ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კვირა დილის გარიჟრაჟზე ქრისტეს საფლავის დარაჯებმა იგრძნეს მიწისძვრა, მერმე დაინახეს ფრთიანი ანგელოზი, რომელმაც გადააგორა საფლავზე მიბჯენილი ლოდი და იხილეს მცველებმა სასწაული _ ქრისტეს საფლავიდან მკვდრეთით აღდგომა

22-04-2025, 11:18

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი!,,იხარებდით ცანი და იშუებდით ქვეყანა, რამეთუ მკლავითა თვისითა დასთრგუნა სიკვდილითა სიკვდილი უფალმან და პირმშო იქმნა შესვენებულთა ჯოჯოხეთისა, გვიხსნა ჩვენ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა.”
იესოს ჯვარცმის შემდეგ გაიარა ორმა დღემ და აი მოვიდა ის დიდებული დღე, რომელ დღესაც უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა: მესამესა დღესა მკვდრეთით აღვდგებიო.
  კვირა დილის გარიჟრაჟზე ქრისტეს საფლავის დარაჯებმა იგრძნეს მიწისძვრა, მერმე დაინახეს ფრთიანი ანგელოზი, რომელმაც გადააგორა საფლავზე მიბჯენილი ლოდი და იხილეს მცველებმა სასწაული _ ქრისტეს საფლავიდან მკვდრეთით აღდგომა.
დილით ადრე მოვიდა მარიამ მაგდალინელი უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მაგრამ საფლავში ქრისტეს გვამი აღარ ესვენა. მწარედ ატირდა მარიამი, როდესაც იხილა ცარიელი საფლავი.
მიმოიხედა, მაგრამ მისი მოძღვარი აღარსად სჩანდა, გარეთ რომ გამოვიდა მოესმა ხმა: ,,მარიამ“. მარიამმა კი იცნო თავისი მოძღვრის ხმა და მიუგო: ,,მოძღვარო“. იხილა მოძღვარი მისი მკვდრეთით აღდგომილი, აღსრულდა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება ქრისტესი. 
მარიამ მაგდალინელმა ყველას ახარა ქრისტეს აღდგომა, ყველანი დიდი სიხარულით აღივსნენ, გაემართნენ საფლავისკენ და ნახეს, რომ საფლავი ცარიელი იყო. ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა და ადიდებდნენ ღმერთს.
აღსდგა უფალი ჩვენი იესო ქროსტე და დასდრგუნა სიკვდილითა სიკვდილი, მოგვცა შესაძლებლობა სულის გადარჩენისა.
აღდგომა არის განსაკუთრებული დღესასწაული. ის თორმეტეულში არ მოიაზრება. ის არის დღესასწაულთა დღესასწაული, რამეთუ ამ დღეს ჩვენი ცოდვათა გამოხსნისთვის ევნო უფალი ჩვენი.
 წარმოიდგინეთ, უფალი რა დიდებულია, პარასკევს არის ქრისტეს ჯვარცმის დღე, უმძიმესი დღე კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო კვირა აღდგომაა, ორ დღეში მისი სიკვდილით შეცვალა სამყარო და სიხარულმა დაისადგურა ქვეყანაზე, რამეთუ სიკვდილითა სიკვდილი დაითრგუნა.
40 დღეა მარხულობს მორწმუნე ერი და არის ამ დიდებული დღის მოლოდინში. ,,მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა“. 40 დღეს გვაძლევს უფალი იმისთვის, რომ შევინანოთ შეცოდებანი ჩვენი და აღდგომას დიდი სიხარულითა და მოთმინებით ველით.
,,ესე არს დღე, რომელი ჰქმნა უფალმან. იხარებდეთ და იშუებდეთ ამასა შინა“.
გილოცავთ მოყვასნო ამ დიდებულ დღეს! უფალმან დალოცოს, გააძლიეროს საქართველო და გააერთიანოს ქართველი ხალხი ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ, უფალმა გაგვინათოს გონება სიკეთისაკენ! ქრისტე არს ჩვენს შორის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
                                                                                                ლუკა გოგეშვილი
                                                                                  ლანჩხუთის  წმინდა იოანე

                                                                                   ნათლისმცემლის სახელობის 
                                                                                  მართლმადიდებლური სკოლის
                                                                                  მეათე კლასის მოსწავლე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 221
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა