წელს შესრულდა 80 წელი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან. ჩვენი ქვეყნიდან ფრონტზე გაგზავნილ 700 ათასზე მეტი მებრძოლიდან თითქმის ნახევარი მშობლიურ კერას ვეღარ დაუბრუნდა. ასევე ჩვენი რაიონიდან 8236 ადამიანი გაიგზავნა ფრონტზე და არ დაბრუნებულა 3741 კაცი. ამ ომში 137 ქართველ მეომარს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, მათ შორის ლანჩხუთიდან შვიდს - ნიკოლოზ გოგიჩაიშვილს, დავით თავაძეს, ალექსანდრე სულაბერიძეს, ელისე ტუღუშს, ნოე ურუშაძეს, ვლადიმერ ჩხაიძეს და სერგო ჩხაიძეს.მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ძალიან დიდი და საინტერესო მასალა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ლანჩხუთელი მეომრებისა. მათი მოგონებები და სამკუთხა ბარათები, რომლებსაც ფრონტიდან აგზავნიდნენ ჩვენ წარმოგვიდგენენ ომის მძიმე სურათებს, რომლებიც აღძრავენ პატივისცემას და მოკრძალებას სამშობლოს დამცველთა მიმართ და იმის მტკიცე ნებას, რომ აღარასოდეს განმეორდეს ფაშიზმის საშინელება.
ლანჩხუთში იყო ოჯახები, საიდანაც ყველა ბრძოლისუნარიანი მიდიოდა ფრონტზე. მაგალითად, სუფსელმა კასიანე მჟავიამ შვიდი შვილი გაგზავნა ფრონტზე, მათგან მხოლოდ ორი დაბრუნდა. აგარაკის მცხოვრებმა ძმებმა ნიკიფორე, ბათლომე და ერასტი თურნავებმა ასევე შვიდი შვილი გაგზავნეს, მათგან სამი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ახალსოფლელმა ათანასე კვაჭაძემ ხუთი ვაჟი გაგზავნა ფრონტზე, მათგან ერთი დაბრუნდა.
სოფ. ეწრიდან აღათი და ვლადიმერ კვაჭაძეებმა ოთხი შვილი გაგზავნეს, მათ შორის ერთი ქალიშვილი და არც ერთი არ დაბრუნებულა. უმრავლესობამ ლანჩხუთელი მებრძოლებისა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას.
მათ შორის აღსანიშნავია სერგო ხოფერია - სტალინგრადის დამცველი, პანტელეიმონ აფხაზავა -ბრესტის გმირი, ჭოლა კუკულაძე პარტიზანული მოძრაობის გმირი ბელორუსიაში. ექიმები - ალექსანდრე ზღულაძე, ვლადიმერ ბარამიძე, ლავრენტი კუკულაძე, მიხეილ ჟორდანია და სხვა.მეორე მსოფლიო ომში მამაკაცებთან ერთად გმირულად იბრძოდნენ ლანჩხუთელი ქალები. მათგან აღსანიშნავია სონია იმნაძე, ოლია გოგიჩაიშვილი, მანია ჩხაიძე, შუშანა კომახიძე, ფედოსი ებრალიძე, ეკატერინე სამსონია, ნინა მჟავანაძე და სხვები.ეს ომი ისეთი თემაა, რომლის შესახებაც მოსაზრებები განსხვავებულია და მისი გამოძახილი დღემდე გრძელდება.
გასულ წელს დაგვიკავშირდა ლანჩხუთელთათვის ცნობილი, ჩეხეთში მცხოვრები მეცნიერი შოთა ურუშაძე და საინტერესო მასალები გაგვაცნო. კერძოდ, შოთას ბაბუას ძმა შოთა (შალვა) ურუშაძე ომის დაწყებისთანავე 19 წლის გაუწვევიათ ომში.ის ტყვედ ჩავარდნილა და მოხვედრილა ნორვეგიაში, სადაც მძიმე კლიმატს და პირობებს ვერ გაუძლო და დაიღუპა. იგი განისვენებს ნორვეგიაში ძმათა სასაფლაოზე.ამაღელვებელი იყო ის ამბავი, როგორ ჩააკითხა ამდენი წლის შემდეგ შოთამ, თავის
ოჯახთან ერთად ბაბუის ძმას, როგორ მიაგო პატივი მის საფლავს, როგორ უვლიან ნორვეგიელები ძმათა სასაფლაოს. ეს მასალები მალე ჩვენს მუზეუმს გადმოეცემა. ძალიან დასანანია, რომ ეს გმირი ხალხი, რომლებიც ფრონტზე თავს არ ზოგავდნენ და ,, სამშობლოსთვის,
სტალინისთვის’’ შეძახილებით გმირულად იბრძოდნენ, სწორედ დიდი ნაწილი 1951 წლის სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემის განხილვაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უამრავი ლანჩხუთელი ოჯახებით, აბსურდული ბრალდებით, ომის შემდეგ გაუყენეს შუა აზიის გზას და მათგან ბევრი საკუთარ კერას ვეღარ დაუბრუნდა. მინდა გითხრათ, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დიდი და უნიკალური ფონდია დაცული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების. გამარჯვების 80 წელთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პატივი მიაგოს ჩვენი რაიონის გმირებს.
ნონა იმნაძე
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი
ლანჩხუთი დიდ სამამულო ომში
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 158