის გაყინული მდინარეებით არ იყო მნიშვნელოვანი. ის წელი ფინეთის ომით შემოვიდა საქართველოს ოჯახებში – და მათ შორის, მაჩხვარეთში. სწორედ მაშინ გაიწვიეს დათიკო წილოსანი ფინეთის ომში. ჯერ ფინეთის ომი, შემდეგ კი პირდაპირ დიდი სამამულო ომი.
დათიკო ხშირად აგზავნიდა წერილებს სახლში იმედით, სევდით, მოლოდინით სავსეს. ერთ-ერთ წერილში მშობლებს ასე სწერდა: „თუ იღბალი დამირჩა და ბედი, იქნებ ქე დავრჩე 2 წელს მერე სახლში, თქვენთან, მოკეთეებთან, თვარადა სამშობლოსთვის სადაც უნდა ვიყო, იქ ან გამარჯვება ან სიკვდილი“.
დათიკო ქერჩში ბრძოლის ველზე დაეცა. დარჩა მხოლოდ წერილები, რომელსაც მაინც მომლოდინე დედა სათუთად ინახავდა და კითხულობდა დაუსრულებლად... 1942 წელს ილიკო წილოსანიც გაიწვიეს. როგორც ცნობილია, ის მალევე, გემის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ეს ამბავი ლამარა წილოსანმა მოგვითხრო – შუშანიკის დისშვილმა, ვინც შუშანიკმა შვილად აიყვანა. ქალბატონი ლამარა ამ ამბავს დღესაც აცოცხლებს. მის თვალებში თითქოს შუშანიკის ტკივილი ჩასახლებულა. იგი გვიყვება, რომ შუშანიკს არ უღიარებია შვილების გარდაცვალება. დედა ყოველ წელს მათთვის ახალ ტანსაცმელს ყიდულობდა. მომავალი რძლებისთვის კი ხანდახან – ბაირაღისფერს, ხანდახან – კარამელისფერ კაბებს. შუშანიკი ირწმუნებოდა, რომ შვილები დაბრუნდებოდნენ. ფანჯარასთან იჯდა საღამოობით და ხანდახან ჭიშკარს აღებდა, თითქოს ვინმეს ელოდა. ელისე კი ჩუმად იჯდა, თავადაც მომლოდინე...
ამასობაში სოფელში ცხოვრება გაგრძელდა – ქორწილები, ნათლობები, გარდაცვალებებიც, მაგრამ წილოსნების სახლში კედლები არასდროს გაფერადებულა, არ იყო ლხინი, არ იყო ზეიმი. იმ სახლში ორი სიჩუმე ცხოვრობდა, რომელსაც სახელად ერქვა: დათიკო და ილიკო.
და დღეს, როცა მათ ფოტოებს ვუყურებთ, იქედან გვიყურებენ ძმები, რომელთა ცხოვრების ისტორია თითქოს დღემდე არ დასრულებულა.
ეს ამბავი მხოლოდ ომზე არაა. ესაა ამბავი მარადიულ მოლოდინზეა, რომელსაც ომი წარმოშობს.
ეს არ არის მხოლოდ ომის ისტორია – ეს არის დედის გულის რწმენა, რომ შვილი ცოცხლები არიან, თუნდაც მთელი ქვეყანა ეუბნებოდეს საპირისპიროს.
... და როცა დედა შუშანიკი მარადისობაში გადავიდა ალბათ ფიქრებში კიდევ ერთხელ დაუძახა შვილებს: „დათიკო… ილიკო...“… მაგრამ ხმა აღარ იყო, მხოლოდ ქარი ქროდა მაჩხვარეთის ტყეებიდან და ქარს ორი სახელი მოჰქონდა.
ეს ისტორია მოგვაწოდა ქალბატონმა ლამარა წილოსანმა, რომელიც დღესაც დედობილის, შუშანიკის, თვალებით უყურებს ცხოვრებას.
ჩვენს საუბარს თან ახლდა სიჩუმე – ისეთი, როგორიც მხოლოდ ლამაზი და ტრაგიკული მოგონების შემდეგ რჩება. ქალბატონი ლამარას თვალებში კი ჯერ კიდევ ჩანდა ბავშვობის ეზო, მოლოდინით სავსე ჭიშკარი და დედის ხელით დაკეცილი ტანსაცმელი.
მადლობა ქალბატონ ლამარას, რომ მოგვიყვა ეს ისტორია, რომელიც აღარ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთ სახლში, ერთი სოფლის ტკივილად.
ნონა გიგინეიშვილი
სიჩუმე, რომელიც მაჩხვარეთში ცხოვრობს ანუ ამბავი მარადიულ მოლოდინზე, ომი რომ წარმოშობს
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 130