ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჩემთვის 60 ლარი 60 000-ის ტოლფასია და იმის მოხსნა, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებს...~

`ჩემთვის 60 ლარი 60 000-ის ტოლფასია და იმის მოხსნა, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებს...~
7-04-2017, 00:00

ქალბატონი ლამარა 5 წელზე მეტია სოფელ მაჩხვარეთში ერთ თითქმის დანგრევის პირას მყოფ სახლშია შეხიზნული. 3 წლის წინ სოციალური დახმარება დაენიშნა, რომელიც თებერვლის თვეში შეუჩერეს და როგორც ახლა ეუბნებიან, მოუხსნეს.`ჩემი შემოსავალი, ბებია, მარტო პენსია და სოციალური იყო. 80 წლის მარტოხელა ქალი ვარ. ეზოში ერთი ბალის ხეი მაქვს და ისიც ყოველთვის ხომ არ მოგცემს მოსავალს. ძროხა მე არ მყავს და სხვა საქონელი. ეზოს ბოლოში პატარა ბოსტანი მაქვს, რომელსაც ზაფხულობით ვამუშავებ. როცა სოციალური დამენიშნა ყველა ამბობდა, აქ მცხოვრები მეზობლები, ლამარას ეკუთვნის სოციალური თუ ეკუთვნისო. იანვარში ევიღე, შემდეგ მოვიდა სოც.აგენტი და მითხრა, რომ გადამოწმება უნდა მომხდარიყო, რაიმე ხომ არ მომემატა. ასე დამიბარა, 10 მარტიზა მიდი სოციალურ სამსახურში და გეტყვიან, გაგიგრძელდათ თუ არა შემწეობის მიღებაო. მივედი და მითხრეს, რომ მოხსნილი მქონდა~ _ გვითხრა მარტოხელა ქალბატონმა და ეზოში შეგვიძღვა.სახლის აივანი ჩამონგრეულია, გვერდით 200 ლიტრიანი ავზი დგას, რომელიც წყლით არის სავსე. `აი, ნენა, ოჭვათოში აღებული წყალია. ეზოში ჭა მე არ მაქვს და წყალს მეზობლიდან ვეზიდები. ამ ხნის ქალი სარეცხის წყალსაც ხომ ვერ მოვზიდავ და წვიმაში ასე ვაგროვებ. ეზოს ღობე თითქმის დანგრეულია. ამის გაკეთების საშუალება მე არ მაქვს და იყოს ასე. ერთი ქათმის მამალი მყავს და იი დეიარება ეზოში და აგი თუა დანაშაული არ ვიცი~, _ გვიყვება ქალბატონი და ოთახში შევყავართ, სადაც ერთი ლოგინი დგას, ღუმელი, ახლობლის მიერ ნაჩუქარი ტელევიზორი და მაცივარი. ოთახის ფანჯარა ისეთ მდგომარეობაშია, რომ სუსხიან ამინდში იქ სითბოს შენარჩუნება საკმაოდ ძნელი იქნება. `შეგუებული ვარ და ვუძლებ. შეშას ეკონომიურად ვხმარობ და ასე გამაქვს თავი. 80 წლის ქალი ვარ, სიარული მიჭირს, თვალიც მტკივა. თბილისში წამიყვანეს ნათესავებმა და იქ დამიდგინეს, რომ თვალზე საოპერაციო ვარ, მაგრამ სადაა საშუალება. 18 ლარიანი წვეთები გამომიწერეს, ერთი არ მყოფნის თვეში. თუ არ ჩავიწვეთე ტკივილები მაწუხებს (ქალბატონი ლამარა წამლების მთელ შეკვრას გვაჩვენებს, რომელსაც ყოველთვიურად მოიხმარს და როგორც გვიხსნის, ყველას შეძენას თვიდან-თვემდე ვერც ახერხებს, რადგან სიძვირის გამო ფული არ ჰყოფნის). იმ 60 ლარს ვანაწილებდი და ასე გამქონდა თავი. შუქის ფულს თვეში 10 ლარამდე ვიხდი. მარტო ვარ და ერთი `ლამპოჩკა~ რას დამიწერს. გაზი მე არ მაქვს შემოყვანილი, სადაა ამის საშუალება. საჭმელს თუ კაი ამინდია გარეთ ვაკეთებ, თვარა ამ პატარა ოთახში. წინ კიდევ ერთი ოთახია, ვინმე რომ მევიდეს დავაჯინო~, _ გვიხსნის 80 წლის ქალბატონი და ისეთ ოთახში შევყავართ, რომ იფიქრებ, მალე იატაკი ჩაინგრევა და მიწაზე აღმოვჩნდებიო. `არ შეგეშინდეს ნენა, აი, ასე ქანაობს სულ. ყველას ეშინია აქ შემოსვლა, პირველი არ ხარ შენ. რაცა მაქვს, ესაა. უკეთესი ვისაც აქვს, იმას სოციალური დახმარებაც აქვს. მე აფერი გამაჩნია და სოციალურიც არ გინდაო, გადაწყვიტეს~, _ ამბობს ქალბატონი. ორი შვილი ჰყავს, ერთი ავადმყოფობს და მასთან არ ცხოვრობს, ხოლო მეორე – ვაჟი მოსკოვშია წლებია და მის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ცოცხალია. `ასეთ დღეში ვარ, არავინ არ მყავს, მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ვცხოვრობ. დღეს ყველას უჭირს და სანამდე დამეხმარება ეს ხალხი. ჩემთვის 60 ლარი 60000 ლარის ტოლფასია და იმის მოხსნა, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებს. სოფლის ხელმძღვანელობასთან ვიყავი. გოჩა ცინცაძე ძალიან კეთილი და უაღრესად ყურადღებიანი ადამიანია. ის დახმარებას დამპირდა. ისე თბილად მესაუბრა, რომ იმედი მომეცა. ბოლოს თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე, ვიცი თქვენს გაზეთს ბევრი კითხულობს და ეგება ჩემი ამბავიც მიიტანონ გულთან. არჩევნების დროს სულ `ოცნებას~ ვუჭერდი მხარს, ურუშაძე რომ აირჩიეს გამგებლად, ხმაი მივეცი, წილოსანი დეპუტატობას რომ აპირებდა, სხვას რაფერ დავუჭერდი მხარს, ჩემი გვარის ქალი შემოვხაზე. ახლაც `ოცნების~ გულშემატკივარი ვარ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, მოვიდნენ ნახონ რა პირობებშიც ვარ მარტოხელა ქალი და მერე გადაწყვიტონ მეკუთვნის თუ არა სოციალური დახმარება~ _ გვითხრა დამშვიდობებისას მასპინძელმა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები