მარტოხელა ქალბატონი, მანანა აბუსერიძე, სოფელ ქვიანიდან გვიყვება, რომ ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, არის ავადმყოფი, გადატანილი აქვს ინსულტი და პენსიის უდიდეს ნაწილს წამლებში ხარჯავს. მიუხედავად ამისა, უარი ეთქვა სოციალურ დახმარებაზე. მისი თქმით, რამდენჯერმე მიაკითხა სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ სამსახურს და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა აღმოჩნდა, მისი აზრით, დასაშვებზე მაღალ. შემდეგ მოსთხოვეს ფორმა -100, არც ეს დარჩა საკმარისი იმისთვის, რომ სოციალური დახმარება მიეღო.
,,ვარ მარტოხელა მოხუცებული, სამი შვილის დედა, მიტოვებული. არც შვილია ჩემთვის, არც პატრონია ჩემთვის. მივაკითხე სოციალურ სამსახურს დახმარებისთვის, სოციალურმაც უარი მითხრ, მომთხოვა ფორმა 100, რომელიც მივუტანე. ვარ ინსულტგადატანილი და ავადმყოფი, აგია კუბოში არ ვწევარ, ვსუნთქავ და დავდივარ. არაფერი გამაჩნია ერთი ნათურა მინთია მაცივარი არ მაქვს, ტელევიზორი არ მაქვს, გაზი არ მაქვს შეყვანილი, ეზოში მოჭრილი შეშით ვთბები. სოციალურმა მე უარით გამომისტუმრა და ვხედავ ოჯახებს იღებენ სოციალურს, ძროხა ყავთ, მანქანა ყავთ, ჩემთვისაა მარტო კანონი, სულ არაფერი გამაჩნია, მარტო ოთხი კედელი და მეტი არაფერი, ვარ პენსიაზე დამოკიდებული სხვა არაფერი შემოსავალი არ მაქვს, 100 ლარი ყოველ თვეში პენსიიდან წამლებში უნდა დავტოვო. პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. აგია კუბოში არ ვწევარ, ვსუნთქავ და დავდივარ’’ _ ამბობს მანანა აბუსერიძე და კითხვაზე ჰქონდა თუ არა ოდესმე სოციალური დახმარება გვიპასუხა, რომ სამჯერ მიაკითხა სოციალურ სამსახურს, თუმცა ყოველთვის უარით გამოისტუმრეს.
ჩვენ დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელს ეკატერინე ჯაშს. მან გვითხრა, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება სოციალური დახმარების მიმღებთა სარეიტინგო ქულას. რაც შეეხება ფორმა 100-ს, მასში აღწერილი დაავადება არ შეესაბამება იმ ნუსხას, რომელიც აღნიშნული უწყების მიერ დადგენილ სპეციალურ დაავადებათა ნუსხაშია განთავსებული.
იხილეთ ვიდეო აქ მანანა აბუსერიძე დახმარებას ითხოვს
აგია კუბოში არ ვწევარ, ვსუნთქავ და დავდივარ - რატომ უთხრა უარი სოციალურმა სამსახურმა მანანა აბუსერიძეს დახმარებაზე?

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 816